Friday 25 December 2009

დღეს ბავშვთა სახლში ვიყავი...

ინტერნატების ფორმის შეცვლაზე გაიგებდით, ალბათ... ტელეში სიუჟეტს ვაკეთებთ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაზე და დღეს ერთ ბავშვთა სახლში ვიყავი. მინდოდა გმირი გვყოლოდა და მის ისტორიაზე ამეგო სიუჟეტი, მაგრამ ბავშვების გახსნა ძალიან გამიჭირდა, საერთოდ პირველად მქონდა შეხება ინსტიტუციაში გაზრდილ ბავშვებთან და ძალიან რთული ყოფილა. რომ ვერ ხსნი და ვერ ალაპარაკებ, ეგ ხო ცუდია და რომ ალაპარაკებ, თურმე, მაგაზეც შეიძლება ინერვიულო... :( ერთს ვკითხე თოვლის ბაბუამ რა გინდა მოგიტანოს, ყველაზე მეტად რას ინატრებ-მეთქი და მიპასუხა, ვიცი, მაინც არ შემისრულდებაო, მაინც მითხარი-მეთქი, მრცხვენიაო და ბოლოს, დედიკო და მამიკო მინდა შერიგდნენო, თვალები მოუწყლიანდა, ისეთი საყვარელი იყო, გული დამეწვა :( იქნებ მერე ინანა კიდეც თავისი გულწრფელობა, იქნებ არც ინანა, მარა ვნერვიულობ რამე ტკივილი ხომ არ მივაყენე, მე ხო იმიტომ ვალაპარაკებდი, რომ კარგი სიუჟეტი გამომსვლოდა, დაახლოებით ვიცოდი რა სურვილი ექნებოდა და სწორედ ამიტომ ვკითხე, ამის მოსმენა მინდოდა, თორე მაინც ვერაფერს შევუსრულებდი, ანუ მის ემოციებზე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ეგ არ მომეწონა...

p.s. ხშირად ისე ხდება, რომ ჟურნალისტები კარგი მასალის მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებენ და გულს სტკენენ სხვებს, ძალიან არ მინდა, რომ მათ რიცხვში მეც აღმოვჩნდე. არ ვაპირებდი ბავშვთა საკითხების გაშუქების აღებას, მაგრამ დღეს გადაწყვიტე აუცილებლად გავიარო მომავალ სემესტრში.

Tuesday 22 December 2009

ნიკა გვარამაიამ წარჩინებულ სტუდენტთა ნაწილს პრეზიდენტის ე.წ. 150 ლარიანი სტიპენდიები გაუუქმა

ოლო რამდენი დღეა სტუდენტები ალაპარაკდნენ, რომ სტიპენდიანტების ნაწილს სამინისტრო დააფინანსებს და ნაწილს უნივერსიტეტი. თითქოს, განსხვავებული იქნება თანხის ოდენობაც. 150 ლარის ნაცვლად, სამინისტრო მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტებს გადაუხდის 180 ლარს და შედარებით დაბალი რეიტინგის მქონდე სტუდენტები უნივერსიტეტისგან 120 ლარს მიიღებდნენ, თავისი საშემოსავლო დაქვითვით. რა თქმა უნდა, ერთობ სასიხარულო იყო ინფორმაცია პირადად ჩემთვის :))) (თუ არ გავითვალისწინებ, რომ ჩემი მეგობრები სიის ბოლოშიც არიან და მათზე გული დამწყდა). დღეს თსუ-ს ფორუმზე დავწერე ეს ამბავი და აი, რა გავიგე:

ნიკა გვარამაიამ წარჩინებულ სტუდენტთა ნაწილს პრეზიდენტის ე.წ. 150 ლარიანი სტიპენდიები გაუუქმა

16:22 - 22.12.2009

განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ნიკა გვარამაიამ "განათლების მისაღებად" უცხოეთში წასვლამდე წარჩინებულ სტუდენტთა ნაწილს პრეზიდენტის ე.წ. 150 ლარიანი სტიპენდიები გაუუქმა. საქმე იმაშია, რომ თუ ადრე სახელმწიფო პროგრამის "პრეზიდენტის სტიპენდიები ბაკალავრიატის ყველა წარჩინებულ სტუდენტს" ფარგლებში უნივერსიტეტებს თანხები სტუდენტთა საერთო რაოდენობის პროპორციულად ეძლეოდათ, გვარამიას 26 ნოემბრის #1048 ბრძანების თანახმად, ეს კრიტერიუმი შეიცვალა და სტიპენდიებს სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა მხოლოდ 2% მიიღებს. ყოფილი მინისტრის აღნიშნული ბრძანება არც იყო "გაციებული", რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში შემოდგომის სემესტრის სტიპენდიების გაცემა დაიწყეს და სტიპენდიანტთა კონტინგენტი თითქმის სამჯერ შემცირდა. კერძოდ, თუ ადრე პრეზიდენტის სტიპენდიებს სოხუმის სახელმწიფო უნივესიტეტის 117 სტუდენტი იღებდა, გვარამიას ბრძანების "წყალობით" ეს რაოდენობა 31-მდე შემცირდა. რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სტიპენდიანტთა რაოდენობა განახევრდა და 750-დან 370-მდე შემცირდა. "განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილი მინისტრის ბრძანების თანახმად, სტიპენდიანტთა რიცხვი თსუ-შიც შემცირდა, თუმცა უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ხუბუას გადაწყვეტილებით, წარჩინებულ სტუდენტთა დარჩენილ ნაწილს სტიპენდიებს თავად უნივერსიტეტი დაუნიშნავს", - განუცხადა "პირWელს" თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა რუსუდან ჩიქოვანმა. "პირWელი" დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა გვარამიამ "განათლების მისაღებად" უცხოეთში წასვლამდე პრეზიდენტის სტიპენდიანტ სტუდენტთა კონტინგენტის შემცირება. სამინისტროში ექს-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას სტიპენდიების გამჭვირვალედ გაცემის აუცილებლობით ხსნიან. "როგორც ცნობილია, 2008 წლიდან პრეზიდენტის 150 ლარიანი სტიპენდიები სახელმწიფო ინივერსიტეტების წარჩინებულ სტუდენტებს ეძლეოდათ, თუმცა მაშინ შესაბამის დებულებაში სტიპენდიანტთა კონტინგენტი განსაზღვრული არ იყო და სტიპენდიები ბიუჯეტში არსებულ თანხას ერგებოდა. ამიტომ მეტი გამჭვირვალეობისთვის, ყოფილი მინისტრის ბრძანებით, სტიპენდიები სტუდენტთა რაოდენობის 2%-ს მიეცემა", - განუცხადა "პირWელს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტთა და მეცნიერთა ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა ვალერი გობრონიძემ. მისივე თქმით, ამ დროისთვის განათლებისა და მეცნიერების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში 53 953 სტუდენტია რეგისტრირებული, სტიპენდიას კი მათი 2%, ანუ 1080 სტუდენტი იღებს. აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი. როგორც ცნობილია, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის 557 მლნ ლარია გაწერილი, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ თანხაზე 37 მლნ ლარით მეტია. თუმცა გაზრდილი ბიუჯეტისა და ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, რომ "განათლება მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა", განათლების სამინისტროს 2010 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო პროგრამისთვის "პრეზიდენტის სტიპენდიები ბაკალავრიატის წარჩინებულ სტუდენტებს" 1 მლნ 800 ათასი ლარია გათვალისწინებული, მაშინ, როდესაც მიმდინარე წელს ეს თანხა 2 მლნ 106 750 ლარს შეადგენდა.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=39738&Itemid=1

