Thursday 30 December 2010

4 წლიანი მოლოდინის შემდეგ

თსუ-ში დიპლომების გაცემა დაიწყო. ა-დან მ-მდე გვარების დიპლომებია ჯერჯერობით მზად. აღმოჩნდა, რომ დამატებითი სპეციალობა დიპლომში მართლაც არ იწერება, სამაგიეროდ, მოჰყვება 15 გვერდიანი დანართი ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც ყველაფერი დეტალურად არის ჩამოწერილი, თითოეულ საგანში მიღებული ქულაც კი. დიპლომები არის ლურჯი და წითელი ფერის. როგორც მახსოვს, წითელს GPA 3.45-ის ქონის შემთხვევაში გასცემენ. რადგან ბევრი მეკითხება რა საბუთებია საჭირო დიპლომის გამოსატანად, გადავწყვიტე ბლოგზე მოკლედ ჩამომეწერა.
1. ცნობა მაღლივის ბიბლიოთეკიდან, რომ წიგნები გატანილი არ გაქვთ;
2. ცნობა სტუდენტთა საფინანსო განყოფილებიდან (მე-2 კურპუსი, 153 ოთახი, მაია კობახიძესთან), თუ უფასოზე იღავით, ეს ცნობა არ დაგჭირდებათ;
3. პირადობის მოწმობა;
ამ საბუთების მოგროვების შემდეგ შეგიძლიათ მიაკითხოთ მე-2 კორპუსს,მე-2 სართულზე სასწავლო დეპარტამენტს და მოითხოვოთ დიპლომი მე-3 და მე-4 მაგიდებთან. სიაში მხოლოდ ხელის მოწერა მოგიწევთ და 2 წუთში თავისუფალი ხართ.
დიპლომის სხვაზე გაცემა შეიძლება მხოლოდ ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის ქონის შემთხვევაში.
და კიდევ ერთი ინფორმაცია, თსუ-ს ფილიალის სტუდენტებისთვის - სოხუმის ფილიალის კურსდამთავრებულებმა პირადობასთან ერთად უნდა წარადგინონ შემოვლის ფურცელი, რომელსაც სოხუმის უნივერსიტეტი გასცემს, დანარჩენი ფილიალის კურსდამთავრებულებმა - მხოლოდ პირადობა.

Wednesday 10 November 2010

გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდან ჩამოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტების რაოდენობა (832) დაახლოებით 4-ჯერ აღემატება ქვეყნიდან გაგზავნილების რაოდენობას (215) (საიტზე 2010 წლის მონაცემი ჯერჯერობით განთავსებული არ არის).

ჩამოსულების დიდი ნაწილი ინდოელი, აზერბაიჯანელი ან თურქია. ქართველი სტუდენტების უმეტესობა კი სასწავლებლად ევროპის ქვეყნებს ირჩევს.

დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რომელი პროგრამების ფარგლებში და სწავლების რომელი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) წასული ან ჩამოსული სტუდენტების მონაცემებია აღრიცხული, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ის ყველა პროგრამას მოიცავს.

დეტალური სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია:

Saturday 30 October 2010

ქართული ინტერნეტ ტელევიზიები


ინტერნეტ ტელევიზია სატელევიზიო მომსახურების ინტერნეტით მიწოდებას გულისხმობს. ის აერთიანებს ორი ტიპის ტელევიზიას: ერთი, რომელიც ასლია ტრადიციული სატელევიზიო არხებისა (მათ IPTV-ს უწოდებენ ) და მეორე, რომელიც თავად ქმნის სატელევიზიო პროდუქტს. შესაძლოა, რომელიმე საიტს ორივე ეს ფუნქცია ჰქონდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ისინი ერთმანეთისგან განცალკევებულია.
ვებ სივრცეში პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიების შესახებ განსხვავებულ აზრებს წააწყდებით. gevision.ge მიიჩნევს, რომ ის პირველი ინტერნეტ ტელევიზიაა, იგივე ამბიცია აქვს itv.ge-ს, ასევე პირველ ინტერნეტ ტელევიზიადაა ცნობილი kolkha.org

kolkha.org კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ტელევიზია ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ლაზურ ენაზე ლაზებისთვის მაუწყებლობდა. ამ დროისთვის საიტზე განახლებები არ არის, როგორც ჩანს, ტელევიზია აქტიურად 2007-2008 წელს მუშაობდა. გარდა სიუჟეტებისა, საიტზე ლაზურ დიალექტზე თარგმნილი ფილმები და მუსიკაა განთავსებული.

gevision.tv ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსულმა ჟურნალისტებმა 2007 წლის 8 ნოემბერს შექმნეს. ტელევიზია ექსკლუზიურ მასალაზე იყო ორიენტირებული. საიტის ადმინისტრაციას 24 საათიანი მაუწყებლობის სურვილი ჰქონდა, თუმცა ტელევიზიამ მუშაობა 2009 წლის 28 დეკემბერს, უსახსრობის გამო, შეაჩერა.

itv.ge შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა. ის 2009 წლის 31 მარტიდან ფუნქციონირებს. itv.ge „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ნაწილია, რომლის შემადგენლობაში შედის www.presa.ge და www.bp.ge.

tetrebi.org
პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის. ის სულ ახლახან, 12 ოქტომბერს შეიქმნა თემურ შაშიაშვილის პარტიის "თეთრი მოძრაობის" მიერ. როგორც საიტზეა აღნიშნული, ტელევიზიის შექმნის მიზეზი ქვეყანაში არსებულმა სიტყვის თავისუფლების არქონა გახდა.

