Thursday, 27 January 2011

ნინო


საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, ნინო საქართველოში ქალის ყველაზე პოპულარული სახელია. თუმცა, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ სახელით 640 მამაკაცია რეგისტრირებული.

ეს მონაცემები უცნაური საქართველოსთვისაა, იტალიაში ნინო მამაკაცის სახელად არის მიჩნეული. ესეც მცირე მონაცემები Skype-ის მიხედვით.


ნინოობას გილოცავთ! :)

Thursday, 30 December 2010

4 წლიანი მოლოდინის შემდეგ

თსუ-ში დიპლომების გაცემა დაიწყო. ა-დან მ-მდე გვარების დიპლომებია ჯერჯერობით მზად. აღმოჩნდა, რომ დამატებითი სპეციალობა დიპლომში მართლაც არ იწერება, სამაგიეროდ, მოჰყვება 15 გვერდიანი დანართი ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც ყველაფერი დეტალურად არის ჩამოწერილი, თითოეულ საგანში მიღებული ქულაც კი. დიპლომები არის ლურჯი და წითელი ფერის. როგორც მახსოვს, წითელს GPA 3.45-ის ქონის შემთხვევაში გასცემენ. რადგან ბევრი მეკითხება რა საბუთებია საჭირო დიპლომის გამოსატანად, გადავწყვიტე ბლოგზე მოკლედ ჩამომეწერა.
1. ცნობა მაღლივის ბიბლიოთეკიდან, რომ წიგნები გატანილი არ გაქვთ;
2. ცნობა სტუდენტთა საფინანსო განყოფილებიდან (მე-2 კურპუსი, 153 ოთახი, მაია კობახიძესთან), თუ უფასოზე იღავით, ეს ცნობა არ დაგჭირდებათ;
3. პირადობის მოწმობა;
ამ საბუთების მოგროვების შემდეგ შეგიძლიათ მიაკითხოთ მე-2 კორპუსს,მე-2 სართულზე სასწავლო დეპარტამენტს და მოითხოვოთ დიპლომი მე-3 და მე-4 მაგიდებთან. სიაში მხოლოდ ხელის მოწერა მოგიწევთ და 2 წუთში თავისუფალი ხართ.
დიპლომის სხვაზე გაცემა შეიძლება მხოლოდ ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის ქონის შემთხვევაში.
და კიდევ ერთი ინფორმაცია, თსუ-ს ფილიალის სტუდენტებისთვის - სოხუმის ფილიალის კურსდამთავრებულებმა პირადობასთან ერთად უნდა წარადგინონ შემოვლის ფურცელი, რომელსაც სოხუმის უნივერსიტეტი გასცემს, დანარჩენი ფილიალის კურსდამთავრებულებმა - მხოლოდ პირადობა.

Wednesday, 10 November 2010

გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდან ჩამოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტების რაოდენობა (832) დაახლოებით 4-ჯერ აღემატება ქვეყნიდან გაგზავნილების რაოდენობას (215) (საიტზე 2010 წლის მონაცემი ჯერჯერობით განთავსებული არ არის).

ჩამოსულების დიდი ნაწილი ინდოელი, აზერბაიჯანელი ან თურქია. ქართველი სტუდენტების უმეტესობა კი სასწავლებლად ევროპის ქვეყნებს ირჩევს.

დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რომელი პროგრამების ფარგლებში და სწავლების რომელი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) წასული ან ჩამოსული სტუდენტების მონაცემებია აღრიცხული, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ის ყველა პროგრამას მოიცავს.

დეტალური სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია:

Saturday, 30 October 2010

ქართული ინტერნეტ ტელევიზიები


ინტერნეტ ტელევიზია სატელევიზიო მომსახურების ინტერნეტით მიწოდებას გულისხმობს. ის აერთიანებს ორი ტიპის ტელევიზიას: ერთი, რომელიც ასლია ტრადიციული სატელევიზიო არხებისა (მათ IPTV-ს უწოდებენ ) და მეორე, რომელიც თავად ქმნის სატელევიზიო პროდუქტს. შესაძლოა, რომელიმე საიტს ორივე ეს ფუნქცია ჰქონდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ისინი ერთმანეთისგან განცალკევებულია.
ვებ სივრცეში პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიების შესახებ განსხვავებულ აზრებს წააწყდებით. gevision.ge მიიჩნევს, რომ ის პირველი ინტერნეტ ტელევიზიაა, იგივე ამბიცია აქვს itv.ge-ს, ასევე პირველ ინტერნეტ ტელევიზიადაა ცნობილი kolkha.org