Friday 18 December 2009

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა დავრეგისტრირებულიყავი Facebook-ზე...

ეს ამბავი დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო, როცა მე მე-8 კლასში ვიყავი, წნორში ვსწავლობდი და ფეისბუქზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ face სახეს, ხოლო book წიგნს ნიშნავდა. სამაგიეროდ, ქართულის მასწავლებლისგან ვიცოდი გაზეთი `ჩვენი მწერლობა` და აქტიურად ვკითხულობდი. ერთხელ კი აბსოლუტურად დამოუკიდებლად გადავწყვიტე `ჰარი პოტერის` შესახებ წერილს გამოვხმაურებოდი. დავწერე წერილი და მელიქიშვილზე რედაქციაში ჩავაბარე. 90% დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს წერილს არათუ გამოაქვეყნებდნენ, არც კი წაიკითხავდნენ. ამიტომ არ გამკვირვებია, როცა ერთი თვის განმავლობაში გაზეთში ჩემს წერილს ვერ ვხედავდი, მე ის გამიკვირდა, როცა ერთი თვის მერე, გაზეთში ჩემი სახელი და გვარი რომ წავიკითხე. სიხარულისგან ვიკივლე, მახსოვს... მაგრამ მთავარი კიდევ წინ მელოდა... სიხარულმა რომ გადამიარა და გაზეთის კითხვა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ჩემს წერილს რედაქცია თავის გამოხმაურებასთან ერთად ბეჭდავდა...

ავტორი ირაკლი ლომოური საკმაოდ კარგად მიხსენიებდა... (`ჩვენს რედაქციაში რომ არ მოსულიყო მერვეკლასელი გოგონას ნინო გელაშვილის წერილი, და მთავარ რედაქტორს რომ არ დაევალებინა ჩემთვის, საგანგებოდ გამოეხმაურეო, არც ამ წიგნს წავიკითხავდი და არც ეს წერილი დაიწერებოდა.

ჯერ ორიოდე სიტყვას ვიტყვი ნინო გელაშვილის წერილზე. აშკარად ჩანს, რომ წერილის ავტორი იმ მოზარდთა კატეგორიას ეკუთვნის, ვინც ბრმად არაფერს იღებს, ვინც აზროვნებს, ვინც ცდილობს თვითონ გაერკვეს სამყაროსა და ცხოვრებაში, და ვისაც უკვე აქვს საკუთარი ფასეულობათა სისტემა და სწორი მსოფლმხედველობრივი ორიენტირები. ერთი სიტყვით, ასეთი ადამიანის, ასეთი პიროვნების მიმართ შენდაუნებურად სიმპათიით განეწყობი.Dდა სწორედ ამან გადაძლია ის ჩემი შინაგანი პროტესტი, რომელიც წინასწარ მქონდა `ჰარი პოტერის~ მიმართ, როცა ჩემს თავს ვეუბნებოდი _ პრინციპულად არ წავიკითხავ-მეთქი. და რედაქტორს უხმოდ დავემორჩილე...`) რა თავმდაბალი ვარ?! :)))

მას მერე ბევრი დრო გავიდა `ჩვენი მწერლობისაგან` მიღებული სიხარული განელდა, თუმცა სულ მახსოვდა. რამდენიმე დღის წინ facebook-ზე ირაკლი ლომოურმა დამამატა მეგობრებში, ვკითხე ის იყო თუ არა `ჩვენი მწერლობის` ავტორი და მართლაც ის ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ბევრი წლის წინ ძალიან, ძალიან, ძალიან გამახარა :) მერე 7 წლის წინანდელი დღე გამახსენდა, მაშინდელი სიხარული, როცა სახლში დამზადებულ კედლის გაზეთებსა და საბავშვო გაზეთებს გავცდი :) მართალია, იმ წერილს არაფერი ჰქონდა საერთო სტატიასთან და ძალიან მეცინება, მას რომ ვკითხულობ, მარა კარგი იყო, იცით რაა? მიზანსწრაფულობა! მინდოდა და გავაკეთე... გავაკეთე და დამიფასეს! :)

p.s. საღამოს ირაკლი ლომოურის მოთხრობების წაკითხვას ვაპირებ, საინტერესო სტატიები ჰქონდა ხოლმე და ალბათ მოთხრობებიც საინტერესო ექნება... ნაწილი აქაც არის

http://www.lib.ge/authors.php?1256

Saturday 12 December 2009

აი, ჩემი ნაძვის ხე :)

ბევრი ვიცადეთ, მაგრამ ვეღარ გავძელით მე და ჩემმა დამ და დღეს მოვრთეთ ნაძვის ხე. წინა წლებში ერთი ფერის სათამაშოებით ვრთავდით, მაგრამ წელს გადავწყვიტეთ აგვეჭრელებინა. ბავშვობის რამდენიმე სათამაშოც მოხვდა ხეზე :) შემდეგ დღეებში ჩავასწორებთ და კიდევ გავალამაზებთ ახალ წლამდე :) ნათურებსაც რამდენიმე დღეში ავანთებთ...

Tuesday 8 December 2009

გადავწყვიტე :)


წინა პოსტის გაგრძელება

გადავწყვიტე აღარ დავწერო, უფრო სწორად, რედაქტორმა მითხრა ასე, არ გვინდა ეგ მასალაო. ძალიან გამიხარდა.

ბოდიში ნინოს და ლიკას გუშინ ტყუილად რომ ვატარე აქეთ-იქით :)

Monday 7 December 2009

როგორ მოვიქცე? მირჩიეთ ყველამ!

