Showing posts with label news. Show all posts
Showing posts with label news. Show all posts

Thursday, 10 June 2010

სემინარი - მედია და არჩევნები

მე-4 კურსელებისთვის ხვალ უნივერსიტეტში ბოლო სასწავლო დღეა, შეგვიძლია ეს დღე ნაყოფიერად გამოვიყენოთ და დავესწროთ სემინარს დღეს ყველაზე აქტუალურ საკითხზე: არჩევნების გაშუქება.მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ამ თემაზე სპეციფიკური კურსი არ გაგვივლია. მოკლედ,
11 ივნისს, თსუ VI კორპუსის დარბაზში, 14:00 საათზე გაიმართება ამერიკელი პროფესორის, ჩრდილოეთ დაკოტის შტატის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ლექტორის – მარკ მაისტერის საჯარო ლექცია თემაზე: მედია და არჩევნები. დასწრება თავისუფალია.
სემინარი საათ-ნახევარი გაგრძელდება და ხელს არ შეგვიშლის ბოლო ზარის ღონისძიებაზე დასწრებაში.

Friday, 4 June 2010

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ მორიგი აქცია


“მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!!!” ამ ლოზუნგებით “თავისუფლების ინსტიტუტთან” “სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ” აქცია-ბრიფინგი გამართა. მათი ძირითადი მოთხოვნა 7 მაისს დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლება იყო, თუმცა ისინი ასევე მოითხოვდნენ, “თავისუფლების ინსტიტუტის” საქმიანობის აკრძალვას.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „ლეიბორისტების”, „კონსერვატორების“, „თავისუფლების“ და „გამარჯვების" ახალგაზრდული ფრთის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები „თანასწორობის ინსტიტუტი“, “ერეკლე II-ის საზოგადოება”, ახალგაზრდული მოძრაობა „არა!" და “წინ.”

ჟურნალისტებისთვის განცხადებების გაკეთების შემდეგ, მათ კართან განცხადება, “მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!!!” დატოვეს.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, თანამოაზრეების გათავისუფლების და „თავისუფლების ინსტიტუტის“ საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით, ისინი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პატრიარქის სახელზე წერილების გაგზავნას გეგმავენ.


აქციაზე არ იყვნენ ორგანიზაციების მხარდამჭერები და არც „თავისუფლების ინსტიტუტიდან“ ყოფილა გამოხმაურება. აქცია ყოველგვარი ინციდენტების გარეშე, ნახევარ საათში დასრულდა.

Friday, 21 May 2010

მუჰაჯირობის ტრაგიკული ისტორია და თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების დღევანდელი ყოფა

21 მაისს აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები, რომლებიც მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ, მუჰაჯირობის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე პირველად საქართველოში, დღეს, ბიოლის ფონდში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ფილმის, „სინანულის სანაპიროს“ ჩვენებით აღნიშნა.

ნიკო წულაძის ფილმი „სინანულის სანაპირო“ აფხაზი მუჰაჯირების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე. რეჟისორმა 45-წუთიან ფილმში წარმოადგინა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ისტორიული საარქივო მასალა და დოკუმენტურად ასახა, როგორ მიზანმიმართულ გენოციდს უწყობდა რუსეთის იმპერია კავკასიის ხალხებს, მათ შორის - აფხაზებს.


საარქივო მასალის გარდა, ფილმში ნაჩვენებია თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების დღევანდელი ყოფა. როგორც ირკვევა, თურქეთში გადასახლებული აფხაზებისა და მათ გვერდით მცხოვრები ქართველების ურთიერთობა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს დიდწილად არ გაუფუჭებია. ორივე ხალხის წარმომადგენლები გულისტკივილით აცხადებენ, რომ ეს კონფლიქტი სამარცხვინო ლაქაა და დროა, ქართველებმა და აფხაზებმა იფიქრონ შერიგებაზე.

