Monday 30 November 2009

სტიპენდიანტების სიები მზადაა


სოციალურ-პოლიტიკურზე სტიპენდიის სიები უკვე გამოაკრეს. სულ 84 ბავშვია გამარჯვებული. მე ვარ მე-4 სიაში :) რეზო ჯორბენაძემ როგორც გვითხრა, ფული, 600 ლარი, 15 დეკემბრის შემდეგ ერთიანად დაირიცხება. 

Friday 27 November 2009

ტელევიზია VS PR სკოლა


'იმედის' ჟურნალისტების პრესსამსახურებში გადაყვანა გრძელდება. მანანა მანჯგალაძის შემდეგ ვახო სანაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის უფროსად გადაიყვანეს(ხელფასი 1700 ლარი ექნება:)). როგორც გავიგე, ახალი სამსახურის პარალელურად, იმედში მუშაობას გააგრძელებს ...  

სანაია თსუ-ს პრესსამსახურში 18 ნოემბერს დაინიშნა, 20-ში კი თსუ-ს იმედის გენერალური დირექტორი, გიორგი არველაძე ეწვია. როგორც ხედავთ, სანაიამ პიარსამსახურში მუშაობა ნაყოფიერად დაიწყო :)

Monday 23 November 2009

დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულების ქორწინება


გილოცავთ გიორგობას!

დღეს პატრიარქი 500 ბავშვის ნათლია გახდა. ეს ნათლობის უკვე მე-9 რიტუალი იყო. 2008 წლიდან მოყოლებული უწმინდესმა 4000-ზე მეტი ბავშვი განათლა. ტრადიცია 2 წლის წინ დამკვიდრდა და საკმაოდ სწრაფად იზრდება ნათლულების რაოდენობა. საქართველოს ეკლესიის კანონიკური წესებით, ნათლულებს შორის ქორწინება არ არის მიღებული. გამოდის რომ ამ 4000 (მომავალში კიდევ ხომ მოიმატებს) ბავშვს ერთმანეთში ქორწინება არ შეეძლებათ? ამ თემაზე ზაფხულში, ერთ-ერთი ნათლობის დროს ვაკეთებდი სტატიას. 

დიიიიიდიიი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ საპატრიარქოსგან ინფორმაციის მიღება სირთულით არანაკლებ ჩამოუვარდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღებას. იმ პერიოდში უწმინდესი გერმანიაში იმყოფებოდა და კომპეტენტური პირების ნაწილი მასთან ერთად იყო წასული. მთელი დღის განმავლობაში დავურეკე 10-მდე მეუფეს, პრესცენტრი ხან ვისთან მამისამართებდა ხან ვისთან... მეუფეები შეკითხვაზე სხვადასხვა მიზეზით პასუხს არ მცემდნენ.
ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, საპატრიარქო პატრიარქის ნათლულთა შორის ქორწინების წინააღმდეგი არ არის, რადგან ისინი უწმინდესის ნათესავები გამოდიან და არა ერთმანეთის; პატრიარქის ინიციატივა ერში დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მიზნით გამოითქვა. შესაბამისად, დაუშვებელია, რომ საწინააღმდეგო მოხდეს და ერის გამრავლებას ხელი შეეშალოს. საპატრიარქოში ასევე უარყოფენ აზრს, რომ მომავალში, თითქოს, მხოლოდ ერთი სქესის ბავშვები მოინათლებიან.  თუმცა კანონისტი დავით ჩიკვაიძის თქმით, საეკლესიო სამართლის მიხედვით, ერთი ნათლიის ნათლულებს შორის ქორწინება დაუშვებელია (VI მსოფლიო კრების 53-ე კანონი, მათე ვლასტარის სინტაგმის ასო (ბეტა), თავი მე-8). მასში პატრიარქის მიერ მონათლულთა საკითხი გამონაკლისის სახითაც არაა აღნიშნული. `ეს წესი გავცრელდება მათზეც. თუმცა, სასულიერო პირთა შორის საუბარია, რომ რამდენადაც პატრიარქის ნათლობა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, შესაძლოა, გამოიცეს სინოდის გადაწყვეტილება ნათლულთა შორის ქორწინების შესახებ. რახან ჯერჯერობით შესაბამისი კანონიკური საფუძველი არ არის, მე პირადად, ამას ვერ დავეთანხმები.'


