Showing posts with label სხვადასხვა. Show all posts
Showing posts with label სხვადასხვა. Show all posts

Thursday, 27 January 2011

ნინო


საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, ნინო საქართველოში ქალის ყველაზე პოპულარული სახელია. თუმცა, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ სახელით 640 მამაკაცია რეგისტრირებული.

ეს მონაცემები უცნაური საქართველოსთვისაა, იტალიაში ნინო მამაკაცის სახელად არის მიჩნეული. ესეც მცირე მონაცემები Skype-ის მიხედვით.


ნინოობას გილოცავთ! :)

Thursday, 12 August 2010

ქობულეთისკენ

თბილისის რკინიგზის სადგურში ბათუმისკენ ბილეთების საყიდლად იმ იმედით მივედი,რომ რიგი დამხვდებოდა და წასვლის წინ ერთ რეპორტაჟს გავაკეთებდი,თუმცა ასე არ აღმოჩნდა. რკინიგზა მშვენივრად გაუკეთებიათ, ბევრი სალაროა და რიგიც არ აღმოჩნდა. მატარებლით მგზავრობა ჩემთვის ყველაზე კომფორტულია: სიგრილეა,ბარგს თავისუფლად აწყობ,კარგი სავარძლებია,5 საათში ჩადიხარ და 23 ლარიც ნორმალური ფასია. მთავარია, არ დაგავიწყდეს და ერთი კვირით ადრე დაიჭირო ბილეთზე თადარიგი.
ზღვაზე გოგოებთან ერთად პირველად წავედი,

ქობულეთში დავბარგდით. საღამომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ როგორც კი დაღამდა და მიმდებარე ბუნგალო–რესტორან–კაფეებში მუსიკა ჩაირთო, მივხვდით, რომ იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. ბოლოს კი ვნახეთ ორი კაფე – "ბობ მარლი" და "ბორა–ბორა", სადაც ბენდი ცოცხლად უკრავდა სხვადასხვა დროის ჰიტებს. "ბობ მარლიში" მეგი გოგიტიძის და ბენდი "სანის", "ბორა–ბორაში " ახალშექმნილი უსახელო ბენდის მოსასმენად თითქმის ყოველდღე დავდიოდით. საჭმელს რაც შეეხება, ყველგან ერთნაირი ფასებია: ცივი ყავა 3 ლარი, ნაყინიანი ყავა 4, ხილის ასორტი 12, პიცა 10–12, ხაჭაპურები 6–8...

მოგვეწონა ახალგახსნილი კლუბი "რიო", სადაც დაცვა ზედმეტად აქტიურია და თუ ფეხები აიკეცე, ან სადმე "არადასაჯდომ ადგილას" ჩამოჯექი, შენიშვნას მოგცემენ, თუ ბიჭს ეცეკვები, გაგიყვანენ, გამოგკითხავენ მასთან ცეკვა გინდა თუ არა და ისე დაგტოვებენ. არ მომეწონა "სტრეპტოციტის" სიტუაცია, არც მუსიკა და არც ხალხი, კლუბში რამდენიმე "ფეისი" შევნიშნე :)
პლაჟზე ლეიბორისტ სოსო შატბერაშვილს ვხედავდი ხშირად თავისი "პრადოთი".

გამიხარდა სანაპიროზე ბანანები და სკუტერები რომ აკრძალეს, წყალს ძალიან აბინძურებენ. ზღვიდან გამოსულს ხშირად მქონია მაზუთიანი ფეხები, არადა ვიცი, რომ ქვიშა "შინაურული" სკრაბია და ფეხებს არბილებს და უფრო ნაზს ხდის.

აღმაშენებელზე გზა უკვე გაკეთებულია, ახლა რუსთაველის ქუჩას აკეთებენ და იქაური ბინის მეპატრონეები ჩივიან, დამსვენებელი აღარ მოდის ჩვენთანო.
ზოგადად, ქალაქში სიმშვიდეა და წესრიგია, არ გამიგია ვინმეს რამე დაეკარგოს ან რამე ინციდენტი მომხდარიყოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნასვამი დადის.

Friday, 21 May 2010

მუჰაჯირობის ტრაგიკული ისტორია და თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების დღევანდელი ყოფა

21 მაისს აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები, რომლებიც მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ, მუჰაჯირობის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე პირველად საქართველოში, დღეს, ბიოლის ფონდში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ფილმის, „სინანულის სანაპიროს“ ჩვენებით აღნიშნა.

ნიკო წულაძის ფილმი „სინანულის სანაპირო“ აფხაზი მუჰაჯირების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე. რეჟისორმა 45-წუთიან ფილმში წარმოადგინა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ისტორიული საარქივო მასალა და დოკუმენტურად ასახა, როგორ მიზანმიმართულ გენოციდს უწყობდა რუსეთის იმპერია კავკასიის ხალხებს, მათ შორის - აფხაზებს.


საარქივო მასალის გარდა, ფილმში ნაჩვენებია თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების დღევანდელი ყოფა. როგორც ირკვევა, თურქეთში გადასახლებული აფხაზებისა და მათ გვერდით მცხოვრები ქართველების ურთიერთობა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს დიდწილად არ გაუფუჭებია. ორივე ხალხის წარმომადგენლები გულისტკივილით აცხადებენ, რომ ეს კონფლიქტი სამარცხვინო ლაქაა და დროა, ქართველებმა და აფხაზებმა იფიქრონ შერიგებაზე.

