Sunday 28 March 2010

ბზობა თბილისში

უფრო კონკრეტულად, დოლიძეზე... თამარ მეფის ეკლესიის წინ....





28 მარტი, 2010 წ.

Saturday 27 March 2010

თსუ-ს სტუდენტური გაზეთები: მოგონებები, სიახლები და პრობლემები


უცნაურია, მაგრამ 2006 წელს, როცა სტუდენტი გავხდი, ერთადერთი სტუდენტური გაზეთი იურიდიულ ფაკულტეტს ჰქონდა. გაზეთს საკმაოდ საბჭოური სახელი, `ახალგაზრდა იურისტი` ერქვა და სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებით გამოდიოდა, რაც, ჩემი აზრით, საკმაო შეზღუდვებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის ერთადერთ სტუდენტურ გაზეთში წერა გადავწყვიტე. უზომოდ გამიხარდა, როცა ერთ დღეს აჩიკო კაიკაციშვილმა დამირეკა და მითხრა, ჩვენი გუნდის წევრი ხარო. ასე დაიწყო და დაიწყო : ))

გაზეთის წევრები უნივერსიტეტში საკმაოდ აქტიური და მოაზროვნე სტუდენტები აღმოჩნდნენ. თვეში რამდენჯერმე მე-8 კორპუსში, გაზეთისთვის გამოყოფილ პატარა ოთახში ვიკრიბებოდით ე.წ. სხდომებზე. ვკამათობდით ბევრს, თუ რა უნდა გასულიყო, როგორ უნდა გასულიყო, ვინ რას დაწერდა და ასე შემდეგ.
ერთი წლის შემდეგ `ახალგაზრდა იურისტი` `თსუთაიმსმა` შეცვალა.
ამ გაზეთებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სტუდენტები ვაკეთებდით. ჩვენ ვწერდით, ვარედაქტირებდით, ვავრცელებდით და ხანდახან ჩვენვე ვკითხულობდით (აჩი, არ გეწყინოს :) ) თუმცა, რედაქციის გული და სული, მამა და ბურჯი, უპირობოდ აჩიკოა. ჩემთვის ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უყვარდეს ადამიანს თავისი საქმე და იყოს მისი ერთგული.

ერთი საინტერესო პროცედურა გვქონდა გასავლელი რედაქციას ყოველი არჩევის მერე (წლის დასაწყისში ახალი რედაქცია კომპლექტდებოდა ხოლმე), ვირჩევდით მიმართულებების ხელმძღვანელებს, პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელს, პიარმენეჯერს :) თქვენ წარმოიდგინეთ და პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელობის პატივი მეც მხვდა :) , თუმცა დიდხანს აღარ გავჩერებულვარ და მალე, შარშან დეკემბრის ბოლოს დავტოვე რედაქცია. მიმაჩნდა, რომ გაზეთში ჩემი თავი ამოვწურე, ახალს ვერაფერს ვაკეთებდი და გაზეთისგანაც მივიღე ყველაფერი, რაც უნდა მიმეღო: გავიცანი უნივერსიტეტში ძალიან აქტიური სტუდენტები, ვიყავი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში :) , გამოვიმუშავე ჟურნალისტისთვის საჭირო უნარები. თანაც იმდროისთვის რამდენიმე გაზეთში დავიწყე წერა და, უბრალოდ, ვეღარ ვასწრებდი.
როცა გაზეთიდან წამოვედი, ბევრი ძალიან თბილი sms მივიღე, ბანალურია, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ მართლა ღირდა ჩემი სტუდენტობის ამ საქმისთვის დათმობა. ჩემი ადგილი კი ნათია თამაზაშვილმა, ძალიან ჭკვიანმა და მოტივირებულმა ადამიანმა დაიკავა . დღეს გავიგე, რომ ნათია მე-3 კურსის სტუდენტმა ნინი ჯაჯანიძემ შეცვალა. მე მგონი, ნინის ყველაზე რთულ დროს უწევს გაზეთის მართვა, როცა `თსუთაიმს` ფინანსური პრობლემების გამო, მხოლოდ ონლაინ უწევს მუშაობა. მე მთელი გულით ვუსურვებ ნინის წარმატებებს და გაზეთის ფეხზე დაყენებას.

Friday 26 March 2010

საზოგადოებრივი აქციის `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის წევრზე თავდასხმა მოხდა

ვავრცელებ მიღებულ ინფორმაციას!

დღეს, 26 მარტს, პარლამენტის წინ, 21:00 საათზე გაიმართება საზოგადოებრივი აქციის `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის საგანგებო ბრიფინგი

ჩვენ, აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ საორგანიზაციო ჯგუფი ვაცხადებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩა #14-ში, თავდასხმა მოხდა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორზე, გიორგი ვარდიაშვილზე, რომელმაც აღნიშნულის შესახებ დღეს გაავრცელა ინფორმაცია. მისი მიმართულებით, როცა ის თავის საცხოვრებელ სახლთან იდგა, მახლობელი საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა გასროლა მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით. გიორგი ვარდიაშვილი და მანქანასთან მდგომი მოქალქეები უვნებლად გადარჩნენ. დაზიანებულია ავტომობილი. მომხდართან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე, გამოძახებულ იქნა საგამოძიებო ჯგუფი.


აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს არის მოძრაობის დაშინების მცდელობა საწვავის ბიზნესთან დაკავშირებული მაფიის მხრიდან.