რაც შეეხება ქართულ აი-პი ტელევიზიებს (IPTV), მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა ქვემოთ მათი უმრავლება ჩამოთვლილია:

http://myvideo.ge/
http://tvali.ge/
http://www.iptv.ge/ka/home
http://georgiantv.net/
http://televizia.navi.ge/
http://www.internettv.ge/
http://livatv.com/
http://jini.ge/load/online_tv/55
http://www.kio.ge/livetv.php
http://nettv.ge
http://www.internettv.ge
http://www.jikhatv.com/index/int_ernet_t_elevizia/0-12

Sunday 17 October 2010

მიკრობლოგინგი VS ბლოგინგი „თან კლავს, თან აცოცხლებს“

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მიკრობლოგინგის (ტვიტერი, ფეისბუქი და სხვა) აქტიური გამოყენება ბლოგინგის ხარჯზე ხდება. მიზეზი მარტივია - მიკრობლოგინგი შეტყობინების მოკლედ და მარტივად გადაცემის შესაძლებლობას იძლევა.

ერთ-ერთი პირველი აქტიური ქართველი ბლოგერი, დოდი ხარხელი, დღეს იშვიათად ანახლებს ბლოგს,თუმცა Facebook-ში დღის განმავლობაში არაერთ სტატუსს ცვლის. მიიჩნევს, რომ ეს საკმაოდ ბევრი ბლოგერის პრობლემაა: „როდესაც რამეს წააწყდები, მოგაფიქრდება, ფეისბუქზე/ტვიტერზე უცებ აშეარებ, ჯამში „იცლები“ და ემოციები, ფიქრები და ლინკები, ბლოგისთვის აღარ რჩება. ყველაფერი უკვე „დაიხარჯა“ ანუ ფეისბუქი რომ არ იყოს, ბლოგზე ყველა გაცილებით უფრო აქტიური იქნებოდა. ბლოგი იქნებოდა დასაცლელი ადგილი.“

თუმცა მსგავსი ტენდენციას უმეტესად ძველ ბლოგერები ამჟღავნებენ, რაც შესაძლოა, იმითაა გამოწვეული, რომ მათ ბლოგინგი უბრალოდ მობეზრდათ ან უკვე მიაღწიეს იმას, რისი მიღწევაც ამ ბლოგით სურდათ.
„ბლოგს წერ იმისთვის, რომ გარკვეული სახის CV-ია და იდეაში გულისხმობ იმასაც, რომ პოტენციური დამქირავებელი წაიკითხავს და ამით ფულსაც იშოვი. სხვაგვარად გიჟი უნდა იყო ან ძალიან მეოცნებე, რომ დრო და ენერგია ტყუილად ხარჯო. როდესაც უკვე ამ ანაზღაურებად სამსახურს ნახულობ, ნაკლები მოტივაცია გაქვს და მზად ხარ ფეისბუქზეც დაიცალო,“ - ამბობს ბლოგერი გოჩა გაბოძე. ის წელიწადია ბლოგს აწარმოებს და ამავე დროს მიკრობლოგინგის აქტიური მომხმარებელია, - „ვცდილობ, რომ ის თემა, რომელზეც ბლოგზე ვაპირებ დაწერას მხოლოდ მას შემდეგ დავაშეარო, რაც პოსტს დავწერ. პირიქითაც ხდება, როდესაც ტვიტერი და ფეისბუქი ბლოგზე დასაწერ იდეას მაწვდის. ორმხრივი პროცესია, მიკრობლოგინგი ბლოგინგს თან კლავს, თან აცოცხლებს.“

ბლოგერი თამუნა კარელიძე ფეისბუქს აქტიურად იყენებს, თუმცა მისთვის ბლოგი შეუცვლელია: „ფეისბუქზეც ვარ, ტვიტერზეც, მაგრამ ბლოგი ჩემთვის სხვაა. თუ რამე სტატიის დაწერა მომინდება, ფეისბუქის ჩანაწერებში წერას ბლოგზე დაწერა მირჩევნია და მერე იმის ფეისბუქზე, ტვიტერზე, ფორუმზე დადება...“

ერთ-ერთი გამოცდილი ქართველი ბლოგერი თათა მორჩილაძე ინფორმაციის გადაცემის წყაროს იმის მიხედვით არჩევს, თუ რა ოდენობის ინფორმაცია აქვს გასავრცელებელი: „თუ ბევრი გაქვს მოსაყოლი, ბლოგი ჯობს, თუ ცოტა შეიძლება არც კი დაწერო ბლოგზე და ეგრევე „მიასტატუსო“ ფეისბუქზე.“

ქართული ბლოგების აგრეგატორ blogroll.ge-ზე ამ დროისთვის 811 ქართველი ბლოგერია რეგისტრირებული, რომელთა საშუალო აქტივობა დღის განმავლობაში, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში 19-დან 305-მდე პოსტით განისაზღვრება.