„მუჰაჯირი არაბული სიტყვაა და ნიშნავს სამშობლოდან წასვლას, გასახლებას სხვა მხარეში. მუჰაჯირობად მიიჩნევა ის გასახლება, რომელიც ხდებოდა კავკასიაში რუსეთის მიერ შემოერთებული მიწა-წყლიდან მე-19 საუკუნის დასაწყისიდან.


ცნობილია, რომ მუჰაჯირობის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო ოსმალეთი, რომელიც ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ხალხი აეყარა და გაესახლებინა ოსმალეთში რუსეთის მიერ დაკავებული მაჰმადიანებით დასახლებული კავკასიის ტერიტორიდან.“


„მუჰაჯირობის ოფიციალური ვადა იყო 1879 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე, მაგრამ თურქებმა მოსახლეობის გასახლება აჭარიდან გაცილებით ადრე, რუსეთის ჯარის აჭარაში შესვლამდე დაიწყეს. 1879 წლის გაზაფხულზე წასულა მუჰაჯირთა პირველი ნაკადი; პირველი ნაკადის გასახლება იმავე წლის შემოდგომამდე გაგრძებულა და ამ დროს წასულა მუჰაჯირად აჭარის მოსახლეობის საერთო გასახლებულთა უმეტესი ნაწილი. 1880 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ისევ გაგრძელდა გასახლება, 1881 წლის გასახლება უფრო მაჭახლიდან, მურღულიდან და შავშეთიდან მომხდარა.“


ზოგადად, მუჰაჯირები (არაბ.مهاجر‎‎ მუჰაჯირ „გადასახლებული, ემიგრანტები“), ისლამის ქვეყნებში აღნიშნავს ემიგრანტებს, გადასახლებულთ. მუსლიმანური ტრადიციით, პირველი მუჰაჯირები იყვნენ წინასწარმეტყველ მაჰმადის მიმდევრები, რომლებიც 622 წელს მასთან ერთად გადასახლდნენ მექიდან იასრიბში (მედინაში).

Thursday, 4 February 2010

ერთი ბრუნვა ხომ არ დავამატოთ ქართულ ენას?

თქვენი არ ვიცი და მე კი საშინლად მაღიზიანებს ეს `შუაქალაქიზაცია` მთელ საქართველოში. უნივერსიტეტში, ქუჩაში ყველგან `შუა ქალაქის` ტერმინებით ლაპარაკობს ხალხი, რა უბედურებააა, ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ხალხიც კი `მაგარ`, `მშვენიერ` გაიძახის. ეს სერიალი მომწონდა აქამდე და უკვე ვეღარ ვუყურებ ამდენი `შუაქალაქიზაციის` მერე.
თუ პროცესი კიდევ გაგრძელდა და კიდევ არ დაივიწყა ხალხმა სიტყვის ბოლოხმოვანის ჩამოკვეცა, სავარაუდოდ, ქართული ენის გრამატიკაში ცვილებები უნდა შევიტანოთ. ეს სიტყვები ფორმით ზოგჯერ შედგენილი შემასმენლია, ზოგჯერ წოდებით ბრუნვას ჰგავს, ამიტომ შემოვიტანოთ ახალი ბრუნვა და დავარქვათ დათური ან შუალობითი ან რამე ისეთი სიტყვა, რაც ბრუნვის წარმოშობას უკავშირდება.

რა წესით დებენ კომპანიები ვაკანსიებს jobs.ge-ზე და რას ნიშნავს ობიექტური PR მენეჯერი

სტატიას ვაკეთებ დასაქმებაზე და jobs.ge-ს კარგად შესწავლა მომიწია. აღმოვაჩინე, რომ ყველა ვაკანსია, რომელიც გამოცხადებულია PR სპეციალისტის პოზიციაზე, აბსოლუტურად იდენტურ ძირითად მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, პასუხისმგებლობის სფერო/კომპეტენციას და ძირითად ფუნქციებს მოიცავს.
გასაგებია, რომ სავარაუდოდ, განცხადებებს საიტის ადმინისტრაცია წერს, მაგრამ საინტერესოა, რატომ არ აქვს დამსაქმებელს პრეტენზია, რომ თავად განსაზღვროს რა სჭირდება მის ორგანიზაციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ორგანიზაციები განსხვავებული პროფილისაა.

ცოტა ეჭვიც კი მიჩნდება, ეს განცხადებები ფორმალობას ხომ არ წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, სულერთი ხომ არ ხდება კომპანიისთვის რა მოთხოვნები იქნება მის ვაკანსიაზე.

და კიდევ, ყველგან პირველ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში პირველ ადგილზე წერია ობიექტურობა, ვერაფრით მივხვედრივარ რას ნიშნავს PR სპეციალისტის ობიექტურობა.

ესეც ზემოხსნებული განცხადებები

http://www.jobs.ge/geo/21871/
http://www.jobs.ge/geo/21767/
http://www.jobs.ge/geo/21719/