გუშინ დილით ლექციაზე ვიყავი ჩვეულებრივ, ჩემს მეგობარს ვემესიჯებოდი, რომელიც ასევე ლექციაზე იყო სხვაგან. სასხვათაშორისოდ მომწერა, რომ მის უნივესიტეტში ლექტორმა ბავშვს სცემა და მერე დიდი ამბები დატრიალებულა. რა მაგარი სკანდალია, ახლავე მოვალ, სტატიას დავწერ-მეთქი. ცოტა ხანში წავედი, უკვე სიმშვიდე იყო, ფაკულტეტის დეკანმა დამიდასტურა, რომ მართლაც მოხდა ასეთი რაღაც და ეს ლექტორი გათავისუფლებულია. საღამოს გავიგე, რომ ამ ლექტორს თავის მოკვლა უცდია, ანუ ძალიან ნევიულობს მომხადარს. ახლა ჩემი სტატია რომ გამოქვეყნდეს და ქვეყანამ წაიკითხოს, მეშინია, ამ ქალმა არაფერი დაუშავოს საკუთარ თავს. ეჭვი მაქვს, ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს. ჰოდა, არ ვიცი როგორ მოვიქცე. თვითონ ამბავი ძალიან სკანდალურია, თან უკვე ნამუშევარი მაქვს, გუშინ ავტოსკოლა გავცდინე მაგის გულისთვის... მერე გვიანობამდე ვცდილობდი დამეთახმებინა კომენტარზე თვითმხილველი ბავშვები, საბოლოოდ ვერ ვითანხმებ მგონი...

არ ვიცი, როგორ მოვიქცე. იქნებ, თქვენც მირჩიოთ, ღირს ამ ამბის გახმაურება? 

p.s. შეგნებულად არ ვასახელებ სად და როდის მოხდა, იდენტიფიკაფია რომ არ მოახერხოთ :)

Sunday 6 December 2009

რა მინდა 2010 წლისაგან

ბავშვობიდან მიყვარს აღრიცხვა-აღწერა :))) ერთი ბლოკნოტკი მაქვს და 2000 წლიდან ყოველ ახალ წელს ვწერ ვინ ვის რას ვჩუქნით, რა გვაქვს სუფრაზე, მეკვლე ვინაა, რა იყო გასულ წელს ჩემთვის მნიშვნელოვანი და რა მინდა მომავალი წლისაგან. წელს პირველი წელია, როცა ბლოგი მაქვს ახალ წელს და ამიტომ მომავალი წლის სურვილებს აქ დავწერ, ალბათ ასე უკეთ წაიკითხავენ ჩემი თოვლის პაპები :)))

მოკლედ, რა მინდა 2010 წლისგან კონკრეტულად (პრიორიტეტების მიხედვით ვალაგებ):



პ.ს. თოვლის ბაბუებო, ყურადღებით წაიკითხეთ და გადახედეთ თქვენს შესაძლებლობებს, მთელი წელი ხომ კარგად ვიქცეოდი! :)))

Monday 30 November 2009

სტიპენდიანტების სიები მზადაა


სოციალურ-პოლიტიკურზე სტიპენდიის სიები უკვე გამოაკრეს. სულ 84 ბავშვია გამარჯვებული. მე ვარ მე-4 სიაში :) რეზო ჯორბენაძემ როგორც გვითხრა, ფული, 600 ლარი, 15 დეკემბრის შემდეგ ერთიანად დაირიცხება. 

Friday 27 November 2009

ტელევიზია VS PR სკოლა


'იმედის' ჟურნალისტების პრესსამსახურებში გადაყვანა გრძელდება. მანანა მანჯგალაძის შემდეგ ვახო სანაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის უფროსად გადაიყვანეს(ხელფასი 1700 ლარი ექნება:)). როგორც გავიგე, ახალი სამსახურის პარალელურად, იმედში მუშაობას გააგრძელებს ...  

სანაია თსუ-ს პრესსამსახურში 18 ნოემბერს დაინიშნა, 20-ში კი თსუ-ს იმედის გენერალური დირექტორი, გიორგი არველაძე ეწვია. როგორც ხედავთ, სანაიამ პიარსამსახურში მუშაობა ნაყოფიერად დაიწყო :)

Monday 23 November 2009

დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულების ქორწინება


გილოცავთ გიორგობას!

დღეს პატრიარქი 500 ბავშვის ნათლია გახდა. ეს ნათლობის უკვე მე-9 რიტუალი იყო. 2008 წლიდან მოყოლებული უწმინდესმა 4000-ზე მეტი ბავშვი განათლა. ტრადიცია 2 წლის წინ დამკვიდრდა და საკმაოდ სწრაფად იზრდება ნათლულების რაოდენობა. საქართველოს ეკლესიის კანონიკური წესებით, ნათლულებს შორის ქორწინება არ არის მიღებული. გამოდის რომ ამ 4000 (მომავალში კიდევ ხომ მოიმატებს) ბავშვს ერთმანეთში ქორწინება არ შეეძლებათ? ამ თემაზე ზაფხულში, ერთ-ერთი ნათლობის დროს ვაკეთებდი სტატიას. 

დიიიიიდიიი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ საპატრიარქოსგან ინფორმაციის მიღება სირთულით არანაკლებ ჩამოუვარდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღებას. იმ პერიოდში უწმინდესი გერმანიაში იმყოფებოდა და კომპეტენტური პირების ნაწილი მასთან ერთად იყო წასული. მთელი დღის განმავლობაში დავურეკე 10-მდე მეუფეს, პრესცენტრი ხან ვისთან მამისამართებდა ხან ვისთან... მეუფეები შეკითხვაზე სხვადასხვა მიზეზით პასუხს არ მცემდნენ.
ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, საპატრიარქო პატრიარქის ნათლულთა შორის ქორწინების წინააღმდეგი არ არის, რადგან ისინი უწმინდესის ნათესავები გამოდიან და არა ერთმანეთის; პატრიარქის ინიციატივა ერში დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მიზნით გამოითქვა. შესაბამისად, დაუშვებელია, რომ საწინააღმდეგო მოხდეს და ერის გამრავლებას ხელი შეეშალოს. საპატრიარქოში ასევე უარყოფენ აზრს, რომ მომავალში, თითქოს, მხოლოდ ერთი სქესის ბავშვები მოინათლებიან.  თუმცა კანონისტი დავით ჩიკვაიძის თქმით, საეკლესიო სამართლის მიხედვით, ერთი ნათლიის ნათლულებს შორის ქორწინება დაუშვებელია (VI მსოფლიო კრების 53-ე კანონი, მათე ვლასტარის სინტაგმის ასო (ბეტა), თავი მე-8). მასში პატრიარქის მიერ მონათლულთა საკითხი გამონაკლისის სახითაც არაა აღნიშნული. `ეს წესი გავცრელდება მათზეც. თუმცა, სასულიერო პირთა შორის საუბარია, რომ რამდენადაც პატრიარქის ნათლობა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, შესაძლოა, გამოიცეს სინოდის გადაწყვეტილება ნათლულთა შორის ქორწინების შესახებ. რახან ჯერჯერობით შესაბამისი კანონიკური საფუძველი არ არის, მე პირადად, ამას ვერ დავეთანხმები.'


