Showing posts with label პირადი. Show all posts
Showing posts with label პირადი. Show all posts

Thursday, 30 December 2010

4 წლიანი მოლოდინის შემდეგ

თსუ-ში დიპლომების გაცემა დაიწყო. ა-დან მ-მდე გვარების დიპლომებია ჯერჯერობით მზად. აღმოჩნდა, რომ დამატებითი სპეციალობა დიპლომში მართლაც არ იწერება, სამაგიეროდ, მოჰყვება 15 გვერდიანი დანართი ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც ყველაფერი დეტალურად არის ჩამოწერილი, თითოეულ საგანში მიღებული ქულაც კი. დიპლომები არის ლურჯი და წითელი ფერის. როგორც მახსოვს, წითელს GPA 3.45-ის ქონის შემთხვევაში გასცემენ. რადგან ბევრი მეკითხება რა საბუთებია საჭირო დიპლომის გამოსატანად, გადავწყვიტე ბლოგზე მოკლედ ჩამომეწერა.
1. ცნობა მაღლივის ბიბლიოთეკიდან, რომ წიგნები გატანილი არ გაქვთ;
2. ცნობა სტუდენტთა საფინანსო განყოფილებიდან (მე-2 კურპუსი, 153 ოთახი, მაია კობახიძესთან), თუ უფასოზე იღავით, ეს ცნობა არ დაგჭირდებათ;
3. პირადობის მოწმობა;
ამ საბუთების მოგროვების შემდეგ შეგიძლიათ მიაკითხოთ მე-2 კორპუსს,მე-2 სართულზე სასწავლო დეპარტამენტს და მოითხოვოთ დიპლომი მე-3 და მე-4 მაგიდებთან. სიაში მხოლოდ ხელის მოწერა მოგიწევთ და 2 წუთში თავისუფალი ხართ.
დიპლომის სხვაზე გაცემა შეიძლება მხოლოდ ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის ქონის შემთხვევაში.
და კიდევ ერთი ინფორმაცია, თსუ-ს ფილიალის სტუდენტებისთვის - სოხუმის ფილიალის კურსდამთავრებულებმა პირადობასთან ერთად უნდა წარადგინონ შემოვლის ფურცელი, რომელსაც სოხუმის უნივერსიტეტი გასცემს, დანარჩენი ფილიალის კურსდამთავრებულებმა - მხოლოდ პირადობა.

Sunday, 18 July 2010

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

რამდენიმე დღის წინ კიკიტომ დამთაგა თემაზე: 5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ პირადი ამბები მკითხველს თავს არ მოვახვიო, სიამოვნებით ვიღებ პირველ დათაგვას და ჩამოვწერ 5 რამეს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და ახლა მახსენდება.

1. მიყვარს მომენტი,როცა მასალაზე მუშაობას დავასრულებ და რედაქტორს გადავუგზვნი. მძიმე ტვირთი მეხსნება ხოლმე ამ დროს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რთული თემა იყო და დიდხანს მიწევდა ამაზე მუშაობა. ასეთ დროს სტატიის ბოლომდე მიყვანამდე განცდებსა და ფიქრებში ვარ და ვერ ვისვენებ ხოლმე.

2. მიყვარს თავის მოვლა, განსაკუთრებით მანიკურის გაკეთება. ეს ჩემთვის როგორი წმინდა პროცედურაა ვერ წარმოიდგენთ :)

3. მიყვარს ჩემი სახლი და სახლის სრულყოფილად დალაგება. სახლი თუ ბოლომდე კარგად დალაგებული არ არის, ვერ ვისვენებ.

4. მიყვარს ტრეინინგები, განსაკუთრებით ქალაქგარეთ :) გუშინ ჩამოვედი ბაზალეთიდან, ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე ტრეინინგი და შეიძლება ემოციის გამო მოხვდა ეს პუნქტი ამ სიაში :)

5. მიყვარს ზაფხული. ეს სიყვარული, მე მგონი, წინა წლებიდან ინერციით მომყვება. მაშინ ზაფხული მთლინად უსაქმურობის, გართობის და დასვენების პერიოდი იყო. დღეს მთლად ასე არაა, თუმცა წლის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო დღეები, ალბათ, წელსაც ზაფხულში იქნება.

