Friday 26 March 2010

საზოგადოებრივი აქციის `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის წევრზე თავდასხმა მოხდა

ვავრცელებ მიღებულ ინფორმაციას!

დღეს, 26 მარტს, პარლამენტის წინ, 21:00 საათზე გაიმართება საზოგადოებრივი აქციის `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის საგანგებო ბრიფინგი

ჩვენ, აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ საორგანიზაციო ჯგუფი ვაცხადებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩა #14-ში, თავდასხმა მოხდა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორზე, გიორგი ვარდიაშვილზე, რომელმაც აღნიშნულის შესახებ დღეს გაავრცელა ინფორმაცია. მისი მიმართულებით, როცა ის თავის საცხოვრებელ სახლთან იდგა, მახლობელი საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა გასროლა მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით. გიორგი ვარდიაშვილი და მანქანასთან მდგომი მოქალქეები უვნებლად გადარჩნენ. დაზიანებულია ავტომობილი. მომხდართან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე, გამოძახებულ იქნა საგამოძიებო ჯგუფი.


აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს არის მოძრაობის დაშინების მცდელობა საწვავის ბიზნესთან დაკავშირებული მაფიის მხრიდან.

როგორც სჩანს, ამ სფეროში მუშაობენ არა ცივილიზებული ბიზნესის, არამედ მაფიის პრინციპებით. არ აღმოაჩნდათ რა არანაირი არგუმენტი საწვავის გაუმართლებლად მაღალი ფასების დასასაბუთებლად, საწვავის ბიზნესის უკან მდგომი მაფია დაშინების მეთოდებზე გადავიდა და ამას გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვანო მერაბიშვილს, დაგვიცავით გათავხედებული მაფიური კლანებისგან, თუ არა და ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არადემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ყველაფერს მაფიები განაგებნენ და ჩვენ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან, სამართლიან აქციას.

საქართველო ის ქვეყანა არ არის, სადაც მაფიური კლანები შეაშინებენ მოქალაქეებს, მოაწყობენ მათზე, მათი ოჯახის წევრებზე და მათ ახლობლებზე თავდასხმებს, დაშანტაჟების მიზნით.

ბ-ნო პრეზიდენტო! ჩვენ ვიცით, რომ თქვენ სრულად აკონტროლებთ მდგომარეობას ქვეყანაში, ამიტომ, თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახის წევრების და ახლობლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მათი უფლებების ხელყოფის გამო პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ და თქვენს მთავრობას!

აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ გაგრძელდება, მისი ორგანიზატორები ვართ ჩვეულებრივი ქართველები, არანარკომანები და არაკრიმინალები, ჩვენ ვერც ნარკოტიკს ჩაგვიდებთ და ვერც იარაღს, ამიტომ არიან შეშფოთებული ქართველი ხალხის გაჭირვებაზე ხელის მოთბობის მოსურნე კლანების წარმომადგენლები.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხართ კონსტიტუციის გარანტი და არ უნდა დაუშვათ ჩვენი სიცოცხლისა და უფლებების ხელყოფა.


აქცია `პროტესტის საწვავის ქართულ ფასებს~ საორგანიზაციო ჯგუფი.

საკონტაქტო ნომერი: ზურაბ კუკულაძე 879 181896

26 მარტი, 2010 წელი

ვიმეორებ, რომ მხოლოდ ვავრცელებ მიღებულ ინფორმაციას.

No comments:

Post a Comment