Thursday 17 June 2010

რატომ შეიძლება მომენატროს თსუ?

დღეს ბოლო გამოცდაც ჩავაბარე და თსუ-სთან ოთხწლიანი ურთიერთობა დავამთავრე. Facebook-ზე ყოველი შესვლისას ბოლო ზარის სურათები და "მომენატრება", "გული მწყდება" კომენტარებს ვხედავ. ცოტათი, ალბათ, მეც მომენატრება, თუმცა განსაკუთრებულ "გულის წყვეტას" ვერ ვგრძნობ. სკოლის დროსაც ასე ვიყავი, არც შევმცდარვარ, არ მომნატრებია, უბრალოდ კარგად მახსენდება, თსუ-ც ასე იქნება;
საერთოდ, როცა კარგად აგრძელებ, როცა შემდეგი საფეხური გხვდება, მაშინ ნოსტალგია და მონატრება ნაკლებად ჩნდება. მაგალითად, თუ მაგისტრატურაში ჩავაბარე ისე, როგორც მინდა, მაშინ არ ვიტყვი, ნეტა ისევ წინა წელი იყოს-მეთქი...

და თუ თსუ-ში გატარებული წლების დაბრუნება მაინც მომინდება, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცები შევცვალო, რაღაც სწორად არ გამიკეთებია... სწავლით კარგად ვსწავლობდი და ამ მხრივ, რაც შეიძლება სტუდენტს წაეღო, მაქსიმალურად მიმაქვს, თუმცა ვფიქრობ, რამდენად სწორად ვანაწილებდი დროს, რამდენად სწორი პრიორიტეტები მქონდა... ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება.

ფოტოს ავტორი: ლევან მელიქიშვილი

Thursday 10 June 2010

სემინარი - მედია და არჩევნები

მე-4 კურსელებისთვის ხვალ უნივერსიტეტში ბოლო სასწავლო დღეა, შეგვიძლია ეს დღე ნაყოფიერად გამოვიყენოთ და დავესწროთ სემინარს დღეს ყველაზე აქტუალურ საკითხზე: არჩევნების გაშუქება.მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ამ თემაზე სპეციფიკური კურსი არ გაგვივლია. მოკლედ,
11 ივნისს, თსუ VI კორპუსის დარბაზში, 14:00 საათზე გაიმართება ამერიკელი პროფესორის, ჩრდილოეთ დაკოტის შტატის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ლექტორის – მარკ მაისტერის საჯარო ლექცია თემაზე: მედია და არჩევნები. დასწრება თავისუფალია.
სემინარი საათ-ნახევარი გაგრძელდება და ხელს არ შეგვიშლის ბოლო ზარის ღონისძიებაზე დასწრებაში.

Friday 4 June 2010

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ მორიგი აქცია


“მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!!!” ამ ლოზუნგებით “თავისუფლების ინსტიტუტთან” “სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ” აქცია-ბრიფინგი გამართა. მათი ძირითადი მოთხოვნა 7 მაისს დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლება იყო, თუმცა ისინი ასევე მოითხოვდნენ, “თავისუფლების ინსტიტუტის” საქმიანობის აკრძალვას.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „ლეიბორისტების”, „კონსერვატორების“, „თავისუფლების“ და „გამარჯვების" ახალგაზრდული ფრთის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები „თანასწორობის ინსტიტუტი“, “ერეკლე II-ის საზოგადოება”, ახალგაზრდული მოძრაობა „არა!" და “წინ.”

ჟურნალისტებისთვის განცხადებების გაკეთების შემდეგ, მათ კართან განცხადება, “მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!!!” დატოვეს.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, თანამოაზრეების გათავისუფლების და „თავისუფლების ინსტიტუტის“ საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით, ისინი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პატრიარქის სახელზე წერილების გაგზავნას გეგმავენ.


აქციაზე არ იყვნენ ორგანიზაციების მხარდამჭერები და არც „თავისუფლების ინსტიტუტიდან“ ყოფილა გამოხმაურება. აქცია ყოველგვარი ინციდენტების გარეშე, ნახევარ საათში დასრულდა.