ესაა ის ხუთი, რაც ამ წუთში გამახსენდა. თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მახსენდებოდა ვწერდი.
მადლობა კიკიტოს. მე ვთაგავ ლათათიას ბლოგს

Friday, 9 July 2010

საერთო სამაგისტრო გამოცდა _ რაოდენობრივი მსჯელობა

როგორც წესი, გამოცდების ცენტრი ტესტებს თავისი სწორი პასუხებით, 15 დღეში აქვეყნებს. ვერ ვხვდები რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი იმავე საღამოს თუ არა მეორე დღეს გამოქვეყნდეს. თითქმის ყველა პასუხი მახსოვს და თვითონ ვნახავდი როგორ დავწერე, თუმცა ისედაც ვიცი, რომ საშინლად დავწერე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზღვარს გადავლახავ. ახლა ჩამოვწერე შეკითხვები რაოდენობრივი ნაწილიდან ისე, რომ გასაგები იყო გამოცდაზე გასულებისთვის. იქნებ ერთად ვსრულყოთ და მივიდეთ სწორ პასუხებამდე (ფრჩხილებში ვაწერ მე რა პასუხი დავწერე):

1.ხუთციფრიანი რიცხვიდან 13279 რომელი ციფრი უნდა ამოვიღოთ, რომ უმცირესი ოთხნიშნა რიცხვი მივიღოთ? (3)
2.A და B ქალაქებიდან გამოვიდა ორი ავტომობილი, რომელიც მუდმივი სიჩქარით მოძრაობდა. როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, A ქალაქიდან გამოსული მანქანას გზის ერთი მესამედი ჰქონდა გავლილი. რამდენჯერ მეტია B ქალაქიდან გამოსული მანქანის სიჩქარე A ქალაქიდან გამოსული მანქანის სიჩქარეზე? (2-ჯერ)
3.ტრაპეციაში ჩახაზული სამკუთხედების პერიმენტრები;
4.კვადრატში ჩასმული ციფრები. რომელია რა ციფრით შეიძლება შევცვალოთ N ნიშანი? (9)
5.კასრის ავსება (7 ლიტრიანი)
6.გრაფიკები პლაკატების დაბეჭდვაზე (თებერვალში ყველაზე მეტი, დეკემბერში ყველაზე ნაკლები)
7.მეორე გრაფიკი ა და ბ ქალაქებზე (3-ზე სადაც იყო);
8.რა დღე შეიძლებოდა ყოფილიყო 1 იანვარი, თუ იანვარში ოთხი ორშაბათი და ოთხი პარასკევი იყო (იანვარი 31 დღითაა). (აქ ზუსტად ვიცი, რომ შეცდომით კვირა მიწერია);
9.ოთარის ასაკი (ა, ანუ I პირობა არის საკმარისი, II არ არის საკმარისი);
10.იგივე ტიპის მეორე ამოცანა პერიმეტრებზე;
11.ამობრუნებული კუბის სურათი (ბ)
12.ბოლო ამოცანა წყლის დონეზე;
13.ტრაპეციისა და სამკუთხედის მოცულობების მიმართების დადგენა, თუ------მაშინ-----" ;
14.სამკუთხედში კუთხის განსაზღვრა (50)
15.წრეწირში ჩახაზული ფიგურის ფართობი (არ დამიწერია);
16.ბოლო ამოცანა სითხის ამობრუნებაზე (მგონი, ბ მიწერია, ვიცი სისულელეა);
17.5 გრამ ლურჯ საღებავს რამდენი გრამი წითელი საღებავი უნდა დავამატოთ, რომ საერთო ჯამში წითელი ლურჯის 75% გახდეს? (45);

Thursday, 17 June 2010

რატომ შეიძლება მომენატროს თსუ?