Saturday 21 November 2009

აფერა თუ კინოში გადაღების რეალური შანსი?!


ალბათ ყველას შეგინიშნავთ ქუჩაში განცახდებები, ახალგაზრდა მსახიობებს რომ უხმობენ კინოში გადასაღებად. უკვე თითქმის ყველამ იცის ვისთან აქვთ საქმე. იმის გასარკვევად, თუ რა ხდება მათ ოფისში და როგორ ხდება მსახიობების შერჩევა, გასულ წელს მივედი სტუდიაში. რადგან მათი ახალ-ახალი განცხადებები ქუჩებში ისევ გამოკრულია, სტატიის ნაწყვეტს ვაქვეყნებ.

”კინოში გადასაღებად ვიწვევთ ახალგაზრდებსა და ბავშვებს”, - ამ შინაარსის პლაკატებს თბილისის თითქმის ყველა უბანში დიდი ხანია ვხვდებით. ბოლო დროს, გაჩნდა განცხადებები, სადაც იგივე კომპანია რინგის ჩატარების შესახებ იტყობინება. ”ვერსია” დაინტერესდა, რეალურად, რას წარმოადგენს TV-CINEMACOMPANY CEROL და ამ მიზნით, როგორც კინოში გადაღებით დაინტერესებული ახალგაზრდები, მათ სტუდიას ვეწვიეთ.



მითითებულ მისამართზე მისვლისას კარზე წარწერა დაგვხვდა: ”კინოკომპანიისა და თეატრალური აკადემიის ოფისი არის ქვემოთ სარდაში!”

სარდაფის აბრა გვაცნობდა, რომ ჩვენ ”მედეა ჩახავას თეატრალურ აკადემიაში” ვიმყოფებოდით. იქ შესულებს კი კინოსა და თეატრის ცნობილი თუ უცნობი მსახიობების უამრავი სურათი და პლაკატი, ხელოვნური ყვავილები და აჟურული ფარდები დაგვხვდა. როგორც ჩანს, სურათების უმრავლესობა ჟურნალ-გაზეთებიდან იყო ამოჭრილი.



რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, გასაუბრებაზე დაგვიძახეს. ეს ოთახი პირველზე გაცილებით პატარა აღმოჩნდა. ისეთი პატარა, რომ როდესაც მაგიდასთან დავსხედით, სტუდიის ხელმძღვანელმა მეორე კარის გაღება ვერც მოახერხა და ჩვენს გამსაუბრებელს მკაცრი სახით უთხრა, აქ ხალხს ასე ნუ სვამო, თუმცა იმ ოთახში სხვანაირად დაჯდომა შეუძლებელი იყო. კედელზე გაკრული უცნობი ადამიანების უამრავი ფოტოების შესახებ გვითხრეს, რომ ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ოდესმე ამ სტუდიასთან ჰქონია შეხება. თუმცა ეს დუტას, ჯაპანასა და პლაჟზე გადაღებულ პამელა ანდერსონს არ შეხებია.

შემდეგ ჩაინიშნეს ჩვენი გვარ-სახელი, სიმაღლე, საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ სიით 440-ე აღმოვჩნდით. შეკითხვები, ძირითადად, ჩვენს პლასტიკურ მონაცემებსა და სამსახიობო ნიჭს შეეხებოდა.

გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე წასაკითხად რაიმე ლექსი ან მოთხრობა უნდა მოგვემზადებინა და ისე წარვმდგარიყავით კომპეტენტური ჟიურის წინაშე. თან უნდა გვქონოდა ფოტო საოჯახო ალბომიდან, სადაც სახის გარდა, ჩვენი აღნაგობაც უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი. კასტინგში მონაწილეობაზე დასაშვებად კი 10 ლარი უნდა გადაგვეხადა.

იმ შემთხვევაში, თუ კასტინგს წარმატებით გავართმევდით თავს, 150-ლარიანი კურსების გავლა მოგვიწევდა, სადაც მეტყველებას, პლასტიკასა და არტისტიზმს შეგვასწავლიდნენ.

