Showing posts with label სტატია. Show all posts
Showing posts with label სტატია. Show all posts

Tuesday, 8 December 2009

გადავწყვიტე :)


წინა პოსტის გაგრძელება

გადავწყვიტე აღარ დავწერო, უფრო სწორად, რედაქტორმა მითხრა ასე, არ გვინდა ეგ მასალაო. ძალიან გამიხარდა.

ბოდიში ნინოს და ლიკას გუშინ ტყუილად რომ ვატარე აქეთ-იქით :)

Monday, 7 December 2009

როგორ მოვიქცე? მირჩიეთ ყველამ!

გუშინ დილით ლექციაზე ვიყავი ჩვეულებრივ, ჩემს მეგობარს ვემესიჯებოდი, რომელიც ასევე ლექციაზე იყო სხვაგან. სასხვათაშორისოდ მომწერა, რომ მის უნივესიტეტში ლექტორმა ბავშვს სცემა და მერე დიდი ამბები დატრიალებულა. რა მაგარი სკანდალია, ახლავე მოვალ, სტატიას დავწერ-მეთქი. ცოტა ხანში წავედი, უკვე სიმშვიდე იყო, ფაკულტეტის დეკანმა დამიდასტურა, რომ მართლაც მოხდა ასეთი რაღაც და ეს ლექტორი გათავისუფლებულია. საღამოს გავიგე, რომ ამ ლექტორს თავის მოკვლა უცდია, ანუ ძალიან ნევიულობს მომხადარს. ახლა ჩემი სტატია რომ გამოქვეყნდეს და ქვეყანამ წაიკითხოს, მეშინია, ამ ქალმა არაფერი დაუშავოს საკუთარ თავს. ეჭვი მაქვს, ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს. ჰოდა, არ ვიცი როგორ მოვიქცე. თვითონ ამბავი ძალიან სკანდალურია, თან უკვე ნამუშევარი მაქვს, გუშინ ავტოსკოლა გავცდინე მაგის გულისთვის... მერე გვიანობამდე ვცდილობდი დამეთახმებინა კომენტარზე თვითმხილველი ბავშვები, საბოლოოდ ვერ ვითანხმებ მგონი...

არ ვიცი, როგორ მოვიქცე. იქნებ, თქვენც მირჩიოთ, ღირს ამ ამბის გახმაურება? 

p.s. შეგნებულად არ ვასახელებ სად და როდის მოხდა, იდენტიფიკაფია რომ არ მოახერხოთ :)

Monday, 23 November 2009

დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულების ქორწინება


გილოცავთ გიორგობას!

დღეს პატრიარქი 500 ბავშვის ნათლია გახდა. ეს ნათლობის უკვე მე-9 რიტუალი იყო. 2008 წლიდან მოყოლებული უწმინდესმა 4000-ზე მეტი ბავშვი განათლა. ტრადიცია 2 წლის წინ დამკვიდრდა და საკმაოდ სწრაფად იზრდება ნათლულების რაოდენობა. საქართველოს ეკლესიის კანონიკური წესებით, ნათლულებს შორის ქორწინება არ არის მიღებული. გამოდის რომ ამ 4000 (მომავალში კიდევ ხომ მოიმატებს) ბავშვს ერთმანეთში ქორწინება არ შეეძლებათ? ამ თემაზე ზაფხულში, ერთ-ერთი ნათლობის დროს ვაკეთებდი სტატიას. 

დიიიიიდიიი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ საპატრიარქოსგან ინფორმაციის მიღება სირთულით არანაკლებ ჩამოუვარდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღებას. იმ პერიოდში უწმინდესი გერმანიაში იმყოფებოდა და კომპეტენტური პირების ნაწილი მასთან ერთად იყო წასული. მთელი დღის განმავლობაში დავურეკე 10-მდე მეუფეს, პრესცენტრი ხან ვისთან მამისამართებდა ხან ვისთან... მეუფეები შეკითხვაზე სხვადასხვა მიზეზით პასუხს არ მცემდნენ.
ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, საპატრიარქო პატრიარქის ნათლულთა შორის ქორწინების წინააღმდეგი არ არის, რადგან ისინი უწმინდესის ნათესავები გამოდიან და არა ერთმანეთის; პატრიარქის ინიციატივა ერში დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მიზნით გამოითქვა. შესაბამისად, დაუშვებელია, რომ საწინააღმდეგო მოხდეს და ერის გამრავლებას ხელი შეეშალოს. საპატრიარქოში ასევე უარყოფენ აზრს, რომ მომავალში, თითქოს, მხოლოდ ერთი სქესის ბავშვები მოინათლებიან.  თუმცა კანონისტი დავით ჩიკვაიძის თქმით, საეკლესიო სამართლის მიხედვით, ერთი ნათლიის ნათლულებს შორის ქორწინება დაუშვებელია (VI მსოფლიო კრების 53-ე კანონი, მათე ვლასტარის სინტაგმის ასო (ბეტა), თავი მე-8). მასში პატრიარქის მიერ მონათლულთა საკითხი გამონაკლისის სახითაც არაა აღნიშნული. `ეს წესი გავცრელდება მათზეც. თუმცა, სასულიერო პირთა შორის საუბარია, რომ რამდენადაც პატრიარქის ნათლობა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, შესაძლოა, გამოიცეს სინოდის გადაწყვეტილება ნათლულთა შორის ქორწინების შესახებ. რახან ჯერჯერობით შესაბამისი კანონიკური საფუძველი არ არის, მე პირადად, ამას ვერ დავეთანხმები.'