დღეს ბოლო გამოცდაც ჩავაბარე და თსუ-სთან ოთხწლიანი ურთიერთობა დავამთავრე. Facebook-ზე ყოველი შესვლისას ბოლო ზარის სურათები და "მომენატრება", "გული მწყდება" კომენტარებს ვხედავ. ცოტათი, ალბათ, მეც მომენატრება, თუმცა განსაკუთრებულ "გულის წყვეტას" ვერ ვგრძნობ. სკოლის დროსაც ასე ვიყავი, არც შევმცდარვარ, არ მომნატრებია, უბრალოდ კარგად მახსენდება, თსუ-ც ასე იქნება;
საერთოდ, როცა კარგად აგრძელებ, როცა შემდეგი საფეხური გხვდება, მაშინ ნოსტალგია და მონატრება ნაკლებად ჩნდება. მაგალითად, თუ მაგისტრატურაში ჩავაბარე ისე, როგორც მინდა, მაშინ არ ვიტყვი, ნეტა ისევ წინა წელი იყოს-მეთქი...

და თუ თსუ-ში გატარებული წლების დაბრუნება მაინც მომინდება, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცები შევცვალო, რაღაც სწორად არ გამიკეთებია... სწავლით კარგად ვსწავლობდი და ამ მხრივ, რაც შეიძლება სტუდენტს წაეღო, მაქსიმალურად მიმაქვს, თუმცა ვფიქრობ, რამდენად სწორად ვანაწილებდი დროს, რამდენად სწორი პრიორიტეტები მქონდა... ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება.

ფოტოს ავტორი: ლევან მელიქიშვილი

Thursday, 28 January 2010

ბოლო არდადეგები, თათია და მე-6 კორპუსი

დღეს გამოცდებს მოვრჩი და ჩემი ბოლო არდადეგები დაიწყო, ბოლო რადგან წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ... როგორც წესი არდადეგებისთვის უამრავ რამეს ვგეგმავ და, ასევე, როგორც წესი, ნახევარსაც ვერ ვაკეთებ-ხოლმე.

განვლილ სემესტრს რაც შეეხება, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდი მქონდა უნივერსიტეტში. ამ სემესტრში გადავიღე პირველი სიუჟეტი, გავაუმჯობესე მეტყველება (ასე მეუბნებიან გოგოები და მეც წინა რადიო-სიუჯეტებს რომ ვადარებ, შედარებით თავისუფლად და სუფთად ვლაპარაკობ). ქულები წინა სემესტრებთან შედარებით, დაბალი გამომდის, არადა, წინა სემეტრში სტუდენტურ გაზეთებსაც ვაკეთებდი და `ვერსიაშიც` უფრო აქტიური ვიყავი.

მომავალ სემესტრში სიამოვნებით გავაგრძელებდი ტელეს და რადიოს. ტელეში ჩართოლანისგან ბევრი ვისწავლე და კიდევ რადიოს გავაგრძელებდი, იმიტომ კი არა, რომ რადიო მიყვარს....... იმიტომ, რომ მყავს უსაყვარლესი ლექტორი, თათია. დღეს ჩვენი ჯგუფის ნამუშევარი რომ მოისმინა, გვითხრა, მიხარია, რომ გიცნობთო :) ისე გამიხარდა, ვერ გადმოგცემთ. ვინც თათიას არ იცნობთ, გეტყვით, რომ ეს არის ადამიანი, რომელთანაც საქმე აქვს მე-6 კორპუსში თითქმის ყველა სტუდენტ-ლექტორს, მაგრამ ვერ ნახავთ, რომ თათია იყოს დაღლილი, მოწყენილი, სულ გვიღიმის და ყველას ყველაფერში გვეხმარება. ახლა თავისუფლად ვლაპარაკობ მასზე იმიტომ, რომ უკვე ჩაბარებული მაქვს საგანი, თანაც მაღალ ქულაზე და ეს ნაწერი `პათხალიმობა` არ იქნება :)

მიხვდებოდით, რომ ფოტოზე თათიაა, თვითონ ფოტო კი თაზო კუპრეიშვილის facebook-იდან ავიღე.

Saturday, 2 January 2010

Overview

ყველას გილოცავთ! წინსვლა, წარმატებებიიი!