Saturday 21 November 2009

აფერა თუ კინოში გადაღების რეალური შანსი?!


ალბათ ყველას შეგინიშნავთ ქუჩაში განცახდებები, ახალგაზრდა მსახიობებს რომ უხმობენ კინოში გადასაღებად. უკვე თითქმის ყველამ იცის ვისთან აქვთ საქმე. იმის გასარკვევად, თუ რა ხდება მათ ოფისში და როგორ ხდება მსახიობების შერჩევა, გასულ წელს მივედი სტუდიაში. რადგან მათი ახალ-ახალი განცხადებები ქუჩებში ისევ გამოკრულია, სტატიის ნაწყვეტს ვაქვეყნებ.

”კინოში გადასაღებად ვიწვევთ ახალგაზრდებსა და ბავშვებს”, - ამ შინაარსის პლაკატებს თბილისის თითქმის ყველა უბანში დიდი ხანია ვხვდებით. ბოლო დროს, გაჩნდა განცხადებები, სადაც იგივე კომპანია რინგის ჩატარების შესახებ იტყობინება. ”ვერსია” დაინტერესდა, რეალურად, რას წარმოადგენს TV-CINEMACOMPANY CEROL და ამ მიზნით, როგორც კინოში გადაღებით დაინტერესებული ახალგაზრდები, მათ სტუდიას ვეწვიეთ.



მითითებულ მისამართზე მისვლისას კარზე წარწერა დაგვხვდა: ”კინოკომპანიისა და თეატრალური აკადემიის ოფისი არის ქვემოთ სარდაში!”

სარდაფის აბრა გვაცნობდა, რომ ჩვენ ”მედეა ჩახავას თეატრალურ აკადემიაში” ვიმყოფებოდით. იქ შესულებს კი კინოსა და თეატრის ცნობილი თუ უცნობი მსახიობების უამრავი სურათი და პლაკატი, ხელოვნური ყვავილები და აჟურული ფარდები დაგვხვდა. როგორც ჩანს, სურათების უმრავლესობა ჟურნალ-გაზეთებიდან იყო ამოჭრილი.



რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, გასაუბრებაზე დაგვიძახეს. ეს ოთახი პირველზე გაცილებით პატარა აღმოჩნდა. ისეთი პატარა, რომ როდესაც მაგიდასთან დავსხედით, სტუდიის ხელმძღვანელმა მეორე კარის გაღება ვერც მოახერხა და ჩვენს გამსაუბრებელს მკაცრი სახით უთხრა, აქ ხალხს ასე ნუ სვამო, თუმცა იმ ოთახში სხვანაირად დაჯდომა შეუძლებელი იყო. კედელზე გაკრული უცნობი ადამიანების უამრავი ფოტოების შესახებ გვითხრეს, რომ ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ოდესმე ამ სტუდიასთან ჰქონია შეხება. თუმცა ეს დუტას, ჯაპანასა და პლაჟზე გადაღებულ პამელა ანდერსონს არ შეხებია.

შემდეგ ჩაინიშნეს ჩვენი გვარ-სახელი, სიმაღლე, საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ სიით 440-ე აღმოვჩნდით. შეკითხვები, ძირითადად, ჩვენს პლასტიკურ მონაცემებსა და სამსახიობო ნიჭს შეეხებოდა.

გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე წასაკითხად რაიმე ლექსი ან მოთხრობა უნდა მოგვემზადებინა და ისე წარვმდგარიყავით კომპეტენტური ჟიურის წინაშე. თან უნდა გვქონოდა ფოტო საოჯახო ალბომიდან, სადაც სახის გარდა, ჩვენი აღნაგობაც უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი. კასტინგში მონაწილეობაზე დასაშვებად კი 10 ლარი უნდა გადაგვეხადა.

იმ შემთხვევაში, თუ კასტინგს წარმატებით გავართმევდით თავს, 150-ლარიანი კურსების გავლა მოგვიწევდა, სადაც მეტყველებას, პლასტიკასა და არტისტიზმს შეგვასწავლიდნენ.

ჩვენს შეკითხვაზე, ვინ იქნებოდა ჟიურის წევრი ან კურსების პედაგოგი, გვიპასუხეს, რომ ისინი თეატრალური აკადემიის პედაგოგებთან თანამშრომლობენ, მაგალითისთვის კი მანანა ტატიშვილი დაგვისახელეს.

როგორც გვითხრეს, აქამდე მათ ორი ფილმი, საბავშვო კომედია ”ბათუმის მატარებელი” და მძაფრსიუჟეტიანი ”ღამის მანიაკი” აქვთ გადაღებული.

მათი თქმით, პრეზენტაცია, შარშან, კინოს სახლში შედგა, გადაღებული ფილმები მალე DVD-ზე გამოვა და ჩვენც შეგვეძლება მათი ნახვა. გამოცხადებული ფილმის, ისტორიულ-ეროვნულ მხატვრული ”მამლუქნის” გადაღების დაწყების ზუსტი დრო კი არ დაუსახელებიათ, ამისთვის ჯერ ყველა შერჩეული მსახიობი უნდა მოვამზადოთო. კომპანიის თანამშრომლების თქმით, საზოგადოების მხრიდან დაინტერესება დიდია და ყოველდღიურად მათ ოცამდე ახალგაზრდა აკითხავთ.


შემდეგ ტურზე ლექსის წასაკითხად მომზადებულები მივედით. რეგისტრაციის 10 ლარი გადავიხადეთ და შესაბამისი ქვითარი მივიღეთ. ლექსის წაკითხვის შემდეგ, ეტიუდების დრო დადგა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამი დღე ითხოვეს და ამით ყოველგვარი ფორმალობები ამოიწურა.

სტუდიაში ყოფნის დროს, მუდმივად ისმოდა გარეთ მყოფი ბიჭების უცენზურო საუბარი, გინება და აურზაურის ხმა. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ეს არც ისე უჩვეულო ამბავია. მათი თქმით, ბიჭებმა იციან, რომ სტუდიაში არტისტული გოგონები მიდიან და კასტინგებია, ბიჭების ინტერესსაც ეს იწვევს. ამ ფაქტს ღიმილით ეხმიანება კინოსტუდიის პროდიუსერი, ბესიკ ხინთიბიძე: ”ეს ჩვენი თაობის სენია, ბევრს გართობა უნდა, მაგრამ ჩვენ დაცვა გვყავს”.