„მუჰაჯირი არაბული სიტყვაა და ნიშნავს სამშობლოდან წასვლას, გასახლებას სხვა მხარეში. მუჰაჯირობად მიიჩნევა ის გასახლება, რომელიც ხდებოდა კავკასიაში რუსეთის მიერ შემოერთებული მიწა-წყლიდან მე-19 საუკუნის დასაწყისიდან.


ცნობილია, რომ მუჰაჯირობის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო ოსმალეთი, რომელიც ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ხალხი აეყარა და გაესახლებინა ოსმალეთში რუსეთის მიერ დაკავებული მაჰმადიანებით დასახლებული კავკასიის ტერიტორიდან.“


„მუჰაჯირობის ოფიციალური ვადა იყო 1879 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე, მაგრამ თურქებმა მოსახლეობის გასახლება აჭარიდან გაცილებით ადრე, რუსეთის ჯარის აჭარაში შესვლამდე დაიწყეს. 1879 წლის გაზაფხულზე წასულა მუჰაჯირთა პირველი ნაკადი; პირველი ნაკადის გასახლება იმავე წლის შემოდგომამდე გაგრძებულა და ამ დროს წასულა მუჰაჯირად აჭარის მოსახლეობის საერთო გასახლებულთა უმეტესი ნაწილი. 1880 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ისევ გაგრძელდა გასახლება, 1881 წლის გასახლება უფრო მაჭახლიდან, მურღულიდან და შავშეთიდან მომხდარა.“


ზოგადად, მუჰაჯირები (არაბ.مهاجر‎‎ მუჰაჯირ „გადასახლებული, ემიგრანტები“), ისლამის ქვეყნებში აღნიშნავს ემიგრანტებს, გადასახლებულთ. მუსლიმანური ტრადიციით, პირველი მუჰაჯირები იყვნენ წინასწარმეტყველ მაჰმადის მიმდევრები, რომლებიც 622 წელს მასთან ერთად გადასახლდნენ მექიდან იასრიბში (მედინაში).

Friday, 7 May 2010

საპროტესტო აქციების გაგრძელება ილიას უნივერსიტეტთან და ჭადრაკის სასახლეში

სიტყვის თავისუფლების დაცვის მოწოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებმა შეკრება 14:00 საათისთვის დაიწყეს.
დაახლოებით ათ წუთში ეს პლაკატი ასე გამოიყურებოდა
იყო სიტყვიერი შეურაცხყოფები, თუმცა პატრულმა მოწინააღმდეგები მალე გაიყვანა.



საპატრულო პოლიცია და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, გიორგი გეგეჭკორი

ილიას უნივერსიტეტთან დარჩენილ „აქტივისტებს“ უნივერსიტეტის დაცვა ტერიტორიის დატოვებას სთხოვს.

3 საათისთვის მათი მოწინააღმდეგეები კი ჭადრაკის სასახლისკენ დაიძრა, სადაც სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის შეხვედრა ტარდებოდა.
პლაკატზე „შეურაწყოფა“ მალე შეურაცხყოფამ შეცვალა.


ჭადრაკის სასახლე ამდროისთვის თითქმის მთლიანად გავსებულია.


შეკრებას პოლიტიკოსებიც ესწრებიან.

სცენაზე სმმ-ის ახალგაზრდული ფრთა, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და „თანასწორობის ინსტიტუტის წევრები“ არიან.


იგივე ადგილი ცოტა ხანში ასე გამოიყურება
ახალგაზრდების წასვლის მიზეზად პოლიტიკური გამოსვლები დასახელდა.