Friday 27 August 2010

ჩატარდა თუ არა დასაქმების ბაზრის კვლევა საქართველოში და ვინ წყვეტს, რომელ პროფესიებზეა დღეს მოთხოვნა


მომავალი წლიდან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სასწავლო გრანტის პირველი 20% ჰუმანიტართა ყველაზე ნიჭიერი ნაწილის დაფინანსებაზე დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი 80%-ით საბუნებისმეტყველო სპეციალობების სტუდენტები დაფინანსდება.

ამის შესახებ თვითონ პრეზიდენტმა ისაუბრა გუშინ მასწავლებლებთან შეხვედრაზე. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის პირად შეხედულებას ეფუძნება:
"პრეზიდენტმა განმარტა, რომ მთელ მსოფლიოში მომრავლდა უმუშევარი იურისტები და ეკონომისტები, მაგრამ გაზრდილია მოთხოვნილება ტექნიკური მიმართულების სპეციალისტებზე: ”ჩვენ გვჭირდება ოფიცრები, მშენებლები, ინჟინრები, არქიტექტორები” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. იგეგმება ქალაქგარეთ საინფორმაციო-ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრის მშენებლობა, შეიქმნება ძლიერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს."

ფაქტია, გრანტის ასეთი განაწილება საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებაა და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა ჩატარდა თუ არა დასაქმების ბაზრის კვლევა საქართველოში და ვინ წყვეტს, რომელ პროფესიებზეა დღეს მოთხოვნა.
ვინმეს გჯერათ, რომ დღეს მშენებელი და ინჟინერი უფრო ადვილად დასაქმდება ვიდრე ეკონომისტი ან იურისტი? ძალიან მარტივად რომ ავიღოთ დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი, რომელიც ვაკანსიების სორტირების საშუალებას გვაძლევს და დავაკვირდეთ სტატისტიკას ამ წუთისთვის "მშენებლობა/ინჟინერია/ არქიტექტურა" ამ კატეგორიით 1 განცხადება მოიძებნება, ხოლო "საკანონმდებლო/იურიდიული მომსახურება" ამ კატეგორიით 12 განცხადება.

ბუნებრივია, ტექნიკური სპეციალობების პრიორიტეტულობის წინააღმდეგი არ ვარ, იქნებ მართლაც ფიზიკა-მათემატიკაშია ჩვენი შველა, უბრალოდ იქნებ როდისმე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ფაქტებს და სერიოზულ კვლევებს დაეფუძნოს და არა ემოციებს და პირად გადაწყვეტილებებს, თუნდაც ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი იყოს, როგორადაც მე სააკაშვილს მივიჩნევ.

Thursday 12 August 2010

ქობულეთისკენ

თბილისის რკინიგზის სადგურში ბათუმისკენ ბილეთების საყიდლად იმ იმედით მივედი,რომ რიგი დამხვდებოდა და წასვლის წინ ერთ რეპორტაჟს გავაკეთებდი,თუმცა ასე არ აღმოჩნდა. რკინიგზა მშვენივრად გაუკეთებიათ, ბევრი სალაროა და რიგიც არ აღმოჩნდა. მატარებლით მგზავრობა ჩემთვის ყველაზე კომფორტულია: სიგრილეა,ბარგს თავისუფლად აწყობ,კარგი სავარძლებია,5 საათში ჩადიხარ და 23 ლარიც ნორმალური ფასია. მთავარია, არ დაგავიწყდეს და ერთი კვირით ადრე დაიჭირო ბილეთზე თადარიგი.
ზღვაზე გოგოებთან ერთად პირველად წავედი,

ქობულეთში დავბარგდით. საღამომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ როგორც კი დაღამდა და მიმდებარე ბუნგალო–რესტორან–კაფეებში მუსიკა ჩაირთო, მივხვდით, რომ იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. ბოლოს კი ვნახეთ ორი კაფე – "ბობ მარლი" და "ბორა–ბორა", სადაც ბენდი ცოცხლად უკრავდა სხვადასხვა დროის ჰიტებს. "ბობ მარლიში" მეგი გოგიტიძის და ბენდი "სანის", "ბორა–ბორაში " ახალშექმნილი უსახელო ბენდის მოსასმენად თითქმის ყოველდღე დავდიოდით. საჭმელს რაც შეეხება, ყველგან ერთნაირი ფასებია: ცივი ყავა 3 ლარი, ნაყინიანი ყავა 4, ხილის ასორტი 12, პიცა 10–12, ხაჭაპურები 6–8...