სხვათაშორის, ბესიკ ხინთიბიძემ ერთ-ერთ გასაუბრებაზე მისვლისას თავი გაგვაცნო ქართული შოუბიზნესის შემომტან ადამიანად საქართველოში. როდესაც ამ ფაქტის არგუმენტებით დასაბუთება მოვთხოვეთ, მან გვითხრა, რომ მისი მოწყობილია ”მის საქართველო - 90”, 90-იან წლებში, სხვადასხვა ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით იგი ხშირად მართავდა კონცერტებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე იმდროინდელ პრესასთან ხშირად საუბრობდა შოუბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე.


როგორც მან გვითხრა, TV-CINEMACOMPANY CEROL 1997 წლიდან არსებობს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანია კასტინგების გზით იყვანს ახალგაზრდა მსახიობებს და, მისი თქმით, ათი ფილმი აქვთ ჩაწერილი. ესენია: ”სიყვარულის ფერია”, ”დაიკარგა ხუჭუჭა”, ”ღამის მანიაკი”, ბავშვთა ტელესერიალი ”ტორტების ქალაქი”, სერიალი ”ერთი კოლეჯის ამბები”, ”სისხლიანი პერანგი”. ჩემს შეკითხვაზე, თუ შეიძლებოდა მათი ფილმების ნახვა, ხინთიბიძემ მიპასუხა: ”პრინციპში, შეიძლება ნახოთ ”ღამის მანიაკი”.

ხინთიბიძის თქმით, ასევე, მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა საბავშვო სტუდია ”რეტრო”, კინოსტუდიის შენობაში შედგა პრემიერა სპექტაკლისა: ”სიყვარული ნარკოტიკის სანაცვლოდ” და სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენებზე მუშაობა ამ დროსაც მიმდინარეობს.

მისი თქმით, კომპანიას შემოსავალი კინოში გადაღებული სარეკლამო პროდუქციიდან აქვთ. თუმცა ქუჩაში გაკრულ სარეკლამო პლაკატზე აღნიშნულია, რომ მათი სპონსორი უკრაინაში მოღვაწე კინოკომპანიების ქსელია.

მსახიობი მედეა ჩახავა, თავისსავე სახელობის თეატრალურ აკადემიაზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მას ამ აკადემიასთან არავითარი საერთო არა აქვს.

როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი მედეა, წლების წინ მართლაც დათანხმდა ბესიკ ხინთიბიძის შეთავაზებას, აკადემიას მისი სახელი ეტარებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აკადემიის რამდენიმე სამუშაო გაკვეთილი ნახა, სწავლების დონით უკმაყოფილო დარჩა. გარდა ამისა, მედეა ჩახავა არასოდეს ყოფილა საქმის კურსში, რა ხდებოდა ამ კომპანიაში და ამიტომ ბესიკ ხინთიბიძეს სთხოვა, აკადემიას მისი სახელი აღარ ეტარებინა, თუმცა მისი თხოვნა ამ დრომდე შეუსრულებელია.

Sunday 15 November 2009

მე ახლა 21 წლისა ვარ :)



იცით რა საყვარელი ლეპტოპი მაჩუქეს?  

და ტორტი კიდევ :)))) მადლობა ოჯახს :D:D:D

Wednesday 11 November 2009

ის, რაც ხდებოდა დღეს...

მომავალი რამდენიმე დღის განრიგი წინასწარ ვიცი ხოლმე და ძალიან არ მიყვარს, როცა რაიმე მიზეზით რაღაცების შეცვლა მიწევს. დღეს კი ფაქტიურად ისე გამოვიდა, რაც დაგეგმილი მქონდა, ვერაფერი გავაკეთე... 

ყველაფერი გუშინ ღამედან დაიწყო, ერთმა ჩემმა რესპონდენტმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ სახელისა და გვარის გამოქვეყნება არ სურდა და არც კომენტარი მოუცია ჩემთვის, თურმე უბრალოდ, ისე მელაპარაკა.... მიუხედავად იმისა, რომ გავუგზავნე ჩანაწერი, სადაც გარკვევით ვეკითხები, შემიძლია თუ არა მისი საუბრის გამოყენება და ისიც გარკვევით მთანხმდება.... მოკლედ, ძალიან მანერვიულა, გვიანობამდე ველაპარაკებოდი facebook-ზე და ღამეც რომ დავწექი, ვფიქრობდი, რამეში მე ხომ არ ვიყავი დამნაშავე. ამას წინა დღეების უძილობა დაემატა და დილით საჭიროზე გვიან გამეღვიძა... :((( გადავწყვიტე ლექციები გამეცდინა და ტელეგადაცემის პროექტი დამეწერა, მერე სოციალური საკითხების გაშუქების კოლოკვიუმი მომემზადებინა, 4-სთვის `ვერსიაში~ წავსულიყავი და მერე სალონში. 

პროექტის ბიუჯეტის დასაწერად კამერებისა და სამონტაჟოების ფასები მაინტერესებდა და ამის გასაგებად ბევრ სააგენტოში დავრეკე, გავუგზავნე მეილები, რამაც საკმაოდ დიდი დრო წაიღო, ამიტომ გადავწყვიტე, რედაქტორისთვის დამერეკა და ტელეფონით შემეთანხმებინა სტატიის თემა, ასეც მოვიქეცი და ზუსტად 6-ის ნახევარზე ვაკის აუზის სალონში ვიყავი. კოსმეტოლოგთან რომ შევედი, სხვა დამხვდა მასთან და შორენამ, ჩემმა კოსმეტოლოგმა მითხრა, შენ 5-ის ნახევარზე იყავი ჩაწერილიო, ძალიან გავბრაზდი, აშკარად 6-ის ნახევარზე ჩავეწერე.... გარეთ ყური მოვკარი, ნინო ანანიაშვილი არის მოსულიო.... როგორც ჩანს, ჩემი რიგიც მან მიითვისა :))) იქნებ რამე შემეშალა და 6-ის მაგივრად, მექანიკურად 5-ის ნახევარი ვუთხარი, მაგრამ რატომ ვეტყოდი? მოკლედ, არ ვიცი.... ის კი ფაქტია, რომ პარასკევს 11-ის ნახევარზე ვიყავი ჩაწერილი მაგავე სალონში და 12-ის 10 წუთამდე ველოდე, მართალია, მე ინგლისური მქონდა სასწავლი და დავჯექი და ვსწავლობდი, მაგრამ 40 წუთით დაგვიანება ყველა შემთხვევაში ცუდია.... მაგის გამო, მერე ინგლისურზეც დამაგვიანდა, შესაბამისად გვიან გამოვედი, მერე სემინარს ვატარებდი და იქაც ძლივს მივუსწარი.

