Showing posts with label მედია. Show all posts
Showing posts with label მედია. Show all posts

Saturday, 30 October 2010

ქართული ინტერნეტ ტელევიზიები


ინტერნეტ ტელევიზია სატელევიზიო მომსახურების ინტერნეტით მიწოდებას გულისხმობს. ის აერთიანებს ორი ტიპის ტელევიზიას: ერთი, რომელიც ასლია ტრადიციული სატელევიზიო არხებისა (მათ IPTV-ს უწოდებენ ) და მეორე, რომელიც თავად ქმნის სატელევიზიო პროდუქტს. შესაძლოა, რომელიმე საიტს ორივე ეს ფუნქცია ჰქონდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ისინი ერთმანეთისგან განცალკევებულია.
ვებ სივრცეში პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიების შესახებ განსხვავებულ აზრებს წააწყდებით. gevision.ge მიიჩნევს, რომ ის პირველი ინტერნეტ ტელევიზიაა, იგივე ამბიცია აქვს itv.ge-ს, ასევე პირველ ინტერნეტ ტელევიზიადაა ცნობილი kolkha.org

kolkha.org კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ტელევიზია ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ლაზურ ენაზე ლაზებისთვის მაუწყებლობდა. ამ დროისთვის საიტზე განახლებები არ არის, როგორც ჩანს, ტელევიზია აქტიურად 2007-2008 წელს მუშაობდა. გარდა სიუჟეტებისა, საიტზე ლაზურ დიალექტზე თარგმნილი ფილმები და მუსიკაა განთავსებული.

gevision.tv ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსულმა ჟურნალისტებმა 2007 წლის 8 ნოემბერს შექმნეს. ტელევიზია ექსკლუზიურ მასალაზე იყო ორიენტირებული. საიტის ადმინისტრაციას 24 საათიანი მაუწყებლობის სურვილი ჰქონდა, თუმცა ტელევიზიამ მუშაობა 2009 წლის 28 დეკემბერს, უსახსრობის გამო, შეაჩერა.

itv.ge შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა. ის 2009 წლის 31 მარტიდან ფუნქციონირებს. itv.ge „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ნაწილია, რომლის შემადგენლობაში შედის www.presa.ge და www.bp.ge.

tetrebi.org
პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის. ის სულ ახლახან, 12 ოქტომბერს შეიქმნა თემურ შაშიაშვილის პარტიის "თეთრი მოძრაობის" მიერ. როგორც საიტზეა აღნიშნული, ტელევიზიის შექმნის მიზეზი ქვეყანაში არსებულმა სიტყვის თავისუფლების არქონა გახდა.

რაც შეეხება ქართულ აი-პი ტელევიზიებს (IPTV), მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა ქვემოთ მათი უმრავლება ჩამოთვლილია:

http://myvideo.ge/
http://tvali.ge/
http://www.iptv.ge/ka/home
http://georgiantv.net/
http://televizia.navi.ge/
http://www.internettv.ge/
http://livatv.com/
http://jini.ge/load/online_tv/55
http://www.kio.ge/livetv.php
http://nettv.ge
http://www.internettv.ge
http://www.jikhatv.com/index/int_ernet_t_elevizia/0-12

Thursday, 15 July 2010

"ნანუკას შოუს" "განსხვავებული" ფორმატი


"ნანუკას შოუს" დაახლოებით ერთი კვირა ველოდებოდი,სცენა მართლაც არაჩვეულებრივი იყო, თუმცა მხოლოდ სცენა... დაწყებიდან 15 წუთში სხვა არხებზე გადართვა დავიწყე. ველოდებოდი ძალიან მაგარ გადაცემას, ისეთს, როგორიც არასოდეს მინახავს, არადა, აღმოჩნდა:
* ჟურნალისტური კეკლუცობის გამოვლინებები მთიან სოფლებში მომზადებულ სიუჟეტებში თემაზე – უყურებთ თუ არა "ნანუკას შოუს". ცოტა გაუგებარია, რატომ არის აუცილებელი მთაში წასულმა ყველა ჟურნალისტმა იქ ხაჭაპურების ცხობა, ბალახის მოთელვა და სხვა კეკლუცობები დაიწყოს;
* სასტუმროების რეკლამები;
* ზაზა შენგელიას ქება ნანუკასა და "ნანუკას შოუს";
* პრეზიდენტის პოლიტიკური გამოსვლები (რამდენიმე წუთს თუ არ ჩავთვლით, რომელიც პრეზიდენტს საოცრად უბრალოებასა და ადამიანურობას უსვამდა ხაზს);
* ლელა წურწუმიას, დუეტ "ჯორჯიას", გიო ხუციშვილის სიმღერა, "ღამის შოუს" ნაკლებად სასაცილო დიალოგები... მითხარით, რომელია აქედან უცხო?
ერთადერთი ახალი სახეები: დამწყები დიზაინერის ჩვენება და მომღერალი (მომღერლის გვარი დამამახსოვრდა – ქათამაძე). თუ რამე გამომრჩა, შემახსენეთ.
ან როგორ უნდა ყოფილიყო უცხო და ახალი 3 საათიანი გადაცემა!!! არადა, ანონსი ძალიან ძლიერ მოლოდინს ქმნიდა. ასეთი ანონსის გარეშე რომ მენახა ეს ყველაფერი, ბევრად უკეთესი მომეჩვენებოდა, რადგან ნაკლები მოლოდინი მექნებოდა.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა ქართულ მედიაში, როცა ჟურნალისტი ასე ცდილობს გააკეთოს განსხვავებული და ორიგინალური გადაცემა.