ჩვენს შეკითხვაზე, ვინ იქნებოდა ჟიურის წევრი ან კურსების პედაგოგი, გვიპასუხეს, რომ ისინი თეატრალური აკადემიის პედაგოგებთან თანამშრომლობენ, მაგალითისთვის კი მანანა ტატიშვილი დაგვისახელეს.

როგორც გვითხრეს, აქამდე მათ ორი ფილმი, საბავშვო კომედია ”ბათუმის მატარებელი” და მძაფრსიუჟეტიანი ”ღამის მანიაკი” აქვთ გადაღებული.

მათი თქმით, პრეზენტაცია, შარშან, კინოს სახლში შედგა, გადაღებული ფილმები მალე DVD-ზე გამოვა და ჩვენც შეგვეძლება მათი ნახვა. გამოცხადებული ფილმის, ისტორიულ-ეროვნულ მხატვრული ”მამლუქნის” გადაღების დაწყების ზუსტი დრო კი არ დაუსახელებიათ, ამისთვის ჯერ ყველა შერჩეული მსახიობი უნდა მოვამზადოთო. კომპანიის თანამშრომლების თქმით, საზოგადოების მხრიდან დაინტერესება დიდია და ყოველდღიურად მათ ოცამდე ახალგაზრდა აკითხავთ.


შემდეგ ტურზე ლექსის წასაკითხად მომზადებულები მივედით. რეგისტრაციის 10 ლარი გადავიხადეთ და შესაბამისი ქვითარი მივიღეთ. ლექსის წაკითხვის შემდეგ, ეტიუდების დრო დადგა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამი დღე ითხოვეს და ამით ყოველგვარი ფორმალობები ამოიწურა.

სტუდიაში ყოფნის დროს, მუდმივად ისმოდა გარეთ მყოფი ბიჭების უცენზურო საუბარი, გინება და აურზაურის ხმა. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ეს არც ისე უჩვეულო ამბავია. მათი თქმით, ბიჭებმა იციან, რომ სტუდიაში არტისტული გოგონები მიდიან და კასტინგებია, ბიჭების ინტერესსაც ეს იწვევს. ამ ფაქტს ღიმილით ეხმიანება კინოსტუდიის პროდიუსერი, ბესიკ ხინთიბიძე: ”ეს ჩვენი თაობის სენია, ბევრს გართობა უნდა, მაგრამ ჩვენ დაცვა გვყავს”.

სხვათაშორის, ბესიკ ხინთიბიძემ ერთ-ერთ გასაუბრებაზე მისვლისას თავი გაგვაცნო ქართული შოუბიზნესის შემომტან ადამიანად საქართველოში. როდესაც ამ ფაქტის არგუმენტებით დასაბუთება მოვთხოვეთ, მან გვითხრა, რომ მისი მოწყობილია ”მის საქართველო - 90”, 90-იან წლებში, სხვადასხვა ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით იგი ხშირად მართავდა კონცერტებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე იმდროინდელ პრესასთან ხშირად საუბრობდა შოუბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე.


როგორც მან გვითხრა, TV-CINEMACOMPANY CEROL 1997 წლიდან არსებობს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანია კასტინგების გზით იყვანს ახალგაზრდა მსახიობებს და, მისი თქმით, ათი ფილმი აქვთ ჩაწერილი. ესენია: ”სიყვარულის ფერია”, ”დაიკარგა ხუჭუჭა”, ”ღამის მანიაკი”, ბავშვთა ტელესერიალი ”ტორტების ქალაქი”, სერიალი ”ერთი კოლეჯის ამბები”, ”სისხლიანი პერანგი”. ჩემს შეკითხვაზე, თუ შეიძლებოდა მათი ფილმების ნახვა, ხინთიბიძემ მიპასუხა: ”პრინციპში, შეიძლება ნახოთ ”ღამის მანიაკი”.

ხინთიბიძის თქმით, ასევე, მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა საბავშვო სტუდია ”რეტრო”, კინოსტუდიის შენობაში შედგა პრემიერა სპექტაკლისა: ”სიყვარული ნარკოტიკის სანაცვლოდ” და სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენებზე მუშაობა ამ დროსაც მიმდინარეობს.

მისი თქმით, კომპანიას შემოსავალი კინოში გადაღებული სარეკლამო პროდუქციიდან აქვთ. თუმცა ქუჩაში გაკრულ სარეკლამო პლაკატზე აღნიშნულია, რომ მათი სპონსორი უკრაინაში მოღვაწე კინოკომპანიების ქსელია.