მოგვეწონა ახალგახსნილი კლუბი "რიო", სადაც დაცვა ზედმეტად აქტიურია და თუ ფეხები აიკეცე, ან სადმე "არადასაჯდომ ადგილას" ჩამოჯექი, შენიშვნას მოგცემენ, თუ ბიჭს ეცეკვები, გაგიყვანენ, გამოგკითხავენ მასთან ცეკვა გინდა თუ არა და ისე დაგტოვებენ. არ მომეწონა "სტრეპტოციტის" სიტუაცია, არც მუსიკა და არც ხალხი, კლუბში რამდენიმე "ფეისი" შევნიშნე :)
პლაჟზე ლეიბორისტ სოსო შატბერაშვილს ვხედავდი ხშირად თავისი "პრადოთი".

გამიხარდა სანაპიროზე ბანანები და სკუტერები რომ აკრძალეს, წყალს ძალიან აბინძურებენ. ზღვიდან გამოსულს ხშირად მქონია მაზუთიანი ფეხები, არადა ვიცი, რომ ქვიშა "შინაურული" სკრაბია და ფეხებს არბილებს და უფრო ნაზს ხდის.

აღმაშენებელზე გზა უკვე გაკეთებულია, ახლა რუსთაველის ქუჩას აკეთებენ და იქაური ბინის მეპატრონეები ჩივიან, დამსვენებელი აღარ მოდის ჩვენთანო.
ზოგადად, ქალაქში სიმშვიდეა და წესრიგია, არ გამიგია ვინმეს რამე დაეკარგოს ან რამე ინციდენტი მომხდარიყოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნასვამი დადის.

Sunday 25 July 2010

"არტ-გენი" 2010 დასრულებულია


"არტ-გენი" 2010 დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კარგად შევშინდი გასაყიდად მოყვანილი გველის გამო, მთლიანობაში სასიამოვნო საღამო იყო. მართალია,სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ჯგუფების მოსმენით თავი არ მომიკლავს, სამაგიეროდ, ყურადღებით დავათვალიერე გამოფენაზე გამოტანილი ნივთები, სასარგებლო ინფორმაციებიც მოვაგროვე და იქვე ნათხოვი აპარატით რამდენიმე ფოტოც გადავიღე ბლოგისთვის.

გამოფენაზე გამოტანილი ნივთები, როგორც წესი, ძვირი ღირდა და უბრალოდ მოწონების გამომხატველი შეძახილებით ვნახულობდით ყველაფერს. ერთმა ქალმა, რომელიც თექის ნივთებს ყიდდა, გვითხრა, რომ მოსწავლეებს სულ უფასოდ ასწავლის, მთავარია, თექაზე მუშაობის სურვილი გქონდეთ და სკოლის ატესტატი. მოკლედ, მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, როგორც თვითონ ამბობს, "საბურთალოელ ხევსურს", დალი ნამგალაურს 30-99-24 და ისწავლოთ კერვა, ქსოვა, თექაზე მუშაობა...

თუ ხის ჯვარი გაქვთ, ეს რჩვა თქვენ გამოგადგებათ. ბუნებრივია, ჯვარი ისევე იჭუჭყება როგორც ტანსაცმელი და მასაც მუდმივად სჭირდება გასუფთავება. გასუფთავებას კი თავისი წესები აქვს, როგორც თამაზ ციბაძე ამბობს. მოკლედ, წმენდთ ჯვარს საპნით, საპონს წყლით აცილებთ და მზეზე კიდებთ გასაშრობათ, ამის შემდეგ სურნელოვან ზეთს (თუ გსურთ, მზესუმზირის ზეთს, უბრალოდ, სურნელოვანი კარგი სატარებელი იქნება) უსვამთ და ცოტა ხანში ამშრალებთ. ზეთის წასმა თავიდან აგაცილებთ ხის ლპობას, გამოშრობას...რაც შეეხება თვითონ თამაზ ციბაძეს, ის ხისგან ხატებს და საეკლესიო დღესასწაულების გამომსახველ სურათებს ამზადებს, მას სურს, რომ ცოტა ხანში ყველა დღესასწაულის ხატი ჰქონდეს.

ფესტივალი "არტ-გენი" უკვე 7 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე 100-ზე მეტი კონცერტი და ღონისძიება ჩატარდა. ყველაფერი 2004 წელს ჯგუფ "არტ-გენის" შექმნით დაიწყო, რომლის ძირითადი მიზანი ქვეყანაში არსებული სოციალურ-კულტურული პრობლემების დაფიქსირება და მათი წარმოჩენა იყო. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს ის წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ფესტივალს, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 30 – 40 ათასი ადამიანი ესწრება. "არტ-გენი" ყოველწლიურად ვითარდება და ახალ-ახალ თემებს იძენს, წლევანდელი ფესტივალის ახალი თემა "ქართული დამწერლობა" იყო.

Sunday 18 July 2010

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

რამდენიმე დღის წინ კიკიტომ დამთაგა თემაზე: 5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ პირადი ამბები მკითხველს თავს არ მოვახვიო, სიამოვნებით ვიღებ პირველ დათაგვას და ჩამოვწერ 5 რამეს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და ახლა მახსენდება.