31-ში ორი კოლოკვიუმი მქონდა ჩასაბარებელი და სიუჟეტის მონტაჟი დასამთავრებელი, ამიტომ დღის პირველი ნახევარის გატარება უნივერსიტეტში მომიწია, იქამდე დილით ვიყავი hairhaus-ში (მასზე მომზადებული პოსტი). საჩუქრების ნაწილი საყიდელი მქონდა და შესაფუთი.

ნაძვის ხეზე დაგვაკლდა ნათურები და წავედით სუპერში საყიდლად, მაგრამ გათავებულა, მერე გუდვილშიც წავედით, იქაც ვერ ვნახეთ ისეთი. სხვა ნათურები კი იყო, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა. ჩვენ მოკრძალებულფასიანი ნათურები ვიყიდეთ, მარა სახლში რომ მოვიტანეთ, არ მოგვეწონა და აღარ გავუკეთეთ. ამიტომ რაც გვქონდა, ასე გადავანაწილეთ


მოვრთე საერთო აივანიც, ისე როგორც მორთავდნენ საბავშვო ბაღში :)

მარტო ოლივიე გავაკეთე და ნიგოზი გავატარე. 11 საათზე ისე მეძინებოდა, მიხაროდა არსად რომ არ მივდიოდი... გავხსენით საჩუქრები და 1 საათზე უკვე მეძინა. დილით მოვიდნენ ჩემი დის მეგობრები, მერე მამას მეგობრები. საღამოს გადავწყვიტეთ კახეთში წავსულიყავით. მართლა ძალიან ლამაზად არის სიღნაღი მორთული. უფრო გემოვნებით და სადად და ლამაზად. სამწუხაროდ, აპარტის ელემენტები დაცლილი აღმოჩნდა და ვერ გადავიღე. დღეს დილით წამოვედით. რაც მთვარია, რულთან ვიჯექი და მანქანა დავიბედე :) გოგოები ვერ ვნახე, მაგრამ მაგათი დაბედება მინდა კიდევ? :D
ასე წყნარად და მშვიდად შევხვდი 2010 წელს.
ხვალ ერთი დღით ბაკურიანში მივდივარ და იმედია, თოვლი მოვა...

Friday, 18 December 2009

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა დავრეგისტრირებულიყავი Facebook-ზე...

ეს ამბავი დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო, როცა მე მე-8 კლასში ვიყავი, წნორში ვსწავლობდი და ფეისბუქზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ face სახეს, ხოლო book წიგნს ნიშნავდა. სამაგიეროდ, ქართულის მასწავლებლისგან ვიცოდი გაზეთი `ჩვენი მწერლობა` და აქტიურად ვკითხულობდი. ერთხელ კი აბსოლუტურად დამოუკიდებლად გადავწყვიტე `ჰარი პოტერის` შესახებ წერილს გამოვხმაურებოდი. დავწერე წერილი და მელიქიშვილზე რედაქციაში ჩავაბარე. 90% დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს წერილს არათუ გამოაქვეყნებდნენ, არც კი წაიკითხავდნენ. ამიტომ არ გამკვირვებია, როცა ერთი თვის განმავლობაში გაზეთში ჩემს წერილს ვერ ვხედავდი, მე ის გამიკვირდა, როცა ერთი თვის მერე, გაზეთში ჩემი სახელი და გვარი რომ წავიკითხე. სიხარულისგან ვიკივლე, მახსოვს... მაგრამ მთავარი კიდევ წინ მელოდა... სიხარულმა რომ გადამიარა და გაზეთის კითხვა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ჩემს წერილს რედაქცია თავის გამოხმაურებასთან ერთად ბეჭდავდა...

ავტორი ირაკლი ლომოური საკმაოდ კარგად მიხსენიებდა... (`ჩვენს რედაქციაში რომ არ მოსულიყო მერვეკლასელი გოგონას ნინო გელაშვილის წერილი, და მთავარ რედაქტორს რომ არ დაევალებინა ჩემთვის, საგანგებოდ გამოეხმაურეო, არც ამ წიგნს წავიკითხავდი და არც ეს წერილი დაიწერებოდა.