დღევანდელ დღეს რომ დავუბრუნდე, სალონიდან პოპულიში წავედით მე და ჩემი და სოკოს ღვეზელის საყიდლად, აღარ დაგვხვდა და საშინლად უგემური რაღაცები ვიყიდეთ :))) თანაც  ოთხ პოპულს ჩავუარეთ ჩვენი ყვითელი ავტობუსით და ჩემმა დამ, რატომღაც მაინც კოლმეურნეობის მოედანზე წამიყვანა.

უნივერსიტეტში კი მოვახერხე შერბენა და ანკეტის შევსება, სახლშიც გავაკეთე რაღაცები, მარა... :((( მოკლედ, ჩემი სიზარმაცისა და გარემოპირობებით შექმნილი უსიამოვნებების გამო (ვაღიარებ, რომ ძირითადად ჩემი სიზარმაცის, რადგან ორივე დავალება დიდი ხნის წინ მოგვცეს გასაკეთებლად), სოციალური საკითხებიც და პროექტიც ხვალისთვის ისევ გასაკეთებელი მაქვს. პლუს ამას, ზეგისთვის მინდოდა ინგლისურის სწავლა და სიუჟეტის სცენარის გაკეთება, რადგან ხვალ გვიან ვრჩები ლექციებს...  

ხვალიდან გერმანელი ლექტორის სემინარები გვეწყება უნივერსიტეტში, ყოველ საღამოს გვექნება და დიდი ინტერესით ველოდები :)

Thursday 5 November 2009

რას მერჩის თსუ-ს ადმინისტრაცია


3 კვირის წინ სტიპენდიებზე მქონდა სტატია და წყაროებზე დაყრდნობით ვწერდი, რომ 2010 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში სტუდენტთა სტიპენდია გათვალისწინებული არ იყო. რა თქმა უნდა, სტატიაში მქონდა, განათლების სამინისტროს, თსუ-ს და ა.შ. კომენტარები. 
მერე ჩემს მეგობარსაც მივეცი კომენტარი სტიპენდიებზე როგორც სტუდენტმა და ვთქვი, რომ ეს პროგრამა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და გული დამწყდა, როცა გავიგე, შეიძლება 2010 წლიდან აღარ გაგრძელდეს-მეთქი (სიტყვები ზუსტად არ მახსოვს, შინაარსით ასეთი იყო).

დღეს რეკავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან დეკანატში და კითხულობენ წინა სემესტრში მქონდა თუ არა სტიპენდია და რატომ ვამბობ, რომ `სტიპენდიები აღარ არის`. გადავამოწმე და სტატიაში ასეთი რამეს არსად ვამბობ. ამიტომ მრჩება ეჭვი, რომ დაინტერესდნენ რატომ ვიყავი ამ საკითხით ასეთი დაინტერესებული და რატომ ვავრცელებდი სტატიებითა და კომენტარებით ინფორმაციას წამახალისებელი პროგრამის შესახებ.

ძალიან, ძალიან მეწყინა, რომ თსუ-ს ადმინისტრაციაში ტექსტებს კარგად ვერ იგებენ და მეორეც, დაეძებენ და ამოწმებენ ბავშვებს, ვინც გარკვეულ ინფორმაციას ავრეცელებს...  

Monday 2 November 2009

გამოცხადდა კონკურსი სტიპენდიაზე



გამოცხადდა წარჩინებულ სტუდენტთა სტიპენდიის პროგრამა. პირობები იგივეა, რაც წინა სემესტრებში, ანუ 81-100 ქულამდე შეფასება ყველა საგანში, სასურველია სტატიები ან კონფერენცებში მონაწილეობა. საბუთების მიღება 13 ნოემბრამდეა. ესეც ანკეტა...



Friday 30 October 2009

დაარბევს თუ არა წლევანდელ ჰელოუნს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი?



ყველასათვის უკვე ცნობილია, რომ წელს ჰელოუინი კლუბებში `გურუ`, `nightoffice`,  `ვაკანდა` და ლისის ტბაზე აღინიშნება... თუმცა ჯერჯერობით ბევრმა არ იცის როგორ გააპტოტესტებს ამ დღესასწაულს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი. 

და, აი, მასზე პასუხი ჟურნალისტის დღიურისგან: 

როგორც აღმოჩნდა, წელს ისინი სკოლებში საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებითა და გაფრთხილებებით შემოიფარგლნენ. `ჩვენ კლუბების ხელმძღვანლებს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რომ არ ჩაეტარებინათ. ეს მათი საქმეა და ღვთის წინაშე ისინი აგებენ პასუხს. გარეთ ნუ გამოვლენ და პროპაგანდას ნუ გაუწევენ, თორემ დახურულ სივრცეში ზოგს გადაწყვეტილი აქვს, რომ სული მიჰყიდოს ეშმაკს. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს სათქმელს და თუ არ შეიგნებენ, ეს მათი საქმეა.~_ ამბობს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თანათავმჯდომარე.

მაპატიეთ, თუ იმედები გაგიცრუეთ... თქვენს წარმოდგენაში დახატული დარბევა, სავარაუდოდ, არ შედგება.... :)))

Tuesday 27 October 2009

აი, რა ...

დღეს ambebi.ge-ზე ვკითხულობდი რაღაც სტატიას. მეზობლად საინტერესო შეკითხვები დავინახე, მივყევი და, აი, რა ვნახე :)))) mkurnali.ge-ზე ექიმი პასუხობს ხალხის შეკითხვებს:

შეკითხვა: - გამარჯობათ, ვარ 24 წლის ქალიშვილი, მე მაინტერესებს ამ ასაკში ქალიშვილობა პათოლოგიად ითვლება თუ ნორმაა? წინასწარ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.

პასუხი: - ალბათ ხუმრობთ. პათოლოგიად ითვლება თავაშვებული ცხოვრების წესი და გარყვნილება. ქალიშვილობა, თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე, რატომ უნდა ითვლებოდეს პათოლოგიად? კარგია, როცა ქალი ოჯახს ქმნის, შვილებს აჩენს და ამით ერს ამრავლებს, მაგრამ ტრაგედია არც ის არის, თუ ქალი ოჯახს ვერ შექმნის და სიცოცხლის ბოლომდე ქალიშვილი დარჩება. ქალიშვილობა არანაირ დაავადებას არ იწვევს და არც კარგი საქმეების კეთებას უშლის ხელს. თავშეკავება და საკუთარი ვნებების მართვა პიროვნების სიძლიერეზე და თავისფლებაზე მეტყველებს, თანაც არც მედიცინის თვალსაზრისითაა გაუმართლებელი და მორალურად კი მისასალმებელია. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხშირ და შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს მრავალი დაავადება, მათ შორის შიდსიც, მოჰყვება.