kolkha.org კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ტელევიზია ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ლაზურ ენაზე ლაზებისთვის მაუწყებლობდა. ამ დროისთვის საიტზე განახლებები არ არის, როგორც ჩანს, ტელევიზია აქტიურად 2007-2008 წელს მუშაობდა. გარდა სიუჟეტებისა, საიტზე ლაზურ დიალექტზე თარგმნილი ფილმები და მუსიკაა განთავსებული.

gevision.tv ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსულმა ჟურნალისტებმა 2007 წლის 8 ნოემბერს შექმნეს. ტელევიზია ექსკლუზიურ მასალაზე იყო ორიენტირებული. საიტის ადმინისტრაციას 24 საათიანი მაუწყებლობის სურვილი ჰქონდა, თუმცა ტელევიზიამ მუშაობა 2009 წლის 28 დეკემბერს, უსახსრობის გამო, შეაჩერა.

itv.ge შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა. ის 2009 წლის 31 მარტიდან ფუნქციონირებს. itv.ge „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ნაწილია, რომლის შემადგენლობაში შედის www.presa.ge და www.bp.ge.

tetrebi.org
პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის. ის სულ ახლახან, 12 ოქტომბერს შეიქმნა თემურ შაშიაშვილის პარტიის "თეთრი მოძრაობის" მიერ. როგორც საიტზეა აღნიშნული, ტელევიზიის შექმნის მიზეზი ქვეყანაში არსებულმა სიტყვის თავისუფლების არქონა გახდა.

რაც შეეხება ქართულ აი-პი ტელევიზიებს (IPTV), მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა ქვემოთ მათი უმრავლება ჩამოთვლილია:

http://myvideo.ge/
http://tvali.ge/
http://www.iptv.ge/ka/home
http://georgiantv.net/
http://televizia.navi.ge/
http://www.internettv.ge/
http://livatv.com/
http://jini.ge/load/online_tv/55
http://www.kio.ge/livetv.php
http://nettv.ge
http://www.internettv.ge
http://www.jikhatv.com/index/int_ernet_t_elevizia/0-12

Sunday, 17 October 2010

მიკრობლოგინგი VS ბლოგინგი „თან კლავს, თან აცოცხლებს“

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მიკრობლოგინგის (ტვიტერი, ფეისბუქი და სხვა) აქტიური გამოყენება ბლოგინგის ხარჯზე ხდება. მიზეზი მარტივია - მიკრობლოგინგი შეტყობინების მოკლედ და მარტივად გადაცემის შესაძლებლობას იძლევა.

ერთ-ერთი პირველი აქტიური ქართველი ბლოგერი, დოდი ხარხელი, დღეს იშვიათად ანახლებს ბლოგს,თუმცა Facebook-ში დღის განმავლობაში არაერთ სტატუსს ცვლის. მიიჩნევს, რომ ეს საკმაოდ ბევრი ბლოგერის პრობლემაა: „როდესაც რამეს წააწყდები, მოგაფიქრდება, ფეისბუქზე/ტვიტერზე უცებ აშეარებ, ჯამში „იცლები“ და ემოციები, ფიქრები და ლინკები, ბლოგისთვის აღარ რჩება. ყველაფერი უკვე „დაიხარჯა“ ანუ ფეისბუქი რომ არ იყოს, ბლოგზე ყველა გაცილებით უფრო აქტიური იქნებოდა. ბლოგი იქნებოდა დასაცლელი ადგილი.“