როგორც სჩანს, ამ სფეროში მუშაობენ არა ცივილიზებული ბიზნესის, არამედ მაფიის პრინციპებით. არ აღმოაჩნდათ რა არანაირი არგუმენტი საწვავის გაუმართლებლად მაღალი ფასების დასასაბუთებლად, საწვავის ბიზნესის უკან მდგომი მაფია დაშინების მეთოდებზე გადავიდა და ამას გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვანო მერაბიშვილს, დაგვიცავით გათავხედებული მაფიური კლანებისგან, თუ არა და ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არადემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ყველაფერს მაფიები განაგებნენ და ჩვენ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან, სამართლიან აქციას.

საქართველო ის ქვეყანა არ არის, სადაც მაფიური კლანები შეაშინებენ მოქალაქეებს, მოაწყობენ მათზე, მათი ოჯახის წევრებზე და მათ ახლობლებზე თავდასხმებს, დაშანტაჟების მიზნით.

ბ-ნო პრეზიდენტო! ჩვენ ვიცით, რომ თქვენ სრულად აკონტროლებთ მდგომარეობას ქვეყანაში, ამიტომ, თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახის წევრების და ახლობლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მათი უფლებების ხელყოფის გამო პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ და თქვენს მთავრობას!

აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ გაგრძელდება, მისი ორგანიზატორები ვართ ჩვეულებრივი ქართველები, არანარკომანები და არაკრიმინალები, ჩვენ ვერც ნარკოტიკს ჩაგვიდებთ და ვერც იარაღს, ამიტომ არიან შეშფოთებული ქართველი ხალხის გაჭირვებაზე ხელის მოთბობის მოსურნე კლანების წარმომადგენლები.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხართ კონსტიტუციის გარანტი და არ უნდა დაუშვათ ჩვენი სიცოცხლისა და უფლებების ხელყოფა.


აქცია `პროტესტის საწვავის ქართულ ფასებს~ საორგანიზაციო ჯგუფი.

საკონტაქტო ნომერი: ზურაბ კუკულაძე 879 181896

26 მარტი, 2010 წელი

ვიმეორებ, რომ მხოლოდ ვავრცელებ მიღებულ ინფორმაციას.

Friday 19 March 2010

შეთავაზება ჟურნალისტებს

გამოდის ახალი გაზეთი „ჩემი პოზიცია.“ გაზეთის რედაქცია ატარებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის. სამუშაო გამოცდილებას, ასაკს, სქესს და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ, ანუ 20 მარტს იქნება გასაუბრება წერეთლის 117-ში, 304 ოთახი.
ანაზღაურებას რაც შეეხება, როგორც ვიცი, პირველი სამი ნომრის სტატიები არ ანაზღაურდება და თვე-ნახევრის მერე, რომელ ჟურნალისტებსაც დაიტოვებს რედაქცია, მათ ჩვეულებრივ აუნაზღაურდებათ შრომა.
ჟურნალისტები იქნებიან ყოველგვარი ცენზურისგან თავისუფლებიო, ასე მითხრეს მე :)
გაზეთი იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური და გამოვა 2 კვირაში.

წარმატებები ყველას ვინც გადაწყვეტს გაზეთთან თანამშრომლობას.

Monday 15 March 2010

აქცია: „ნუ იტყუები!“

გუშინ საღამოს ექსპრომტად გადავწყვიტეთ გოგოებმა, რომ გაგვეპროტესტებინა იმიტირებული „ქრონიკა“ და დილას შევიკრიბეთ მე-6 კორპუსის წინ. საინტერესო აქცია იყო, ცივილური, ემოციების გარეშე ვისაუბრეთ. რაც მთავარია პოლიტიკასთან ახლოს არ მივსულვართ. საერთოდ, საქართველოში აპოლიტიკური აქციები, როგორც წესი, არ ეწყობა, ან ეწყობა, მაგრამ მცირე მასშტაბით. არადა, მსგავსი აქციები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც ჩანს, დემოკრატიამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ, იქამდე კი, როგორც ლიკა იტყოდა, ხშირად მოგვიწევს რუსთაველზე გასვლა და ძახილი: შენ წადი! შენ მოდი!



ლინკები ჩვენი აქციის შესახებ:

http://24saati.ge/index.php/news/2010-03-15/4317

http://www.netgazeti.ge/GE/2/News/1109/

http://itv.ge/?p=54156

http://www.expressnews.ge/?p=3466


http://www.media.ge/ka/node/36644

პ.ს. ახლახან გამომიგზავნეს, სავარაუდოდ, გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის სატელეფონო ჩანაწერი , სადაც საუბარია რა ფორმით უნდა გასულიყო იმიტირებული „ქრონიკა“. თუ ჯერ არ მოგისმენიათ, ალბათ, დაგაინტერესებთ...


Sunday 14 March 2010

სტუდენტებო, 15 მარტს, 12:00 საათზე დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვხატავთ პროტესტს 13 მარტს ტელეკომპანია 'იმედის' ეთერში გასულ იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით.
ჩვენ არ გვსურს, რომ მგავსი შემთხვევა კვლავ განმეორდეს და ამ მიზნით, ჩვენს თანატოლებს, სტუდენტ ჟურნალისტებს მოვუწოდებთ კარგად გაიაზრონ მომხდარი. გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ 14 მარტს ვარდების მოედანზე გამართულ აქციაზე პროტესტის გამოსახატად ჟურნალისტების მცირე ნაწილი მივიდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სტუდენტები გამოიჩენენ გონიერებას და 15 მარტს, 12 საათზე, თსუ-ს მე-6 კორპუსის წინ, ნახევარი საათით მოვლენ და დააფიქსირებენ თავიანთ პროტესტს არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ. აქცია აპოლიტიკურია და ემიჯნება პოლიტიკურ პარტიებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 899 757907