შეკითხვა: - დიდი ბოდიში ასეთი კითხვისთვის, ვარ 23 წლის, მაქვს სექსუალური ლტოლვები, გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ.

პასუხი: - ვერანაირ რჩევას ვერ მოგცემთ გარდა იმისა, რომ თუ თავს ვერ უმკლავდებით, მაშინ უნდა მიმართოთ სექსოლოგს ან ფსიქოლოგს.

შეკითხვა: - ბევრისგან გამიგია, ფეხმძიმობაში ქათმის ღვიძლიანი ხელი სახეზე არ მოისვა, თორემ ბავშვს სახეზე წითელი ლაქა დააჩნდებაო, ნუთუ მართალია? მადლობთ.

პასუხი: - ეს მხოლოდ ხალხში მოარული ცრურწმენა გახლავთ - მსგავსი რამ მეცნიერულად არავის დაუსაბუთებია.

შეკითხვა: - მაინტერესებს, კბილის კარიესს, ან მოუწესრიგებელ კბილებს - პირის ღრუს შეუძლია გამოიწვიოს ფეხმძიმობის ხელის შეშლა?

პასუხი: - არა, კბილის კარიესი არ შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი. უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რათა ჩაგიტარდეთ სრულყოფილი (ექოსკოპია, ჰორმონული ანალიზი, ნაცხის ანალიზი) გამოკვლევა. საჭიროა მეუღლეც იქნას ანდროლოგთან გამოკვლეული.

Sunday 25 October 2009

`ოხშივარასული` ხილის ფესტივალი და `გლოვადაკრული` ჟრიამული რიყეზე

შარდენზე თბილისობა ხილის ფესტივალის სახელითა და მწვადებით აღინიშნა. თუ მოინდომებდით, რამდენიმე ადგილას ხილით მორთულ მაგიდებსაც დაინახავდით. 
ისევე, როგორც მონდომება მოგიწევდათ, რომ რიყეზე გამართულ კონცერტზე შავის გარდა სხვა ფერი შეგენიშნათ. რამდენიმე მომღერლის გამოსვლას გავუძელი და ყველა შავებში იყო გამოწყობილი, თანაც ერთმანეთის მიყოლებით: წამყვანები: გოგოლა კალანდაძე, მალხაზ ქვრივიშვილი, მონაწილეები: ნინო ძოწენიძე, მამუკა ონაშვილი, თამთა ჭელიძე... მათი შემხედვარე ხალხი კი კმაყოფილი ჩანდა, ცეკავდნენ და მობილურით სურათებს უღებდნენ გამომსვლელებს.

ტივზე მოქეიფე სუბელიანს (სხვების გავრები ვერ გავიხსნე, სახეზე კი მეცნო ზოგი) ხალხი ხიდიდან დიდი ინტერესით გულშემატკივრობდა. ტივზე მყოფებს შორის ყველაზე ბედნიერი `ალანიას` ჟურნალისტი ჩანდა, მარტო მაგის სიხარულისთვის ღირდა მთელი ღონისძიების მოწყობა...  


Thursday 22 October 2009

ანეკდოტები იდეოლოგიის სადარაჯოზე :)))

პაპა-ბებიისგან გამიგონია, რომ მათ ახალგაზრდობაში ანეკდოტებში საბჭოთა კავშირი ყველაზე მაგარი, ხოლო მისი ლიდერები ყოველთვის საზრიანი, გონებამახვილი და ენაკვიმატი ხალხი იყო. ჩემი მშობლების თაობაში ანუ დაახლოებით 80-იანი წლებისთვის ეს უკვე ასე აღარ იყო, ჩემს თაობაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ამასწინათ ერთ-ერთ ლექციაზე აფხაზებზე ჩამოვარდა სიტყვა და ჩემმა ჯგუფელმა ერთი ანეკდოტი გაიხსენა: აფხაზს ეკითხებიან რამდენი წლის ხარო, 35-ისო, პასუხობს. 5 წლის შემდეგ იგივე შეკითხვას უსვამენ და აფხაზიც ისევ 35-ს პასუხობს. როცა ეკითხებიან 35 წლის ხომ 5 წლის წინ იყავიო, აფხაზი ამბობს, რომ აფხაზები სიტყვას არ ცვლიან. 
თუმცა რა გასაკვირია მსგავსი ანეკდოტების შემორჩენა, როცა ამასწინათ ერთ-ერთ დაბადების დღეზე (თბილისში, გორში არ გეგონოთ:)), ჩემი ჯგუფელის მეგობარმა სტალინის სადღეგრძელო დალია...

Thursday 24 September 2009

მეცნიერება ჟურნალისტიკა

ლექტორობა მინდა... პრაქტიკულ ჟურნალისტიკასთან ერთად, რა თქმა უნდა. რამდენიმე ინსტიტუტს მივაკითხე, იქნებ რამეში გამოგადგეთ და მეც ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილებას მივიღებ-მეთქი (მომავალში ლექტორობის პერსპექტივით). მომავალ კვირას გავიგებ ვინმე თუ დაინტერესდა ჩემით და რამეს თუ დამავალებენ. შარშან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში კონფერენციისთვის მოვამზადე თემა ქართულ მედიაში გენდერულ როლებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე. ძალიან სუსტი და არაფრისმთქმელი კი გამოვიდა, მაგრამ მე გულით ვეცადე, კარგი ყოფილიყო : )) ამ ზაფხულსაც მინდოდა რამე გამეკეთებინა, თუმცა ბოლოს თავი შევიკავე, ცოტა ხანში მედიის კვლევის მეთოდებს გავივლი და უფრო აზრიანად დავწერ, იმედია.
საერთოდ ჟურნალისტიკის მეცნიერება საქართველოში მგონი არ არსებობს. დიდი ხანია ვეძებ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულები არიან მედია-კვლევით და ახდენენ დაკვირვებას როგორ შუქდება ესა თუ ის საკითხი, ზოგადად როგორ ვითარდება მედია, გამოსცემენ რეკომენდაციებს და ა.შ. საერთოდაც რომ არ არსებობდნენ მსგავსი ორგანიზაციები, არც ეგ გამიკვირდება. არ მაქვს ილუზია, რომ სხვა დარგების განვითარების გარეშე მედია შეიძლება ყვაოდეს... მედია ხომ ბიზნესის ერთი სახეობაა და ბიზნესის სხვა სახეობების განვითარების პროპორციულად ვითარდება...