სცენის წინ ჩამომსხდარი ჟურნალისტები, სალო და აჩიკო :)


p.s. ჩემი ნიუსი ამ თემაზე

Saturday, 27 March 2010

თსუ-ს სტუდენტური გაზეთები: მოგონებები, სიახლები და პრობლემები


უცნაურია, მაგრამ 2006 წელს, როცა სტუდენტი გავხდი, ერთადერთი სტუდენტური გაზეთი იურიდიულ ფაკულტეტს ჰქონდა. გაზეთს საკმაოდ საბჭოური სახელი, `ახალგაზრდა იურისტი` ერქვა და სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებით გამოდიოდა, რაც, ჩემი აზრით, საკმაო შეზღუდვებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის ერთადერთ სტუდენტურ გაზეთში წერა გადავწყვიტე. უზომოდ გამიხარდა, როცა ერთ დღეს აჩიკო კაიკაციშვილმა დამირეკა და მითხრა, ჩვენი გუნდის წევრი ხარო. ასე დაიწყო და დაიწყო : ))

გაზეთის წევრები უნივერსიტეტში საკმაოდ აქტიური და მოაზროვნე სტუდენტები აღმოჩნდნენ. თვეში რამდენჯერმე მე-8 კორპუსში, გაზეთისთვის გამოყოფილ პატარა ოთახში ვიკრიბებოდით ე.წ. სხდომებზე. ვკამათობდით ბევრს, თუ რა უნდა გასულიყო, როგორ უნდა გასულიყო, ვინ რას დაწერდა და ასე შემდეგ.
ერთი წლის შემდეგ `ახალგაზრდა იურისტი` `თსუთაიმსმა` შეცვალა.
ამ გაზეთებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სტუდენტები ვაკეთებდით. ჩვენ ვწერდით, ვარედაქტირებდით, ვავრცელებდით და ხანდახან ჩვენვე ვკითხულობდით (აჩი, არ გეწყინოს :) ) თუმცა, რედაქციის გული და სული, მამა და ბურჯი, უპირობოდ აჩიკოა. ჩემთვის ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უყვარდეს ადამიანს თავისი საქმე და იყოს მისი ერთგული.

ერთი საინტერესო პროცედურა გვქონდა გასავლელი რედაქციას ყოველი არჩევის მერე (წლის დასაწყისში ახალი რედაქცია კომპლექტდებოდა ხოლმე), ვირჩევდით მიმართულებების ხელმძღვანელებს, პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელს, პიარმენეჯერს :) თქვენ წარმოიდგინეთ და პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელობის პატივი მეც მხვდა :) , თუმცა დიდხანს აღარ გავჩერებულვარ და მალე, შარშან დეკემბრის ბოლოს დავტოვე რედაქცია. მიმაჩნდა, რომ გაზეთში ჩემი თავი ამოვწურე, ახალს ვერაფერს ვაკეთებდი და გაზეთისგანაც მივიღე ყველაფერი, რაც უნდა მიმეღო: გავიცანი უნივერსიტეტში ძალიან აქტიური სტუდენტები, ვიყავი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში :) , გამოვიმუშავე ჟურნალისტისთვის საჭირო უნარები. თანაც იმდროისთვის რამდენიმე გაზეთში დავიწყე წერა და, უბრალოდ, ვეღარ ვასწრებდი.
როცა გაზეთიდან წამოვედი, ბევრი ძალიან თბილი sms მივიღე, ბანალურია, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ მართლა ღირდა ჩემი სტუდენტობის ამ საქმისთვის დათმობა. ჩემი ადგილი კი ნათია თამაზაშვილმა, ძალიან ჭკვიანმა და მოტივირებულმა ადამიანმა დაიკავა . დღეს გავიგე, რომ ნათია მე-3 კურსის სტუდენტმა ნინი ჯაჯანიძემ შეცვალა. მე მგონი, ნინის ყველაზე რთულ დროს უწევს გაზეთის მართვა, როცა `თსუთაიმს` ფინანსური პრობლემების გამო, მხოლოდ ონლაინ უწევს მუშაობა. მე მთელი გულით ვუსურვებ ნინის წარმატებებს და გაზეთის ფეხზე დაყენებას.

Friday, 26 March 2010

საზოგადოებრივი აქციის `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის წევრზე თავდასხმა მოხდა

ვავრცელებ მიღებულ ინფორმაციას!