თუმცა მსგავსი ტენდენციას უმეტესად ძველ ბლოგერები ამჟღავნებენ, რაც შესაძლოა, იმითაა გამოწვეული, რომ მათ ბლოგინგი უბრალოდ მობეზრდათ ან უკვე მიაღწიეს იმას, რისი მიღწევაც ამ ბლოგით სურდათ.
„ბლოგს წერ იმისთვის, რომ გარკვეული სახის CV-ია და იდეაში გულისხმობ იმასაც, რომ პოტენციური დამქირავებელი წაიკითხავს და ამით ფულსაც იშოვი. სხვაგვარად გიჟი უნდა იყო ან ძალიან მეოცნებე, რომ დრო და ენერგია ტყუილად ხარჯო. როდესაც უკვე ამ ანაზღაურებად სამსახურს ნახულობ, ნაკლები მოტივაცია გაქვს და მზად ხარ ფეისბუქზეც დაიცალო,“ - ამბობს ბლოგერი გოჩა გაბოძე. ის წელიწადია ბლოგს აწარმოებს და ამავე დროს მიკრობლოგინგის აქტიური მომხმარებელია, - „ვცდილობ, რომ ის თემა, რომელზეც ბლოგზე ვაპირებ დაწერას მხოლოდ მას შემდეგ დავაშეარო, რაც პოსტს დავწერ. პირიქითაც ხდება, როდესაც ტვიტერი და ფეისბუქი ბლოგზე დასაწერ იდეას მაწვდის. ორმხრივი პროცესია, მიკრობლოგინგი ბლოგინგს თან კლავს, თან აცოცხლებს.“

ბლოგერი თამუნა კარელიძე ფეისბუქს აქტიურად იყენებს, თუმცა მისთვის ბლოგი შეუცვლელია: „ფეისბუქზეც ვარ, ტვიტერზეც, მაგრამ ბლოგი ჩემთვის სხვაა. თუ რამე სტატიის დაწერა მომინდება, ფეისბუქის ჩანაწერებში წერას ბლოგზე დაწერა მირჩევნია და მერე იმის ფეისბუქზე, ტვიტერზე, ფორუმზე დადება...“

ერთ-ერთი გამოცდილი ქართველი ბლოგერი თათა მორჩილაძე ინფორმაციის გადაცემის წყაროს იმის მიხედვით არჩევს, თუ რა ოდენობის ინფორმაცია აქვს გასავრცელებელი: „თუ ბევრი გაქვს მოსაყოლი, ბლოგი ჯობს, თუ ცოტა შეიძლება არც კი დაწერო ბლოგზე და ეგრევე „მიასტატუსო“ ფეისბუქზე.“

ქართული ბლოგების აგრეგატორ blogroll.ge-ზე ამ დროისთვის 811 ქართველი ბლოგერია რეგისტრირებული, რომელთა საშუალო აქტივობა დღის განმავლობაში, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში 19-დან 305-მდე პოსტით განისაზღვრება.

Friday, 27 August 2010

ჩატარდა თუ არა დასაქმების ბაზრის კვლევა საქართველოში და ვინ წყვეტს, რომელ პროფესიებზეა დღეს მოთხოვნა


მომავალი წლიდან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სასწავლო გრანტის პირველი 20% ჰუმანიტართა ყველაზე ნიჭიერი ნაწილის დაფინანსებაზე დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი 80%-ით საბუნებისმეტყველო სპეციალობების სტუდენტები დაფინანსდება.

ამის შესახებ თვითონ პრეზიდენტმა ისაუბრა გუშინ მასწავლებლებთან შეხვედრაზე. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის პირად შეხედულებას ეფუძნება:
"პრეზიდენტმა განმარტა, რომ მთელ მსოფლიოში მომრავლდა უმუშევარი იურისტები და ეკონომისტები, მაგრამ გაზრდილია მოთხოვნილება ტექნიკური მიმართულების სპეციალისტებზე: ”ჩვენ გვჭირდება ოფიცრები, მშენებლები, ინჟინრები, არქიტექტორები” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. იგეგმება ქალაქგარეთ საინფორმაციო-ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრის მშენებლობა, შეიქმნება ძლიერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს."

ფაქტია, გრანტის ასეთი განაწილება საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებაა და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა ჩატარდა თუ არა დასაქმების ბაზრის კვლევა საქართველოში და ვინ წყვეტს, რომელ პროფესიებზეა დღეს მოთხოვნა.
ვინმეს გჯერათ, რომ დღეს მშენებელი და ინჟინერი უფრო ადვილად დასაქმდება ვიდრე ეკონომისტი ან იურისტი? ძალიან მარტივად რომ ავიღოთ დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი, რომელიც ვაკანსიების სორტირების საშუალებას გვაძლევს და დავაკვირდეთ სტატისტიკას ამ წუთისთვის "მშენებლობა/ინჟინერია/ არქიტექტურა" ამ კატეგორიით 1 განცხადება მოიძებნება, ხოლო "საკანონმდებლო/იურიდიული მომსახურება" ამ კატეგორიით 12 განცხადება.