1. მიყვარს მომენტი,როცა მასალაზე მუშაობას დავასრულებ და რედაქტორს გადავუგზვნი. მძიმე ტვირთი მეხსნება ხოლმე ამ დროს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რთული თემა იყო და დიდხანს მიწევდა ამაზე მუშაობა. ასეთ დროს სტატიის ბოლომდე მიყვანამდე განცდებსა და ფიქრებში ვარ და ვერ ვისვენებ ხოლმე.

2. მიყვარს თავის მოვლა, განსაკუთრებით მანიკურის გაკეთება. ეს ჩემთვის როგორი წმინდა პროცედურაა ვერ წარმოიდგენთ :)

3. მიყვარს ჩემი სახლი და სახლის სრულყოფილად დალაგება. სახლი თუ ბოლომდე კარგად დალაგებული არ არის, ვერ ვისვენებ.

4. მიყვარს ტრეინინგები, განსაკუთრებით ქალაქგარეთ :) გუშინ ჩამოვედი ბაზალეთიდან, ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე ტრეინინგი და შეიძლება ემოციის გამო მოხვდა ეს პუნქტი ამ სიაში :)

5. მიყვარს ზაფხული. ეს სიყვარული, მე მგონი, წინა წლებიდან ინერციით მომყვება. მაშინ ზაფხული მთლინად უსაქმურობის, გართობის და დასვენების პერიოდი იყო. დღეს მთლად ასე არაა, თუმცა წლის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო დღეები, ალბათ, წელსაც ზაფხულში იქნება.

ესაა ის ხუთი, რაც ამ წუთში გამახსენდა. თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მახსენდებოდა ვწერდი.
მადლობა კიკიტოს. მე ვთაგავ ლათათიას ბლოგს

Thursday 15 July 2010

"ნანუკას შოუს" "განსხვავებული" ფორმატი


"ნანუკას შოუს" დაახლოებით ერთი კვირა ველოდებოდი,სცენა მართლაც არაჩვეულებრივი იყო, თუმცა მხოლოდ სცენა... დაწყებიდან 15 წუთში სხვა არხებზე გადართვა დავიწყე. ველოდებოდი ძალიან მაგარ გადაცემას, ისეთს, როგორიც არასოდეს მინახავს, არადა, აღმოჩნდა:
* ჟურნალისტური კეკლუცობის გამოვლინებები მთიან სოფლებში მომზადებულ სიუჟეტებში თემაზე – უყურებთ თუ არა "ნანუკას შოუს". ცოტა გაუგებარია, რატომ არის აუცილებელი მთაში წასულმა ყველა ჟურნალისტმა იქ ხაჭაპურების ცხობა, ბალახის მოთელვა და სხვა კეკლუცობები დაიწყოს;
* სასტუმროების რეკლამები;
* ზაზა შენგელიას ქება ნანუკასა და "ნანუკას შოუს";
* პრეზიდენტის პოლიტიკური გამოსვლები (რამდენიმე წუთს თუ არ ჩავთვლით, რომელიც პრეზიდენტს საოცრად უბრალოებასა და ადამიანურობას უსვამდა ხაზს);
* ლელა წურწუმიას, დუეტ "ჯორჯიას", გიო ხუციშვილის სიმღერა, "ღამის შოუს" ნაკლებად სასაცილო დიალოგები... მითხარით, რომელია აქედან უცხო?
ერთადერთი ახალი სახეები: დამწყები დიზაინერის ჩვენება და მომღერალი (მომღერლის გვარი დამამახსოვრდა – ქათამაძე). თუ რამე გამომრჩა, შემახსენეთ.
ან როგორ უნდა ყოფილიყო უცხო და ახალი 3 საათიანი გადაცემა!!! არადა, ანონსი ძალიან ძლიერ მოლოდინს ქმნიდა. ასეთი ანონსის გარეშე რომ მენახა ეს ყველაფერი, ბევრად უკეთესი მომეჩვენებოდა, რადგან ნაკლები მოლოდინი მექნებოდა.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა ქართულ მედიაში, როცა ჟურნალისტი ასე ცდილობს გააკეთოს განსხვავებული და ორიგინალური გადაცემა.

***
რამდენი სისპეტაკე და "სისათუთეა" ჩვენ გარშემო


Wednesday 14 July 2010

რას ნიშნავს ქრისტიანობა?


აპატრიარქო კუთვნილი შენობიდან 15 გაჭირვებულ ოჯახს ასახლებს. მათ შორის 30 ბავშვია, მათგან ყველაზე უფროსი 13 წლისაა, რამდენიმე კი ახალშობილია. საპატრიარქო შენობაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული ინსტიტუტის ფილიალის გახსნას გეგმავს.

