
უცნაურია, მაგრამ 2006 წელს, როცა სტუდენტი გავხდი, ერთადერთი სტუდენტური გაზეთი იურიდიულ ფაკულტეტს ჰქონდა. გაზეთს საკმაოდ საბჭოური სახელი, `ახალგაზრდა იურისტი` ერქვა და სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებით გამოდიოდა, რაც, ჩემი აზრით, საკმაო შეზღუდვებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის ერთადერთ სტუდენტურ გაზეთში წერა გადავწყვიტე. უზომოდ გამიხარდა, როცა ერთ დღეს აჩიკო კაიკაციშვილმა დამირეკა და მითხრა, ჩვენი გუნდის წევრი ხარო. ასე დაიწყო და დაიწყო : ))
გაზეთის წევრები უნივერსიტეტში საკმაოდ აქტიური და მოაზროვნე სტუდენტები აღმოჩნდნენ. თვეში რამდენჯერმე მე-8 კორპუსში, გაზეთისთვის გამოყოფილ პატარა ოთახში ვიკრიბებოდით ე.წ. სხდომებზე. ვკამათობდით ბევრს, თუ რა უნდა გასულიყო, როგორ უნდა გასულიყო, ვინ რას დაწერდა და ასე შემდეგ.
ერთი წლის შემდეგ `ახალგაზრდა იურისტი` `თსუთაიმსმა` შეცვალა.
ამ გაზეთებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სტუდენტები ვაკეთებდით. ჩვენ ვწერდით, ვარედაქტირებდით, ვავრცელებდით და ხანდახან ჩვენვე ვკითხულობდით (აჩი, არ გეწყინოს :) ) თუმცა, რედაქციის გული და სული, მამა და ბურჯი, უპირობოდ აჩიკოა. ჩემთვის ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უყვარდეს ადამიანს თავისი საქმე და იყოს მისი ერთგული.
ერთი საინტერესო პროცედურა გვქონდა გასავლელი რედაქციას ყოველი არჩევის მერე (წლის დასაწყისში ახალი რედაქცია კომპლექტდებოდა ხოლმე), ვირჩევდით მიმართულებების ხელმძღვანელებს, პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელს, პიარმენეჯერს :) თქვენ წარმოიდგინეთ და პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელობის პატივი მეც მხვდა :) , თუმცა დიდხანს აღარ გავჩერებულვარ და მალე, შარშან დეკემბრის ბოლოს დავტოვე რედაქცია. მიმაჩნდა, რომ გაზეთში ჩემი თავი ამოვწურე, ახალს ვერაფერს ვაკეთებდი და გაზეთისგანაც მივიღე ყველაფერი, რაც უნდა მიმეღო: გავიცანი უნივერსიტეტში ძალიან აქტიური სტუდენტები, ვიყავი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში :) , გამოვიმუშავე ჟურნალისტისთვის საჭირო უნარები. თანაც იმდროისთვის რამდენიმე გაზეთში დავიწყე წერა და, უბრალოდ, ვეღარ ვასწრებდი.
როცა გაზეთიდან წამოვედი, ბევრი ძალიან თბილი sms მივიღე, ბანალურია, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ მართლა ღირდა ჩემი სტუდენტობის ამ საქმისთვის დათმობა. ჩემი ადგილი კი ნათია თამაზაშვილმა, ძალიან ჭკვიანმა და მოტივირებულმა ადამიანმა დაიკავა . დღეს გავიგე, რომ ნათია მე-3 კურსის სტუდენტმა ნინი ჯაჯანიძემ შეცვალა. მე მგონი, ნინის ყველაზე რთულ დროს უწევს გაზეთის მართვა, როცა `თსუთაიმს` ფინანსური პრობლემების გამო, მხოლოდ ონლაინ უწევს მუშაობა. მე მთელი გულით ვუსურვებ ნინის წარმატებებს და გაზეთის ფეხზე დაყენებას.