ბუნებრივია, ტექნიკური სპეციალობების პრიორიტეტულობის წინააღმდეგი არ ვარ, იქნებ მართლაც ფიზიკა-მათემატიკაშია ჩვენი შველა, უბრალოდ იქნებ როდისმე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ფაქტებს და სერიოზულ კვლევებს დაეფუძნოს და არა ემოციებს და პირად გადაწყვეტილებებს, თუნდაც ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი იყოს, როგორადაც მე სააკაშვილს მივიჩნევ.

Thursday, 12 August 2010

ქობულეთისკენ

თბილისის რკინიგზის სადგურში ბათუმისკენ ბილეთების საყიდლად იმ იმედით მივედი,რომ რიგი დამხვდებოდა და წასვლის წინ ერთ რეპორტაჟს გავაკეთებდი,თუმცა ასე არ აღმოჩნდა. რკინიგზა მშვენივრად გაუკეთებიათ, ბევრი სალაროა და რიგიც არ აღმოჩნდა. მატარებლით მგზავრობა ჩემთვის ყველაზე კომფორტულია: სიგრილეა,ბარგს თავისუფლად აწყობ,კარგი სავარძლებია,5 საათში ჩადიხარ და 23 ლარიც ნორმალური ფასია. მთავარია, არ დაგავიწყდეს და ერთი კვირით ადრე დაიჭირო ბილეთზე თადარიგი.
ზღვაზე გოგოებთან ერთად პირველად წავედი,

ქობულეთში დავბარგდით. საღამომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ როგორც კი დაღამდა და მიმდებარე ბუნგალო–რესტორან–კაფეებში მუსიკა ჩაირთო, მივხვდით, რომ იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. ბოლოს კი ვნახეთ ორი კაფე – "ბობ მარლი" და "ბორა–ბორა", სადაც ბენდი ცოცხლად უკრავდა სხვადასხვა დროის ჰიტებს. "ბობ მარლიში" მეგი გოგიტიძის და ბენდი "სანის", "ბორა–ბორაში " ახალშექმნილი უსახელო ბენდის მოსასმენად თითქმის ყოველდღე დავდიოდით. საჭმელს რაც შეეხება, ყველგან ერთნაირი ფასებია: ცივი ყავა 3 ლარი, ნაყინიანი ყავა 4, ხილის ასორტი 12, პიცა 10–12, ხაჭაპურები 6–8...

მოგვეწონა ახალგახსნილი კლუბი "რიო", სადაც დაცვა ზედმეტად აქტიურია და თუ ფეხები აიკეცე, ან სადმე "არადასაჯდომ ადგილას" ჩამოჯექი, შენიშვნას მოგცემენ, თუ ბიჭს ეცეკვები, გაგიყვანენ, გამოგკითხავენ მასთან ცეკვა გინდა თუ არა და ისე დაგტოვებენ. არ მომეწონა "სტრეპტოციტის" სიტუაცია, არც მუსიკა და არც ხალხი, კლუბში რამდენიმე "ფეისი" შევნიშნე :)
პლაჟზე ლეიბორისტ სოსო შატბერაშვილს ვხედავდი ხშირად თავისი "პრადოთი".

გამიხარდა სანაპიროზე ბანანები და სკუტერები რომ აკრძალეს, წყალს ძალიან აბინძურებენ. ზღვიდან გამოსულს ხშირად მქონია მაზუთიანი ფეხები, არადა ვიცი, რომ ქვიშა "შინაურული" სკრაბია და ფეხებს არბილებს და უფრო ნაზს ხდის.

აღმაშენებელზე გზა უკვე გაკეთებულია, ახლა რუსთაველის ქუჩას აკეთებენ და იქაური ბინის მეპატრონეები ჩივიან, დამსვენებელი აღარ მოდის ჩვენთანო.
ზოგადად, ქალაქში სიმშვიდეა და წესრიგია, არ გამიგია ვინმეს რამე დაეკარგოს ან რამე ინციდენტი მომხდარიყოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნასვამი დადის.