Showing posts with label ზაფხული. Show all posts
Showing posts with label ზაფხული. Show all posts

Thursday, 12 August 2010

ქობულეთისკენ

თბილისის რკინიგზის სადგურში ბათუმისკენ ბილეთების საყიდლად იმ იმედით მივედი,რომ რიგი დამხვდებოდა და წასვლის წინ ერთ რეპორტაჟს გავაკეთებდი,თუმცა ასე არ აღმოჩნდა. რკინიგზა მშვენივრად გაუკეთებიათ, ბევრი სალაროა და რიგიც არ აღმოჩნდა. მატარებლით მგზავრობა ჩემთვის ყველაზე კომფორტულია: სიგრილეა,ბარგს თავისუფლად აწყობ,კარგი სავარძლებია,5 საათში ჩადიხარ და 23 ლარიც ნორმალური ფასია. მთავარია, არ დაგავიწყდეს და ერთი კვირით ადრე დაიჭირო ბილეთზე თადარიგი.
ზღვაზე გოგოებთან ერთად პირველად წავედი,

ქობულეთში დავბარგდით. საღამომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ როგორც კი დაღამდა და მიმდებარე ბუნგალო–რესტორან–კაფეებში მუსიკა ჩაირთო, მივხვდით, რომ იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. ბოლოს კი ვნახეთ ორი კაფე – "ბობ მარლი" და "ბორა–ბორა", სადაც ბენდი ცოცხლად უკრავდა სხვადასხვა დროის ჰიტებს. "ბობ მარლიში" მეგი გოგიტიძის და ბენდი "სანის", "ბორა–ბორაში " ახალშექმნილი უსახელო ბენდის მოსასმენად თითქმის ყოველდღე დავდიოდით. საჭმელს რაც შეეხება, ყველგან ერთნაირი ფასებია: ცივი ყავა 3 ლარი, ნაყინიანი ყავა 4, ხილის ასორტი 12, პიცა 10–12, ხაჭაპურები 6–8...

მოგვეწონა ახალგახსნილი კლუბი "რიო", სადაც დაცვა ზედმეტად აქტიურია და თუ ფეხები აიკეცე, ან სადმე "არადასაჯდომ ადგილას" ჩამოჯექი, შენიშვნას მოგცემენ, თუ ბიჭს ეცეკვები, გაგიყვანენ, გამოგკითხავენ მასთან ცეკვა გინდა თუ არა და ისე დაგტოვებენ. არ მომეწონა "სტრეპტოციტის" სიტუაცია, არც მუსიკა და არც ხალხი, კლუბში რამდენიმე "ფეისი" შევნიშნე :)
პლაჟზე ლეიბორისტ სოსო შატბერაშვილს ვხედავდი ხშირად თავისი "პრადოთი".

გამიხარდა სანაპიროზე ბანანები და სკუტერები რომ აკრძალეს, წყალს ძალიან აბინძურებენ. ზღვიდან გამოსულს ხშირად მქონია მაზუთიანი ფეხები, არადა ვიცი, რომ ქვიშა "შინაურული" სკრაბია და ფეხებს არბილებს და უფრო ნაზს ხდის.

აღმაშენებელზე გზა უკვე გაკეთებულია, ახლა რუსთაველის ქუჩას აკეთებენ და იქაური ბინის მეპატრონეები ჩივიან, დამსვენებელი აღარ მოდის ჩვენთანო.
ზოგადად, ქალაქში სიმშვიდეა და წესრიგია, არ გამიგია ვინმეს რამე დაეკარგოს ან რამე ინციდენტი მომხდარიყოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნასვამი დადის.

Sunday, 18 July 2010

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

რამდენიმე დღის წინ კიკიტომ დამთაგა თემაზე: 5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ პირადი ამბები მკითხველს თავს არ მოვახვიო, სიამოვნებით ვიღებ პირველ დათაგვას და ჩამოვწერ 5 რამეს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და ახლა მახსენდება.

1. მიყვარს მომენტი,როცა მასალაზე მუშაობას დავასრულებ და რედაქტორს გადავუგზვნი. მძიმე ტვირთი მეხსნება ხოლმე ამ დროს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რთული თემა იყო და დიდხანს მიწევდა ამაზე მუშაობა. ასეთ დროს სტატიის ბოლომდე მიყვანამდე განცდებსა და ფიქრებში ვარ და ვერ ვისვენებ ხოლმე.

2. მიყვარს თავის მოვლა, განსაკუთრებით მანიკურის გაკეთება. ეს ჩემთვის როგორი წმინდა პროცედურაა ვერ წარმოიდგენთ :)

3. მიყვარს ჩემი სახლი და სახლის სრულყოფილად დალაგება. სახლი თუ ბოლომდე კარგად დალაგებული არ არის, ვერ ვისვენებ.

4. მიყვარს ტრეინინგები, განსაკუთრებით ქალაქგარეთ :) გუშინ ჩამოვედი ბაზალეთიდან, ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე ტრეინინგი და შეიძლება ემოციის გამო მოხვდა ეს პუნქტი ამ სიაში :)

5. მიყვარს ზაფხული. ეს სიყვარული, მე მგონი, წინა წლებიდან ინერციით მომყვება. მაშინ ზაფხული მთლინად უსაქმურობის, გართობის და დასვენების პერიოდი იყო. დღეს მთლად ასე არაა, თუმცა წლის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო დღეები, ალბათ, წელსაც ზაფხულში იქნება.

ესაა ის ხუთი, რაც ამ წუთში გამახსენდა. თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მახსენდებოდა ვწერდი.
მადლობა კიკიტოს. მე ვთაგავ ლათათიას ბლოგს