Sunday 20 September 2009

სილამაზის სალონი ინტერნეტით

ინტერნეტის ეს ფუნქცია ჩემთვის დღემდე უცნობი იყო, არადა თურმე რა სარფიანად შეიძლებოდა გამომეყენებინა http://www.taaz.com/ და სხვა საიტები... საქმე ის გახლავთ, რომ ინტერნეტში აქეთ-იქით ბოდიალის დროს ერთ საიტს გადავაწყდი http://marina.ge/salon.php.

როგორც აღმოჩნდა, საიტის ადმინისტრატორი ქალბატონი მარინა, გარკვეული ფულის გადახდის სანაცვლოდ, თქვენს ფოტოებს სხვადასხვა სადღესასწაულო ვარცხნილობით დაამშვენებს. ვიფიქრე, ეს ყველაფერი შეიძლება ხუმრობა ყოფილიყო... ამ შემთხვევაში ჟურნალისტის უპირველესი წესი გავიხსენე (გადაამოწმე, გადაამოწმე, გადაამოწმე!!!) და ქალბატონ მარინას დავუკავშირდი, რომელმაც ინფორმაცია დამიდასტურა, მას არც მაკიაჟის გაკეთებაზე უთქვამს უარი (თანხის დამატება მოგიწევთ მაკიაჟის მიხედვითო).

ეს კი ვარცხნილობის ფასები:
''1 სურათი ულამაზესი ვარცხნილობით 10.00 ლ.
10 სურათი სხვადასხვა ვარცხნილობით 30.00 ლ.
20 სურათი სხვადასხვა ვარცხნილობით 40.00 ლ.
50 სურათი სხვადასხვა ვარცხნილობით 60.00 ლ.
100 სურათი სხვადასხვა ვარცხნილობით 80.00 ლ''
იქვე მითითებულია საბანკო რეკვიზიტები...

Thursday 17 September 2009

იდეების პრობლემა


ამ ბოლო დროს საგაზეთო სტატიებისთვის თემის შერჩევა განსაკუთრებით მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გონება ყველგან და ყოველთვის, ყველაფერში _ მასალას ხედავს, საინტერესოს ვერაფერს ვამჩნევ. მე კი არა, უკვე ოჯახის წევრებიც კი ჩავრთე ამ საქმეში და ეძებენ ჩემთვის იდეებს, მაგრამ რეალური, აქტუალური და საინტერესო ამ დროისთვის ვერაფერი მოვიფიქრე... არადა, ძალიან მჭირდება რამდენიმე იდეა... : ((( იქნებ ვინმემ მირჩიოთ საზოგადოების სფეროში რაიმე საინტერესო თემა?

Wednesday 16 September 2009

ახალი წელიც მოვიდა...

ჯერ კიდევ იმ ასაკში ვარ, როცა ახალი სასწავლო წელი ახალ წელს ნიშნავს; ამა თუ იმ წლის სიავკარგესაც სექტემბრიდან სექტემბრამდე პერიოდი განსაზღვრავს. ამ პოსტს გასული წლის ჩემთვის მნიშვნელოვან მოვლენებს დავუთმობ...

წარმატება/წინსვლა/განვითარება : )))

1. გაზეთი `ვერსია`;
მიუხედავად იმისა, რომ გაზეთში საკმაოდ პასიური ვიყავი, ბევრი რამ ვისწავლე, რაც მთავარია, სტატიების წერა და ჟურნალისტობა (ვსწავლობ კიდევ :))) ).
`ვერსიაში` პირველი სტატია ზუსტად ერთი წლის მივიტანე. მისი მოცულობა არც მეტი, არც ნაკლები, თაბახის 8 გვერდი იყო (სავსე უამრავი ლირიკული წიაღსვლითა და ჟურნალისტური `კეკლუცობით`). შემოკლებისა და გასწორების შედეგად კი იქცა აი, ასეთად: http://presa.ge/index.php?text=news&i=4185
სტატიაზე კომენტარები შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე. http://www.despani.com/component/content/article/3420---.html
მიუხედავად იმისა, რომ კომენტარების უდიდესი ნაწილი უარყოფითია, ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა მისი დანახვა. ეს ნიშნავდა, რომ სტატია ხალხმა წაიკითხა...
2. რამდენიმე სტატია გაზეთ `24 საათში`;
3. სტუდენტური გაზეთი `თავისუფალი ხედვა`;
გაზეთის რედაქტორი პირველად ვიყავი. სულ 3 ნომერი გამოვიდა. ბევრი კარგი ბავშვი გავიცანი და გაზეთის აწყობა-დაკაბადონებაში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი.
4. სტუდენტური გაზეთი `TSUtimes`; http://www.tsutimes.ge/
`თსუთაიმსში` დაარსების დღიდან საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული და არც ერთი გაზეთი ისე არ მიყვარს, როგორც ეს. რედაქციიდან მხოლოდ იმიტომ წამოვედი, რომ დავინახე გაზეთი ახალს არაფერს მაძლევდა და მეც ბევრს აღარაფერს ვაკეთებდი. მოკლედ, ერთმანეთს მხოლოდ ხელს ვუშლიდით. `თსუთაიმსში` ძალიან ბევრი კარგი ბავშვი გავიცანი. ჯერ მარტო აჩიკოსთან მეგობრობა რად ღირს ;)))
5. წარჩინებულ სტუდენტთა წამახალისებელი პრეზიდენტის სტიპენდია (მგონი ასე ჰქვია);
რეიტინგულ სიაში შემოდგომის სემეტრში მგონი მე-7 ვიყავი და გაზაფხულის სემესტრში _ მე-3. წინსვლა მაქვს : )))
6. რამდენიმე ტრეინინგი;
მათ შორისაა მაკროეკონომიკის კურსებიც, რომელიც რატომ გავიარე, მეც არ ვიცი...
7. რამდენიმე სტუდენტური კონფერენცია;

მარცხი...

1. ინტერნიუსში სტაჟირების ვერ გავლა;
http://media.ge/geo/page.php?m=news_detailed&id_numb=4720
რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ დამტოვებდნენ (ძალიან მინდოდა და შეიძლება ამიტომ), მაგრამ ბოლოს ტესტირებით 5 ბავშვიდან 3 შეარჩიეს :(((
2. ტარტუს უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა;
ამ შემთხვევაში ცუდი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ამ კონკურში ვერ გავედი, ტესტირებაში მიღებულმა დაბალმა ქულამ საერთოდ უცხოეთში სწავლის იმედი დამიკარგა. თუმცა საბოლოოდ მაინც დამიბრუნდა : )))