მსახიობი მედეა ჩახავა, თავისსავე სახელობის თეატრალურ აკადემიაზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მას ამ აკადემიასთან არავითარი საერთო არა აქვს.

როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი მედეა, წლების წინ მართლაც დათანხმდა ბესიკ ხინთიბიძის შეთავაზებას, აკადემიას მისი სახელი ეტარებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აკადემიის რამდენიმე სამუშაო გაკვეთილი ნახა, სწავლების დონით უკმაყოფილო დარჩა. გარდა ამისა, მედეა ჩახავა არასოდეს ყოფილა საქმის კურსში, რა ხდებოდა ამ კომპანიაში და ამიტომ ბესიკ ხინთიბიძეს სთხოვა, აკადემიას მისი სახელი აღარ ეტარებინა, თუმცა მისი თხოვნა ამ დრომდე შეუსრულებელია.

Sunday 15 November 2009

მე ახლა 21 წლისა ვარ :)



იცით რა საყვარელი ლეპტოპი მაჩუქეს?  

და ტორტი კიდევ :)))) მადლობა ოჯახს :D:D:D

Wednesday 11 November 2009

ის, რაც ხდებოდა დღეს...

მომავალი რამდენიმე დღის განრიგი წინასწარ ვიცი ხოლმე და ძალიან არ მიყვარს, როცა რაიმე მიზეზით რაღაცების შეცვლა მიწევს. დღეს კი ფაქტიურად ისე გამოვიდა, რაც დაგეგმილი მქონდა, ვერაფერი გავაკეთე... 

ყველაფერი გუშინ ღამედან დაიწყო, ერთმა ჩემმა რესპონდენტმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ სახელისა და გვარის გამოქვეყნება არ სურდა და არც კომენტარი მოუცია ჩემთვის, თურმე უბრალოდ, ისე მელაპარაკა.... მიუხედავად იმისა, რომ გავუგზავნე ჩანაწერი, სადაც გარკვევით ვეკითხები, შემიძლია თუ არა მისი საუბრის გამოყენება და ისიც გარკვევით მთანხმდება.... მოკლედ, ძალიან მანერვიულა, გვიანობამდე ველაპარაკებოდი facebook-ზე და ღამეც რომ დავწექი, ვფიქრობდი, რამეში მე ხომ არ ვიყავი დამნაშავე. ამას წინა დღეების უძილობა დაემატა და დილით საჭიროზე გვიან გამეღვიძა... :((( გადავწყვიტე ლექციები გამეცდინა და ტელეგადაცემის პროექტი დამეწერა, მერე სოციალური საკითხების გაშუქების კოლოკვიუმი მომემზადებინა, 4-სთვის `ვერსიაში~ წავსულიყავი და მერე სალონში. 

პროექტის ბიუჯეტის დასაწერად კამერებისა და სამონტაჟოების ფასები მაინტერესებდა და ამის გასაგებად ბევრ სააგენტოში დავრეკე, გავუგზავნე მეილები, რამაც საკმაოდ დიდი დრო წაიღო, ამიტომ გადავწყვიტე, რედაქტორისთვის დამერეკა და ტელეფონით შემეთანხმებინა სტატიის თემა, ასეც მოვიქეცი და ზუსტად 6-ის ნახევარზე ვაკის აუზის სალონში ვიყავი. კოსმეტოლოგთან რომ შევედი, სხვა დამხვდა მასთან და შორენამ, ჩემმა კოსმეტოლოგმა მითხრა, შენ 5-ის ნახევარზე იყავი ჩაწერილიო, ძალიან გავბრაზდი, აშკარად 6-ის ნახევარზე ჩავეწერე.... გარეთ ყური მოვკარი, ნინო ანანიაშვილი არის მოსულიო.... როგორც ჩანს, ჩემი რიგიც მან მიითვისა :))) იქნებ რამე შემეშალა და 6-ის მაგივრად, მექანიკურად 5-ის ნახევარი ვუთხარი, მაგრამ რატომ ვეტყოდი? მოკლედ, არ ვიცი.... ის კი ფაქტია, რომ პარასკევს 11-ის ნახევარზე ვიყავი ჩაწერილი მაგავე სალონში და 12-ის 10 წუთამდე ველოდე, მართალია, მე ინგლისური მქონდა სასწავლი და დავჯექი და ვსწავლობდი, მაგრამ 40 წუთით დაგვიანება ყველა შემთხვევაში ცუდია.... მაგის გამო, მერე ინგლისურზეც დამაგვიანდა, შესაბამისად გვიან გამოვედი, მერე სემინარს ვატარებდი და იქაც ძლივს მივუსწარი.