Saturday, 21 November 2009

აფერა თუ კინოში გადაღების რეალური შანსი?!


ალბათ ყველას შეგინიშნავთ ქუჩაში განცახდებები, ახალგაზრდა მსახიობებს რომ უხმობენ კინოში გადასაღებად. უკვე თითქმის ყველამ იცის ვისთან აქვთ საქმე. იმის გასარკვევად, თუ რა ხდება მათ ოფისში და როგორ ხდება მსახიობების შერჩევა, გასულ წელს მივედი სტუდიაში. რადგან მათი ახალ-ახალი განცხადებები ქუჩებში ისევ გამოკრულია, სტატიის ნაწყვეტს ვაქვეყნებ.

”კინოში გადასაღებად ვიწვევთ ახალგაზრდებსა და ბავშვებს”, - ამ შინაარსის პლაკატებს თბილისის თითქმის ყველა უბანში დიდი ხანია ვხვდებით. ბოლო დროს, გაჩნდა განცხადებები, სადაც იგივე კომპანია რინგის ჩატარების შესახებ იტყობინება. ”ვერსია” დაინტერესდა, რეალურად, რას წარმოადგენს TV-CINEMACOMPANY CEROL და ამ მიზნით, როგორც კინოში გადაღებით დაინტერესებული ახალგაზრდები, მათ სტუდიას ვეწვიეთ.



მითითებულ მისამართზე მისვლისას კარზე წარწერა დაგვხვდა: ”კინოკომპანიისა და თეატრალური აკადემიის ოფისი არის ქვემოთ სარდაბში!”

სარდაფის აბრა გვაცნობდა, რომ ჩვენ ”მედეა ჩახავას თეატრალურ აკადემიაში” ვიმყოფებოდით. იქ შესულებს კი კინოსა და თეატრის ცნობილი თუ უცნობი მსახიობების უამრავი სურათი და პლაკატი, ხელოვნური ყვავილები და აჟურული ფარდები დაგვხვდა. როგორც ჩანს, სურათების უმრავლესობა ჟურნალ-გაზეთებიდან იყო ამოჭრილი.



რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, გასაუბრებაზე დაგვიძახეს. ეს ოთახი პირველზე გაცილებით პატარა აღმოჩნდა. ისეთი პატარა, რომ როდესაც მაგიდასთან დავსხედით, სტუდიის ხელმძღვანელმა მეორე კარის გაღება ვერც მოახერხა და ჩვენს გამსაუბრებელს მკაცრი სახით უთხრა, აქ ხალხს ასე ნუ სვამო, თუმცა იმ ოთახში სხვანაირად დაჯდომა შეუძლებელი იყო. კედელზე გაკრული უცნობი ადამიანების უამრავი ფოტოების შესახებ გვითხრეს, რომ ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ოდესმე ამ სტუდიასთან ჰქონია შეხება. თუმცა ეს დუტას, ჯაპანასა და პლაჟზე გადაღებულ პამელა ანდერსონს არ შეხებია.

შემდეგ ჩაინიშნეს ჩვენი გვარ-სახელი, სიმაღლე, საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ სიით 440-ე აღმოვჩნდით. შეკითხვები, ძირითადად, ჩვენს პლასტიკურ მონაცემებსა და სამსახიობო ნიჭს შეეხებოდა.

გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე წასაკითხად რაიმე ლექსი ან მოთხრობა უნდა მოგვემზადებინა და ისე წარვმდგარიყავით კომპეტენტური ჟიურის წინაშე. თან უნდა გვქონოდა ფოტო საოჯახო ალბომიდან, სადაც სახის გარდა, ჩვენი აღნაგობაც უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი. კასტინგში მონაწილეობაზე დასაშვებად კი 10 ლარი უნდა გადაგვეხადა.

იმ შემთხვევაში, თუ კასტინგს წარმატებით გავართმევდით თავს, 150-ლარიანი კურსების გავლა მოგვიწევდა, სადაც მეტყველებას, პლასტიკასა და არტისტიზმს შეგვასწავლიდნენ.

ჩვენს შეკითხვაზე, ვინ იქნებოდა ჟიურის წევრი ან კურსების პედაგოგი, გვიპასუხეს, რომ ისინი თეატრალური აკადემიის პედაგოგებთან თანამშრომლობენ, მაგალითისთვის კი მანანა ტატიშვილი დაგვისახელეს.

