Sunday 25 July 2010

"არტ-გენი" 2010 დასრულებულია


"არტ-გენი" 2010 დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კარგად შევშინდი გასაყიდად მოყვანილი გველის გამო, მთლიანობაში სასიამოვნო საღამო იყო. მართალია,სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ჯგუფების მოსმენით თავი არ მომიკლავს, სამაგიეროდ, ყურადღებით დავათვალიერე გამოფენაზე გამოტანილი ნივთები, სასარგებლო ინფორმაციებიც მოვაგროვე და იქვე ნათხოვი აპარატით რამდენიმე ფოტოც გადავიღე ბლოგისთვის.

გამოფენაზე გამოტანილი ნივთები, როგორც წესი, ძვირი ღირდა და უბრალოდ მოწონების გამომხატველი შეძახილებით ვნახულობდით ყველაფერს. ერთმა ქალმა, რომელიც თექის ნივთებს ყიდდა, გვითხრა, რომ მოსწავლეებს სულ უფასოდ ასწავლის, მთავარია, თექაზე მუშაობის სურვილი გქონდეთ და სკოლის ატესტატი. მოკლედ, მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, როგორც თვითონ ამბობს, "საბურთალოელ ხევსურს", დალი ნამგალაურს 30-99-24 და ისწავლოთ კერვა, ქსოვა, თექაზე მუშაობა...

თუ ხის ჯვარი გაქვთ, ეს რჩვა თქვენ გამოგადგებათ. ბუნებრივია, ჯვარი ისევე იჭუჭყება როგორც ტანსაცმელი და მასაც მუდმივად სჭირდება გასუფთავება. გასუფთავებას კი თავისი წესები აქვს, როგორც თამაზ ციბაძე ამბობს. მოკლედ, წმენდთ ჯვარს საპნით, საპონს წყლით აცილებთ და მზეზე კიდებთ გასაშრობათ, ამის შემდეგ სურნელოვან ზეთს (თუ გსურთ, მზესუმზირის ზეთს, უბრალოდ, სურნელოვანი კარგი სატარებელი იქნება) უსვამთ და ცოტა ხანში ამშრალებთ. ზეთის წასმა თავიდან აგაცილებთ ხის ლპობას, გამოშრობას...რაც შეეხება თვითონ თამაზ ციბაძეს, ის ხისგან ხატებს და საეკლესიო დღესასწაულების გამომსახველ სურათებს ამზადებს, მას სურს, რომ ცოტა ხანში ყველა დღესასწაულის ხატი ჰქონდეს.

ფესტივალი "არტ-გენი" უკვე 7 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე 100-ზე მეტი კონცერტი და ღონისძიება ჩატარდა. ყველაფერი 2004 წელს ჯგუფ "არტ-გენის" შექმნით დაიწყო, რომლის ძირითადი მიზანი ქვეყანაში არსებული სოციალურ-კულტურული პრობლემების დაფიქსირება და მათი წარმოჩენა იყო. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს ის წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ფესტივალს, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 30 – 40 ათასი ადამიანი ესწრება. "არტ-გენი" ყოველწლიურად ვითარდება და ახალ-ახალ თემებს იძენს, წლევანდელი ფესტივალის ახალი თემა "ქართული დამწერლობა" იყო.

1 comment:

  1. ჰააა, ერთი მაგარი ტიპი გამოგრჩენია. ხის ფესვებისაგან ძალიან საინტერესო რამეებს კვეთს. მალე დავდებ ვიდეოს :)
    ისე პირველად გახლდი არტ-გენზე და ძააალიან მომეწონა. აწი არ გავმაზავ!

    ReplyDelete