დღევანდელ დღეს რომ დავუბრუნდე, სალონიდან პოპულიში წავედით მე და ჩემი და სოკოს ღვეზელის საყიდლად, აღარ დაგვხვდა და საშინლად უგემური რაღაცები ვიყიდეთ :))) თანაც  ოთხ პოპულს ჩავუარეთ ჩვენი ყვითელი ავტობუსით და ჩემმა დამ, რატომღაც მაინც კოლმეურნეობის მოედანზე წამიყვანა.

უნივერსიტეტში კი მოვახერხე შერბენა და ანკეტის შევსება, სახლშიც გავაკეთე რაღაცები, მარა... :((( მოკლედ, ჩემი სიზარმაცისა და გარემოპირობებით შექმნილი უსიამოვნებების გამო (ვაღიარებ, რომ ძირითადად ჩემი სიზარმაცის, რადგან ორივე დავალება დიდი ხნის წინ მოგვცეს გასაკეთებლად), სოციალური საკითხებიც და პროექტიც ხვალისთვის ისევ გასაკეთებელი მაქვს. პლუს ამას, ზეგისთვის მინდოდა ინგლისურის სწავლა და სიუჟეტის სცენარის გაკეთება, რადგან ხვალ გვიან ვრჩები ლექციებს...  

ხვალიდან გერმანელი ლექტორის სემინარები გვეწყება უნივერსიტეტში, ყოველ საღამოს გვექნება და დიდი ინტერესით ველოდები :)

Thursday 5 November 2009

რას მერჩის თსუ-ს ადმინისტრაცია


3 კვირის წინ სტიპენდიებზე მქონდა სტატია და წყაროებზე დაყრდნობით ვწერდი, რომ 2010 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში სტუდენტთა სტიპენდია გათვალისწინებული არ იყო. რა თქმა უნდა, სტატიაში მქონდა, განათლების სამინისტროს, თსუ-ს და ა.შ. კომენტარები. 
მერე ჩემს მეგობარსაც მივეცი კომენტარი სტიპენდიებზე როგორც სტუდენტმა და ვთქვი, რომ ეს პროგრამა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და გული დამწყდა, როცა გავიგე, შეიძლება 2010 წლიდან აღარ გაგრძელდეს-მეთქი (სიტყვები ზუსტად არ მახსოვს, შინაარსით ასეთი იყო).

დღეს რეკავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან დეკანატში და კითხულობენ წინა სემესტრში მქონდა თუ არა სტიპენდია და რატომ ვამბობ, რომ `სტიპენდიები აღარ არის`. გადავამოწმე და სტატიაში ასეთი რამეს არსად ვამბობ. ამიტომ მრჩება ეჭვი, რომ დაინტერესდნენ რატომ ვიყავი ამ საკითხით ასეთი დაინტერესებული და რატომ ვავრცელებდი სტატიებითა და კომენტარებით ინფორმაციას წამახალისებელი პროგრამის შესახებ.

ძალიან, ძალიან მეწყინა, რომ თსუ-ს ადმინისტრაციაში ტექსტებს კარგად ვერ იგებენ და მეორეც, დაეძებენ და ამოწმებენ ბავშვებს, ვინც გარკვეულ ინფორმაციას ავრეცელებს...  

Monday 2 November 2009

გამოცხადდა კონკურსი სტიპენდიაზე



გამოცხადდა წარჩინებულ სტუდენტთა სტიპენდიის პროგრამა. პირობები იგივეა, რაც წინა სემესტრებში, ანუ 81-100 ქულამდე შეფასება ყველა საგანში, სასურველია სტატიები ან კონფერენცებში მონაწილეობა. საბუთების მიღება 13 ნოემბრამდეა. ესეც ანკეტა...