ჯერ ორიოდე სიტყვას ვიტყვი ნინო გელაშვილის წერილზე. აშკარად ჩანს, რომ წერილის ავტორი იმ მოზარდთა კატეგორიას ეკუთვნის, ვინც ბრმად არაფერს იღებს, ვინც აზროვნებს, ვინც ცდილობს თვითონ გაერკვეს სამყაროსა და ცხოვრებაში, და ვისაც უკვე აქვს საკუთარი ფასეულობათა სისტემა და სწორი მსოფლმხედველობრივი ორიენტირები. ერთი სიტყვით, ასეთი ადამიანის, ასეთი პიროვნების მიმართ შენდაუნებურად სიმპათიით განეწყობი.Dდა სწორედ ამან გადაძლია ის ჩემი შინაგანი პროტესტი, რომელიც წინასწარ მქონდა `ჰარი პოტერის~ მიმართ, როცა ჩემს თავს ვეუბნებოდი _ პრინციპულად არ წავიკითხავ-მეთქი. და რედაქტორს უხმოდ დავემორჩილე...`) რა თავმდაბალი ვარ?! :)))

მას მერე ბევრი დრო გავიდა `ჩვენი მწერლობისაგან` მიღებული სიხარული განელდა, თუმცა სულ მახსოვდა. რამდენიმე დღის წინ facebook-ზე ირაკლი ლომოურმა დამამატა მეგობრებში, ვკითხე ის იყო თუ არა `ჩვენი მწერლობის` ავტორი და მართლაც ის ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ბევრი წლის წინ ძალიან, ძალიან, ძალიან გამახარა :) მერე 7 წლის წინანდელი დღე გამახსენდა, მაშინდელი სიხარული, როცა სახლში დამზადებულ კედლის გაზეთებსა და საბავშვო გაზეთებს გავცდი :) მართალია, იმ წერილს არაფერი ჰქონდა საერთო სტატიასთან და ძალიან მეცინება, მას რომ ვკითხულობ, მარა კარგი იყო, იცით რაა? მიზანსწრაფულობა! მინდოდა და გავაკეთე... გავაკეთე და დამიფასეს! :)

p.s. საღამოს ირაკლი ლომოურის მოთხრობების წაკითხვას ვაპირებ, საინტერესო სტატიები ჰქონდა ხოლმე და ალბათ მოთხრობებიც საინტერესო ექნება... ნაწილი აქაც არის

http://www.lib.ge/authors.php?1256

Saturday, 12 December 2009

აი, ჩემი ნაძვის ხე :)

ბევრი ვიცადეთ, მაგრამ ვეღარ გავძელით მე და ჩემმა დამ და დღეს მოვრთეთ ნაძვის ხე. წინა წლებში ერთი ფერის სათამაშოებით ვრთავდით, მაგრამ წელს გადავწყვიტეთ აგვეჭრელებინა. ბავშვობის რამდენიმე სათამაშოც მოხვდა ხეზე :) შემდეგ დღეებში ჩავასწორებთ და კიდევ გავალამაზებთ ახალ წლამდე :) ნათურებსაც რამდენიმე დღეში ავანთებთ...

Sunday, 6 December 2009

რა მინდა 2010 წლისაგან

ბავშვობიდან მიყვარს აღრიცხვა-აღწერა :))) ერთი ბლოკნოტკი მაქვს და 2000 წლიდან ყოველ ახალ წელს ვწერ ვინ ვის რას ვჩუქნით, რა გვაქვს სუფრაზე, მეკვლე ვინაა, რა იყო გასულ წელს ჩემთვის მნიშვნელოვანი და რა მინდა მომავალი წლისაგან. წელს პირველი წელია, როცა ბლოგი მაქვს ახალ წელს და ამიტომ მომავალი წლის სურვილებს აქ დავწერ, ალბათ ასე უკეთ წაიკითხავენ ჩემი თოვლის პაპები :)))

მოკლედ, რა მინდა 2010 წლისგან კონკრეტულად (პრიორიტეტების მიხედვით ვალაგებ):



პ.ს. თოვლის ბაბუებო, ყურადღებით წაიკითხეთ და გადახედეთ თქვენს შესაძლებლობებს, მთელი წელი ხომ კარგად ვიქცეოდი! :)))

Monday, 30 November 2009

სტიპენდიანტების სიები მზადაა


სოციალურ-პოლიტიკურზე სტიპენდიის სიები უკვე გამოაკრეს. სულ 84 ბავშვია გამარჯვებული. მე ვარ მე-4 სიაში :) რეზო ჯორბენაძემ როგორც გვითხრა, ფული, 600 ლარი, 15 დეკემბრის შემდეგ ერთიანად დაირიცხება. 