როგორც გვითხრეს, აქამდე მათ ორი ფილმი, საბავშვო კომედია ”ბათუმის მატარებელი” და მძაფრსიუჟეტიანი ”ღამის მანიაკი” აქვთ გადაღებული.

მათი თქმით, პრეზენტაცია, შარშან, კინოს სახლში შედგა, გადაღებული ფილმები მალე DVD-ზე გამოვა და ჩვენც შეგვეძლება მათი ნახვა. გამოცხადებული ფილმის, ისტორიულ-ეროვნულ მხატვრული ”მამლუქნის” გადაღების დაწყების ზუსტი დრო კი არ დაუსახელებიათ, ამისთვის ჯერ ყველა შერჩეული მსახიობი უნდა მოვამზადოთო. კომპანიის თანამშრომლების თქმით, საზოგადოების მხრიდან დაინტერესება დიდია და ყოველდღიურად მათ ოცამდე ახალგაზრდა აკითხავთ.


შემდეგ ტურზე ლექსის წასაკითხად მომზადებულები მივედით. რეგისტრაციის 10 ლარი გადავიხადეთ და შესაბამისი ქვითარი მივიღეთ. ლექსის წაკითხვის შემდეგ, ეტიუდების დრო დადგა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამი დღე ითხოვეს და ამით ყოველგვარი ფორმალობები ამოიწურა.

სტუდიაში ყოფნის დროს, მუდმივად ისმოდა გარეთ მყოფი ბიჭების უცენზურო საუბარი, გინება და აურზაურის ხმა. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ეს არც ისე უჩვეულო ამბავია. მათი თქმით, ბიჭებმა იციან, რომ სტუდიაში არტისტული გოგონები მიდიან და კასტინგებია, ბიჭების ინტერესსაც ეს იწვევს. ამ ფაქტს ღიმილით ეხმიანება კინოსტუდიის პროდიუსერი, ბესიკ ხინთიბიძე: ”ეს ჩვენი თაობის სენია, ბევრს გართობა უნდა, მაგრამ ჩვენ დაცვა გვყავს”.

სხვათაშორის, ბესიკ ხინთიბიძემ ერთ-ერთ გასაუბრებაზე მისვლისას თავი გაგვაცნო ქართული შოუბიზნესის შემომტან ადამიანად საქართველოში. როდესაც ამ ფაქტის არგუმენტებით დასაბუთება მოვთხოვეთ, მან გვითხრა, რომ მისი მოწყობილია ”მის საქართველო - 90”, 90-იან წლებში, სხვადასხვა ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით იგი ხშირად მართავდა კონცერტებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე იმდროინდელ პრესასთან ხშირად საუბრობდა შოუბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე.


როგორც მან გვითხრა, TV-CINEMACOMPANY CEROL 1997 წლიდან არსებობს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანია კასტინგების გზით იყვანს ახალგაზრდა მსახიობებს და, მისი თქმით, ათი ფილმი აქვთ ჩაწერილი. ესენია: ”სიყვარულის ფერია”, ”დაიკარგა ხუჭუჭა”, ”ღამის მანიაკი”, ბავშვთა ტელესერიალი ”ტორტების ქალაქი”, სერიალი ”ერთი კოლეჯის ამბები”, ”სისხლიანი პერანგი”. ჩემს შეკითხვაზე, თუ შეიძლებოდა მათი ფილმების ნახვა, ხინთიბიძემ მიპასუხა: ”პრინციპში, შეიძლება ნახოთ ”ღამის მანიაკი”.

ხინთიბიძის თქმით, ასევე, მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა საბავშვო სტუდია ”რეტრო”, კინოსტუდიის შენობაში შედგა პრემიერა სპექტაკლისა: ”სიყვარული ნარკოტიკის სანაცვლოდ” და სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენებზე მუშაობა ამ დროსაც მიმდინარეობს.

მისი თქმით, კომპანიას შემოსავალი კინოში გადაღებული სარეკლამო პროდუქციიდან აქვთ. თუმცა ქუჩაში გაკრულ სარეკლამო პლაკატზე აღნიშნულია, რომ მათი სპონსორი უკრაინაში მოღვაწე კინოკომპანიების ქსელია.

მსახიობი მედეა ჩახავა, თავისსავე სახელობის თეატრალურ აკადემიაზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მას ამ აკადემიასთან არავითარი საერთო არა აქვს.

როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი მედეა, წლების წინ მართლაც დათანხმდა ბესიკ ხინთიბიძის შეთავაზებას, აკადემიას მისი სახელი ეტარებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აკადემიის რამდენიმე სამუშაო გაკვეთილი ნახა, სწავლების დონით უკმაყოფილო დარჩა. გარდა ამისა, მედეა ჩახავა არასოდეს ყოფილა საქმის კურსში, რა ხდებოდა ამ კომპანიაში და ამიტომ ბესიკ ხინთიბიძეს სთხოვა, აკადემიას მისი სახელი აღარ ეტარებინა, თუმცა მისი თხოვნა ამ დრომდე შეუსრულებელია.