საპატრიარქო კუთვნილი შენობიდან 15 გაჭირვებულ ოჯახს ასახლებს. მათ შორის 30 ბავშვია, მათგან ყველაზე უფროსი 13 წლისაა, რამდენიმე კი ახალშობილია. საპატრიარქო შენობაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული ინსტიტუტის ფილიალის გახსნას გეგმავს.
ავჭალაში, ლიბანის 33-ში ყოფილი პროფტექნიკუმის შენობა რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის სამინისტროს საპატრიარქოსთვის გადაუცია. რუსეთ-საქართველოს ომის დროს შენობაში იძულებით გადაადგილებული პირები შესულან. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათ სხვა ფართები გამოუყო, მათი ადგილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფმა, უსახლკარო ოჯახებმა დაიკავეს. როცა შენობაში შედიოდნენ, მასზე მეთვალყურეობა იაგო ღუდუშაურს ჰქონდა დაკისრებული (ხოლო მანამადე ნოდარ შიოლაშვილს, სხვათაშორის, ორივე პატრიარქის ბიძაშვილია). მაცხოვრებლები ღუდუშაურს ძალიან ემადლიერებიან. ხუთშვილიანი დედა ნინო ბუთხუზი იხსნებს, რომ მან არაერთხელ მისცა ფული ბავშვის სამკურნალოდ. როგორც ერთ-ერთი მაცხოვრებელი ინგა მორბედაძე ამბობს, მათ იცოდნენ, რომ შენობაში 3 წელი უნდა გაჩერებულიყვნენ, თავად შიოლაშვილი კი მორბედაძის ნათქვამს უარყოფს და ამბობს, რომ მას დროებით შეფარება სთხოვეს, ეს “დროებით” შეიძლება 1 კვირაც ყოფილიყო...
ასეა თუ ისე, საპატრიარქო თავისი შენობის დაცლას ითხოვს, ისე რომ, სულაც არ აინტერესებს სად წავლენ იქ მაცხოვრებლები. რა თქმა უნდა, იურიდიულად საპატრიარქო მართალია, თავისი საკუთრებაა და რასაც უნდა, იმას უზამს, მაგრამ... რა განსხვავებაა საპატრიარქოსა და ვთქვათ, ბანკს შორის? როცა ბინას ვერ გამოისყიდის მეპატრონე, ბანკი მას ძალის მეშვეობით ასახლებს. თუ 17 ივლისამდე შენობას არ დაცლიან ლიბანის 33-ში მაცხოვრებლები, მათ პოლიციის მეშვეობით, ძალით გაიყვანენ. ხედავთ განსხვავებას? მე ვერა, არადა, გაჭირვებულის დახმარებას ბანკისაგან განსხვავებით, საპატრიარქო, უფრო სწორად ქრისტიანობა ქადაგებს.
არ მესმის პატარა, საყვარელი პატარების ქუჩაში გაყრას რა ღირებულება უნდა დაუპირისპირო ქრისტიანული მორალის გასამართლებლად.