Wednesday, 11 November 2009

ის, რაც ხდებოდა დღეს...

მომავალი რამდენიმე დღის განრიგი წინასწარ ვიცი ხოლმე და ძალიან არ მიყვარს, როცა რაიმე მიზეზით რაღაცების შეცვლა მიწევს. დღეს კი ფაქტიურად ისე გამოვიდა, რაც დაგეგმილი მქონდა, ვერაფერი გავაკეთე... 

ყველაფერი გუშინ ღამედან დაიწყო, ერთმა ჩემმა რესპონდენტმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ სახელისა და გვარის გამოქვეყნება არ სურდა და არც კომენტარი მოუცია ჩემთვის, თურმე უბრალოდ, ისე მელაპარაკა.... მიუხედავად იმისა, რომ გავუგზავნე ჩანაწერი, სადაც გარკვევით ვეკითხები, შემიძლია თუ არა მისი საუბრის გამოყენება და ისიც გარკვევით მთანხმდება.... მოკლედ, ძალიან მანერვიულა, გვიანობამდე ველაპარაკებოდი facebook-ზე და ღამეც რომ დავწექი, ვფიქრობდი, რამეში მე ხომ არ ვიყავი დამნაშავე. ამას წინა დღეების უძილობა დაემატა და დილით საჭიროზე გვიან გამეღვიძა... :((( გადავწყვიტე ლექციები გამეცდინა და ტელეგადაცემის პროექტი დამეწერა, მერე სოციალური საკითხების გაშუქების კოლოკვიუმი მომემზადებინა, 4-სთვის `ვერსიაში~ წავსულიყავი და მერე სალონში. 

პროექტის ბიუჯეტის დასაწერად კამერებისა და სამონტაჟოების ფასები მაინტერესებდა და ამის გასაგებად ბევრ სააგენტოში დავრეკე, გავუგზავნე მეილები, რამაც საკმაოდ დიდი დრო წაიღო, ამიტომ გადავწყვიტე, რედაქტორისთვის დამერეკა და ტელეფონით შემეთანხმებინა სტატიის თემა, ასეც მოვიქეცი და ზუსტად 6-ის ნახევარზე ვაკის აუზის სალონში ვიყავი. კოსმეტოლოგთან რომ შევედი, სხვა დამხვდა მასთან და შორენამ, ჩემმა კოსმეტოლოგმა მითხრა, შენ 5-ის ნახევარზე იყავი ჩაწერილიო, ძალიან გავბრაზდი, აშკარად 6-ის ნახევარზე ჩავეწერე.... გარეთ ყური მოვკარი, ნინო ანანიაშვილი არის მოსულიო.... როგორც ჩანს, ჩემი რიგიც მან მიითვისა :))) იქნებ რამე შემეშალა და 6-ის მაგივრად, მექანიკურად 5-ის ნახევარი ვუთხარი, მაგრამ რატომ ვეტყოდი? მოკლედ, არ ვიცი.... ის კი ფაქტია, რომ პარასკევს 11-ის ნახევარზე ვიყავი ჩაწერილი მაგავე სალონში და 12-ის 10 წუთამდე ველოდე, მართალია, მე ინგლისური მქონდა სასწავლი და დავჯექი და ვსწავლობდი, მაგრამ 40 წუთით დაგვიანება ყველა შემთხვევაში ცუდია.... მაგის გამო, მერე ინგლისურზეც დამაგვიანდა, შესაბამისად გვიან გამოვედი, მერე სემინარს ვატარებდი და იქაც ძლივს მივუსწარი.