ავჭალაში, ლიბანის 33-ში ყოფილი პროფტექნიკუმის შენობა რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის სამინისტროს საპატრიარქოსთვის გადაუცია. რუსეთ-საქართველოს ომის დროს შენობაში იძულებით გადაადგილებული პირები შესულან. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათ სხვა ფართები გამოუყო, მათი ადგილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფმა, უსახლკარო ოჯახებმა დაიკავეს. როცა შენობაში შედიოდნენ, მასზე მეთვალყურეობა იაგო ღუდუშაურს ჰქონდა დაკისრებული (ხოლო მანამადე ნოდარ შიოლაშვილს, სხვათაშორის, ორივე პატრიარქის ბიძაშვილია). მაცხოვრებლები ღუდუშაურს ძალიან ემადლიერებიან. ხუთშვილიანი დედა ნინო ბუთხუზი იხსნებს, რომ მან არაერთხელ მისცა ფული ბავშვის სამკურნალოდ. როგორც ერთ-ერთი მაცხოვრებელი ინგა მორბედაძე ამბობს, მათ იცოდნენ, რომ შენობაში 3 წელი უნდა გაჩერებულიყვნენ, თავად შიოლაშვილი კი მორბედაძის ნათქვამს უარყოფს და ამბობს, რომ მას დროებით შეფარება სთხოვეს, ეს “დროებით” შეიძლება 1 კვირაც ყოფილიყო...
ასეა თუ ისე, საპატრიარქო თავისი შენობის დაცლას ითხოვს, ისე რომ, სულაც არ აინტერესებს სად წავლენ იქ მაცხოვრებლები. რა თქმა უნდა, იურიდიულად საპატრიარქო მართალია, თავისი საკუთრებაა და რასაც უნდა, იმას უზამს, მაგრამ... რა განსხვავებაა საპატრიარქოსა და ვთქვათ, ბანკს შორის? როცა ბინას ვერ გამოისყიდის მეპატრონე, ბანკი მას ძალის მეშვეობით ასახლებს. თუ 17 ივლისამდე შენობას არ დაცლიან ლიბანის 33-ში მაცხოვრებლები, მათ პოლიციის მეშვეობით, ძალით გაიყვანენ. ხედავთ განსხვავებას? მე ვერა, არადა, გაჭირვებულის დახმარებას ბანკისაგან განსხვავებით, საპატრიარქო, უფრო სწორად ქრისტიანობა ქადაგებს.
არ მესმის პატარა, საყვარელი პატარების ქუჩაში გაყრას რა ღირებულება უნდა დაუპირისპირო ქრისტიანული მორალის გასამართლებლად.









Sunday 11 July 2010

იქნებ ვინმეს გამოგადგეთ...

ძალიან მენანება ამდენი წლის მანძილზე, უნივერსიტეტის წყალობით, დაგროვილი ქსეროქსების გადაყრა, თუმცა საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს, აღარც მჭირდება. თავიდან გადავწყვიტე კახეთში წამეღო, მაგრამ იქაც ტყუილად უნდა ყოფილიყო ყუთში, არადა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ სტუდენტს დასჭირდება და თავიდან მოუწევს ამის გადაღებაში ფული გადახდა და რიგში დგომა. ამიტომ გადავწყვიტე ჩამოვწერო მასალები, რომლებიც აღარ მჭირდება, თუ რომელიმე მათგანი დაგაინტერესებთ, მითხარით და მოგაწვდით.
1. ანალიზური ჟურნალისტიკა, ანა ასათიანის მასალები, ყველაფერი
2. პიარი და ჟურნალისტიკა: მე-3 თავი პრ-ის როლი ორგანიზაციის სტრუქტურული სქემის ჩამოყალიბებაში; მე-6 თავი პრ ბიზნესში
3. კონფლიქტების გაშუქება: საომარი ჟურნალისტიკა, სამშვიდობო ჟურნალისტიკა და ერაყზე თავდასხმა
4. “კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა”:
I თავი კონფლიქტის ბუნება და მისი მართვა;
II თავი გენდერი _ სოციალური სქესი. საზოგადოება
IV თავი მშვიდობის მშენებლობა
V ქალი და მშვიდობის მშენებლობა
5. სოციალური ფსიქოლოგია:
1. სოციალური ფსიქოლოგიის საგანი და ამოცანები (I თავი)
2. ჯგუფები მე-7 თავი
3. დარწმუნება და კომუნიკაცია მე-2 თავი
4. პროსოციალური ქცევა
5. დათმობა (მიყოლა)
6. სოციალური კოგნიცია (მე-3 თავი)
7. ინტერპერსონალური მიზიდვა, აფილიაცია, მოწონება და სიყვარული (თავი V)
8. პიროვნება, ინდივიდუალური განსხვავებები და მე (სელფი)
9. აგრესია
10. სოციალური პერცეფცია: როგორ ხდება ინდივდის მიერ ინდივიდის აღქმა, თავი მე-2
6. ფსიქოლოგიის შესავალი და საფუძვლები:
ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები თავი 2
ადამიანის განვითარება ცხოვრების მანძილზე; თავი 11
მოტივაცია თავი 12
ფსიქოლოგიის მეცნიერება ჩვენს ცხოვრებაში თავი 1
შეგრძნებები თავი 4
აზროვნება
ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები თავი 3
ინტელექტი
7. იურიდიული ფსიქოლოგია
8. ბიზნესის და ორგანიზაციის ფსიქოლოგიები:
ბიზნესის ორგანიზაციები ნაწილი 2
ტექნოლოგიური გარემო
ფსიქოლოგია და ინდუსტრია თავი 1
ბიზნესის საფუძვლები თავი 1
ბიზნესის გარემო, მკროეკონომიკური ინდიკატორები
ფსიქოლოგიის საგნის გაგების ეტაპები
ჯგუფთაშორისი ურთიერთობები და კონფლიქტი მე-5 თავი
შრომითი ჯგუფები თავი 4
კომუნიკაცია მე-7 თავი
ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მოკლე ისტორია
9. გამოცდილებითი სწავლა - სწავლების მეთოდები
10. სტატისტიკა ფსიქოლოგებისთვის: 1 თავი და მე-6 თავი
11. ქართული ენა:
ორთოეპია
ჩიქობავა “ქართული ენის ზოგადი დახასიათება”
“ერთი ტიპის კონსტრუქციის ევოლუციისათვის ქართულში~ ა. პაპიძე
“ქართული ჟურნალ-გაზეთების სახელების მოტივაციისა და სტრუქტურის საკითხები”, მ. ტაბიძე
“დარღვევები თანამედროვე გამოყენებისას თანამედროვე ქართული პრესის ენაში~, კალანდაძე
“ზმნასთან დაკავშირებული ზოგი საკითხი თანამედროვე ქართული პრესის ენაში~ ა. პაპიძე
“ზოგიერთი აბრევიატურა”
“მნიშვნელობის თვალსაზრისით შეუფერებელი სიტყვათშეთანხმებანი თანამედროვე ქართული პრესის ენაში”, თ. ზურაბიშვილი, ც. კალაძე
სიტყვათგანლაგება მარტივ თხრობით წინადადებებში თანამედროვე ქართულში”, შ. აფრიდონიძე

ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ზ. ჭუმბურიძე, კონსპექტები
ენათმეცნიერება კონსპექტები, კონსპექტები
“ძველი ქართული წარწერები” თავი 1
შედარებითი ლიტ.მცოდნეობის მასალები
პრაქტიკული სტილისტიკა და ენის ნორმალიზაციის საკითხები
თანამედროვე ქართული პროზის ძირითადი მიმართულებები

მომწერეთ
gelashvili.nino@yahoo.com

Friday 9 July 2010

საერთო სამაგისტრო გამოცდა _ რაოდენობრივი მსჯელობა

როგორც წესი, გამოცდების ცენტრი ტესტებს თავისი სწორი პასუხებით, 15 დღეში აქვეყნებს. ვერ ვხვდები რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი იმავე საღამოს თუ არა მეორე დღეს გამოქვეყნდეს. თითქმის ყველა პასუხი მახსოვს და თვითონ ვნახავდი როგორ დავწერე, თუმცა ისედაც ვიცი, რომ საშინლად დავწერე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზღვარს გადავლახავ. ახლა ჩამოვწერე შეკითხვები რაოდენობრივი ნაწილიდან ისე, რომ გასაგები იყო გამოცდაზე გასულებისთვის. იქნებ ერთად ვსრულყოთ და მივიდეთ სწორ პასუხებამდე (ფრჩხილებში ვაწერ მე რა პასუხი დავწერე):

1.ხუთციფრიანი რიცხვიდან 13279 რომელი ციფრი უნდა ამოვიღოთ, რომ უმცირესი ოთხნიშნა რიცხვი მივიღოთ? (3)
2.A და B ქალაქებიდან გამოვიდა ორი ავტომობილი, რომელიც მუდმივი სიჩქარით მოძრაობდა. როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, A ქალაქიდან გამოსული მანქანას გზის ერთი მესამედი ჰქონდა გავლილი. რამდენჯერ მეტია B ქალაქიდან გამოსული მანქანის სიჩქარე A ქალაქიდან გამოსული მანქანის სიჩქარეზე? (2-ჯერ)
3.ტრაპეციაში ჩახაზული სამკუთხედების პერიმენტრები;
4.კვადრატში ჩასმული ციფრები. რომელია რა ციფრით შეიძლება შევცვალოთ N ნიშანი? (9)
5.კასრის ავსება (7 ლიტრიანი)
6.გრაფიკები პლაკატების დაბეჭდვაზე (თებერვალში ყველაზე მეტი, დეკემბერში ყველაზე ნაკლები)
7.მეორე გრაფიკი ა და ბ ქალაქებზე (3-ზე სადაც იყო);
8.რა დღე შეიძლებოდა ყოფილიყო 1 იანვარი, თუ იანვარში ოთხი ორშაბათი და ოთხი პარასკევი იყო (იანვარი 31 დღითაა). (აქ ზუსტად ვიცი, რომ შეცდომით კვირა მიწერია);
9.ოთარის ასაკი (ა, ანუ I პირობა არის საკმარისი, II არ არის საკმარისი);
10.იგივე ტიპის მეორე ამოცანა პერიმეტრებზე;
11.ამობრუნებული კუბის სურათი (ბ)
12.ბოლო ამოცანა წყლის დონეზე;
13.ტრაპეციისა და სამკუთხედის მოცულობების მიმართების დადგენა, თუ------მაშინ-----" ;
14.სამკუთხედში კუთხის განსაზღვრა (50)
15.წრეწირში ჩახაზული ფიგურის ფართობი (არ დამიწერია);
16.ბოლო ამოცანა სითხის ამობრუნებაზე (მგონი, ბ მიწერია, ვიცი სისულელეა);
17.5 გრამ ლურჯ საღებავს რამდენი გრამი წითელი საღებავი უნდა დავამატოთ, რომ საერთო ჯამში წითელი ლურჯის 75% გახდეს? (45);