დღეს, 26 მარტს, პარლამენტის წინ, 21:00 საათზე გაიმართება საზოგადოებრივი აქციის `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის საგანგებო ბრიფინგი

ჩვენ, აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ საორგანიზაციო ჯგუფი ვაცხადებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩა #14-ში, თავდასხმა მოხდა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორზე, გიორგი ვარდიაშვილზე, რომელმაც აღნიშნულის შესახებ დღეს გაავრცელა ინფორმაცია. მისი მიმართულებით, როცა ის თავის საცხოვრებელ სახლთან იდგა, მახლობელი საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა გასროლა მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით. გიორგი ვარდიაშვილი და მანქანასთან მდგომი მოქალქეები უვნებლად გადარჩნენ. დაზიანებულია ავტომობილი. მომხდართან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე, გამოძახებულ იქნა საგამოძიებო ჯგუფი.


აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს არის მოძრაობის დაშინების მცდელობა საწვავის ბიზნესთან დაკავშირებული მაფიის მხრიდან.

როგორც სჩანს, ამ სფეროში მუშაობენ არა ცივილიზებული ბიზნესის, არამედ მაფიის პრინციპებით. არ აღმოაჩნდათ რა არანაირი არგუმენტი საწვავის გაუმართლებლად მაღალი ფასების დასასაბუთებლად, საწვავის ბიზნესის უკან მდგომი მაფია დაშინების მეთოდებზე გადავიდა და ამას გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვანო მერაბიშვილს, დაგვიცავით გათავხედებული მაფიური კლანებისგან, თუ არა და ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არადემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ყველაფერს მაფიები განაგებნენ და ჩვენ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან, სამართლიან აქციას.

საქართველო ის ქვეყანა არ არის, სადაც მაფიური კლანები შეაშინებენ მოქალაქეებს, მოაწყობენ მათზე, მათი ოჯახის წევრებზე და მათ ახლობლებზე თავდასხმებს, დაშანტაჟების მიზნით.

ბ-ნო პრეზიდენტო! ჩვენ ვიცით, რომ თქვენ სრულად აკონტროლებთ მდგომარეობას ქვეყანაში, ამიტომ, თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახის წევრების და ახლობლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მათი უფლებების ხელყოფის გამო პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ და თქვენს მთავრობას!

აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ გაგრძელდება, მისი ორგანიზატორები ვართ ჩვეულებრივი ქართველები, არანარკომანები და არაკრიმინალები, ჩვენ ვერც ნარკოტიკს ჩაგვიდებთ და ვერც იარაღს, ამიტომ არიან შეშფოთებული ქართველი ხალხის გაჭირვებაზე ხელის მოთბობის მოსურნე კლანების წარმომადგენლები.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხართ კონსტიტუციის გარანტი და არ უნდა დაუშვათ ჩვენი სიცოცხლისა და უფლებების ხელყოფა.


აქცია `პროტესტის საწვავის ქართულ ფასებს~ საორგანიზაციო ჯგუფი.

საკონტაქტო ნომერი: ზურაბ კუკულაძე 879 181896

26 მარტი, 2010 წელი

ვიმეორებ, რომ მხოლოდ ვავრცელებ მიღებულ ინფორმაციას.

Monday, 15 March 2010

აქცია: „ნუ იტყუები!“

გუშინ საღამოს ექსპრომტად გადავწყვიტეთ გოგოებმა, რომ გაგვეპროტესტებინა იმიტირებული „ქრონიკა“ და დილას შევიკრიბეთ მე-6 კორპუსის წინ. საინტერესო აქცია იყო, ცივილური, ემოციების გარეშე ვისაუბრეთ. რაც მთავარია პოლიტიკასთან ახლოს არ მივსულვართ. საერთოდ, საქართველოში აპოლიტიკური აქციები, როგორც წესი, არ ეწყობა, ან ეწყობა, მაგრამ მცირე მასშტაბით. არადა, მსგავსი აქციები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც ჩანს, დემოკრატიამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ, იქამდე კი, როგორც ლიკა იტყოდა, ხშირად მოგვიწევს რუსთაველზე გასვლა და ძახილი: შენ წადი! შენ მოდი!