დღევანდელ დღეს რომ დავუბრუნდე, სალონიდან პოპულიში წავედით მე და ჩემი და სოკოს ღვეზელის საყიდლად, აღარ დაგვხვდა და საშინლად უგემური რაღაცები ვიყიდეთ :))) თანაც  ოთხ პოპულს ჩავუარეთ ჩვენი ყვითელი ავტობუსით და ჩემმა დამ, რატომღაც მაინც კოლმეურნეობის მოედანზე წამიყვანა.

უნივერსიტეტში კი მოვახერხე შერბენა და ანკეტის შევსება, სახლშიც გავაკეთე რაღაცები, მარა... :((( მოკლედ, ჩემი სიზარმაცისა და გარემოპირობებით შექმნილი უსიამოვნებების გამო (ვაღიარებ, რომ ძირითადად ჩემი სიზარმაცის, რადგან ორივე დავალება დიდი ხნის წინ მოგვცეს გასაკეთებლად), სოციალური საკითხებიც და პროექტიც ხვალისთვის ისევ გასაკეთებელი მაქვს. პლუს ამას, ზეგისთვის მინდოდა ინგლისურის სწავლა და სიუჟეტის სცენარის გაკეთება, რადგან ხვალ გვიან ვრჩები ლექციებს...  

ხვალიდან გერმანელი ლექტორის სემინარები გვეწყება უნივერსიტეტში, ყოველ საღამოს გვექნება და დიდი ინტერესით ველოდები :)

Thursday, 5 November 2009

რას მერჩის თსუ-ს ადმინისტრაცია


3 კვირის წინ სტიპენდიებზე მქონდა სტატია და წყაროებზე დაყრდნობით ვწერდი, რომ 2010 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში სტუდენტთა სტიპენდია გათვალისწინებული არ იყო. რა თქმა უნდა, სტატიაში მქონდა, განათლების სამინისტროს, თსუ-ს და ა.შ. კომენტარები. 
მერე ჩემს მეგობარსაც მივეცი კომენტარი სტიპენდიებზე როგორც სტუდენტმა და ვთქვი, რომ ეს პროგრამა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და გული დამწყდა, როცა გავიგე, შეიძლება 2010 წლიდან აღარ გაგრძელდეს-მეთქი (სიტყვები ზუსტად არ მახსოვს, შინაარსით ასეთი იყო).

დღეს რეკავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან დეკანატში და კითხულობენ წინა სემესტრში მქონდა თუ არა სტიპენდია და რატომ ვამბობ, რომ `სტიპენდიები აღარ არის`. გადავამოწმე და სტატიაში ასეთი რამეს არსად ვამბობ. ამიტომ მრჩება ეჭვი, რომ დაინტერესდნენ რატომ ვიყავი ამ საკითხით ასეთი დაინტერესებული და რატომ ვავრცელებდი სტატიებითა და კომენტარებით ინფორმაციას წამახალისებელი პროგრამის შესახებ.

ძალიან, ძალიან მეწყინა, რომ თსუ-ს ადმინისტრაციაში ტექსტებს კარგად ვერ იგებენ და მეორეც, დაეძებენ და ამოწმებენ ბავშვებს, ვინც გარკვეულ ინფორმაციას ავრეცელებს...  

Thursday, 17 September 2009

იდეების პრობლემა


ამ ბოლო დროს საგაზეთო სტატიებისთვის თემის შერჩევა განსაკუთრებით მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გონება ყველგან და ყოველთვის, ყველაფერში _ მასალას ხედავს, საინტერესოს ვერაფერს ვამჩნევ. მე კი არა, უკვე ოჯახის წევრებიც კი ჩავრთე ამ საქმეში და ეძებენ ჩემთვის იდეებს, მაგრამ რეალური, აქტუალური და საინტერესო ამ დროისთვის ვერაფერი მოვიფიქრე... არადა, ძალიან მჭირდება რამდენიმე იდეა... : ((( იქნებ ვინმემ მირჩიოთ საზოგადოების სფეროში რაიმე საინტერესო თემა?