Thursday 17 June 2010

რატომ შეიძლება მომენატროს თსუ?

დღეს ბოლო გამოცდაც ჩავაბარე და თსუ-სთან ოთხწლიანი ურთიერთობა დავამთავრე. Facebook-ზე ყოველი შესვლისას ბოლო ზარის სურათები და "მომენატრება", "გული მწყდება" კომენტარებს ვხედავ. ცოტათი, ალბათ, მეც მომენატრება, თუმცა განსაკუთრებულ "გულის წყვეტას" ვერ ვგრძნობ. სკოლის დროსაც ასე ვიყავი, არც შევმცდარვარ, არ მომნატრებია, უბრალოდ კარგად მახსენდება, თსუ-ც ასე იქნება;
საერთოდ, როცა კარგად აგრძელებ, როცა შემდეგი საფეხური გხვდება, მაშინ ნოსტალგია და მონატრება ნაკლებად ჩნდება. მაგალითად, თუ მაგისტრატურაში ჩავაბარე ისე, როგორც მინდა, მაშინ არ ვიტყვი, ნეტა ისევ წინა წელი იყოს-მეთქი...

და თუ თსუ-ში გატარებული წლების დაბრუნება მაინც მომინდება, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცები შევცვალო, რაღაც სწორად არ გამიკეთებია... სწავლით კარგად ვსწავლობდი და ამ მხრივ, რაც შეიძლება სტუდენტს წაეღო, მაქსიმალურად მიმაქვს, თუმცა ვფიქრობ, რამდენად სწორად ვანაწილებდი დროს, რამდენად სწორი პრიორიტეტები მქონდა... ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება.

ფოტოს ავტორი: ლევან მელიქიშვილი

Thursday 10 June 2010

სემინარი - მედია და არჩევნები

მე-4 კურსელებისთვის ხვალ უნივერსიტეტში ბოლო სასწავლო დღეა, შეგვიძლია ეს დღე ნაყოფიერად გამოვიყენოთ და დავესწროთ სემინარს დღეს ყველაზე აქტუალურ საკითხზე: არჩევნების გაშუქება.მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ამ თემაზე სპეციფიკური კურსი არ გაგვივლია. მოკლედ,
11 ივნისს, თსუ VI კორპუსის დარბაზში, 14:00 საათზე გაიმართება ამერიკელი პროფესორის, ჩრდილოეთ დაკოტის შტატის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ლექტორის – მარკ მაისტერის საჯარო ლექცია თემაზე: მედია და არჩევნები. დასწრება თავისუფალია.
სემინარი საათ-ნახევარი გაგრძელდება და ხელს არ შეგვიშლის ბოლო ზარის ღონისძიებაზე დასწრებაში.

Friday 4 June 2010

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ მორიგი აქცია


“მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!!!” ამ ლოზუნგებით “თავისუფლების ინსტიტუტთან” “სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ” აქცია-ბრიფინგი გამართა. მათი ძირითადი მოთხოვნა 7 მაისს დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლება იყო, თუმცა ისინი ასევე მოითხოვდნენ, “თავისუფლების ინსტიტუტის” საქმიანობის აკრძალვას.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „ლეიბორისტების”, „კონსერვატორების“, „თავისუფლების“ და „გამარჯვების" ახალგაზრდული ფრთის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები „თანასწორობის ინსტიტუტი“, “ერეკლე II-ის საზოგადოება”, ახალგაზრდული მოძრაობა „არა!" და “წინ.”

ჟურნალისტებისთვის განცხადებების გაკეთების შემდეგ, მათ კართან განცხადება, “მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!!!” დატოვეს.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, თანამოაზრეების გათავისუფლების და „თავისუფლების ინსტიტუტის“ საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით, ისინი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პატრიარქის სახელზე წერილების გაგზავნას გეგმავენ.


აქციაზე არ იყვნენ ორგანიზაციების მხარდამჭერები და არც „თავისუფლების ინსტიტუტიდან“ ყოფილა გამოხმაურება. აქცია ყოველგვარი ინციდენტების გარეშე, ნახევარ საათში დასრულდა.