ლინკები ჩვენი აქციის შესახებ:

http://24saati.ge/index.php/news/2010-03-15/4317

http://www.netgazeti.ge/GE/2/News/1109/

http://itv.ge/?p=54156

http://www.expressnews.ge/?p=3466


http://www.media.ge/ka/node/36644

პ.ს. ახლახან გამომიგზავნეს, სავარაუდოდ, გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის სატელეფონო ჩანაწერი , სადაც საუბარია რა ფორმით უნდა გასულიყო იმიტირებული „ქრონიკა“. თუ ჯერ არ მოგისმენიათ, ალბათ, დაგაინტერესებთ...


Sunday, 14 March 2010

სტუდენტებო, 15 მარტს, 12:00 საათზე დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვხატავთ პროტესტს 13 მარტს ტელეკომპანია 'იმედის' ეთერში გასულ იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით.
ჩვენ არ გვსურს, რომ მგავსი შემთხვევა კვლავ განმეორდეს და ამ მიზნით, ჩვენს თანატოლებს, სტუდენტ ჟურნალისტებს მოვუწოდებთ კარგად გაიაზრონ მომხდარი. გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ 14 მარტს ვარდების მოედანზე გამართულ აქციაზე პროტესტის გამოსახატად ჟურნალისტების მცირე ნაწილი მივიდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სტუდენტები გამოიჩენენ გონიერებას და 15 მარტს, 12 საათზე, თსუ-ს მე-6 კორპუსის წინ, ნახევარი საათით მოვლენ და დააფიქსირებენ თავიანთ პროტესტს არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ. აქცია აპოლიტიკურია და ემიჯნება პოლიტიკურ პარტიებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 899 757907

Friday, 15 January 2010

ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი გარდაიცვალა

ახლა გავიგე, რომ ნახევარი საათის წინ გარდაცვლილა ნიკო ორველაშვილი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ეროვნული ფორუმის წევრი.. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ინფრომაციას ეროვნული ფორუმის პრესცენტრი ავრცელებს.

ასეთი ინფორმაცია მომივიდა, სამწუხაროდ, მე ვერ ვახერხებ გადამოწმებას...

Monday, 30 November 2009

სტიპენდიანტების სიები მზადაა


სოციალურ-პოლიტიკურზე სტიპენდიის სიები უკვე გამოაკრეს. სულ 84 ბავშვია გამარჯვებული. მე ვარ მე-4 სიაში :) რეზო ჯორბენაძემ როგორც გვითხრა, ფული, 600 ლარი, 15 დეკემბრის შემდეგ ერთიანად დაირიცხება. 

Friday, 27 November 2009

ტელევიზია VS PR სკოლა


'იმედის' ჟურნალისტების პრესსამსახურებში გადაყვანა გრძელდება. მანანა მანჯგალაძის შემდეგ ვახო სანაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის უფროსად გადაიყვანეს(ხელფასი 1700 ლარი ექნება:)). როგორც გავიგე, ახალი სამსახურის პარალელურად, იმედში მუშაობას გააგრძელებს ...  

სანაია თსუ-ს პრესსამსახურში 18 ნოემბერს დაინიშნა, 20-ში კი თსუ-ს იმედის გენერალური დირექტორი, გიორგი არველაძე ეწვია. როგორც ხედავთ, სანაიამ პიარსამსახურში მუშაობა ნაყოფიერად დაიწყო :)

Monday, 2 November 2009

გამოცხადდა კონკურსი სტიპენდიაზე



გამოცხადდა წარჩინებულ სტუდენტთა სტიპენდიის პროგრამა. პირობები იგივეა, რაც წინა სემესტრებში, ანუ 81-100 ქულამდე შეფასება ყველა საგანში, სასურველია სტატიები ან კონფერენცებში მონაწილეობა. საბუთების მიღება 13 ნოემბრამდეა. ესეც ანკეტა...