***
რამდენი სისპეტაკე და "სისათუთეა" ჩვენ გარშემო


Saturday, 27 March 2010

თსუ-ს სტუდენტური გაზეთები: მოგონებები, სიახლები და პრობლემები


უცნაურია, მაგრამ 2006 წელს, როცა სტუდენტი გავხდი, ერთადერთი სტუდენტური გაზეთი იურიდიულ ფაკულტეტს ჰქონდა. გაზეთს საკმაოდ საბჭოური სახელი, `ახალგაზრდა იურისტი` ერქვა და სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებით გამოდიოდა, რაც, ჩემი აზრით, საკმაო შეზღუდვებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის ერთადერთ სტუდენტურ გაზეთში წერა გადავწყვიტე. უზომოდ გამიხარდა, როცა ერთ დღეს აჩიკო კაიკაციშვილმა დამირეკა და მითხრა, ჩვენი გუნდის წევრი ხარო. ასე დაიწყო და დაიწყო : ))

გაზეთის წევრები უნივერსიტეტში საკმაოდ აქტიური და მოაზროვნე სტუდენტები აღმოჩნდნენ. თვეში რამდენჯერმე მე-8 კორპუსში, გაზეთისთვის გამოყოფილ პატარა ოთახში ვიკრიბებოდით ე.წ. სხდომებზე. ვკამათობდით ბევრს, თუ რა უნდა გასულიყო, როგორ უნდა გასულიყო, ვინ რას დაწერდა და ასე შემდეგ.
ერთი წლის შემდეგ `ახალგაზრდა იურისტი` `თსუთაიმსმა` შეცვალა.
ამ გაზეთებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სტუდენტები ვაკეთებდით. ჩვენ ვწერდით, ვარედაქტირებდით, ვავრცელებდით და ხანდახან ჩვენვე ვკითხულობდით (აჩი, არ გეწყინოს :) ) თუმცა, რედაქციის გული და სული, მამა და ბურჯი, უპირობოდ აჩიკოა. ჩემთვის ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უყვარდეს ადამიანს თავისი საქმე და იყოს მისი ერთგული.

ერთი საინტერესო პროცედურა გვქონდა გასავლელი რედაქციას ყოველი არჩევის მერე (წლის დასაწყისში ახალი რედაქცია კომპლექტდებოდა ხოლმე), ვირჩევდით მიმართულებების ხელმძღვანელებს, პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელს, პიარმენეჯერს :) თქვენ წარმოიდგინეთ და პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელობის პატივი მეც მხვდა :) , თუმცა დიდხანს აღარ გავჩერებულვარ და მალე, შარშან დეკემბრის ბოლოს დავტოვე რედაქცია. მიმაჩნდა, რომ გაზეთში ჩემი თავი ამოვწურე, ახალს ვერაფერს ვაკეთებდი და გაზეთისგანაც მივიღე ყველაფერი, რაც უნდა მიმეღო: გავიცანი უნივერსიტეტში ძალიან აქტიური სტუდენტები, ვიყავი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში :) , გამოვიმუშავე ჟურნალისტისთვის საჭირო უნარები. თანაც იმდროისთვის რამდენიმე გაზეთში დავიწყე წერა და, უბრალოდ, ვეღარ ვასწრებდი.
როცა გაზეთიდან წამოვედი, ბევრი ძალიან თბილი sms მივიღე, ბანალურია, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ მართლა ღირდა ჩემი სტუდენტობის ამ საქმისთვის დათმობა. ჩემი ადგილი კი ნათია თამაზაშვილმა, ძალიან ჭკვიანმა და მოტივირებულმა ადამიანმა დაიკავა . დღეს გავიგე, რომ ნათია მე-3 კურსის სტუდენტმა ნინი ჯაჯანიძემ შეცვალა. მე მგონი, ნინის ყველაზე რთულ დროს უწევს გაზეთის მართვა, როცა `თსუთაიმს` ფინანსური პრობლემების გამო, მხოლოდ ონლაინ უწევს მუშაობა. მე მთელი გულით ვუსურვებ ნინის წარმატებებს და გაზეთის ფეხზე დაყენებას.

Friday, 19 March 2010

შეთავაზება ჟურნალისტებს

გამოდის ახალი გაზეთი „ჩემი პოზიცია.“ გაზეთის რედაქცია ატარებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის. სამუშაო გამოცდილებას, ასაკს, სქესს და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ, ანუ 20 მარტს იქნება გასაუბრება წერეთლის 117-ში, 304 ოთახი.
ანაზღაურებას რაც შეეხება, როგორც ვიცი, პირველი სამი ნომრის სტატიები არ ანაზღაურდება და თვე-ნახევრის მერე, რომელ ჟურნალისტებსაც დაიტოვებს რედაქცია, მათ ჩვეულებრივ აუნაზღაურდებათ შრომა.
ჟურნალისტები იქნებიან ყოველგვარი ცენზურისგან თავისუფლებიო, ასე მითხრეს მე :)
გაზეთი იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური და გამოვა 2 კვირაში.

წარმატებები ყველას ვინც გადაწყვეტს გაზეთთან თანამშრომლობას.

Monday, 15 March 2010

აქცია: „ნუ იტყუები!“

გუშინ საღამოს ექსპრომტად გადავწყვიტეთ გოგოებმა, რომ გაგვეპროტესტებინა იმიტირებული „ქრონიკა“ და დილას შევიკრიბეთ მე-6 კორპუსის წინ. საინტერესო აქცია იყო, ცივილური, ემოციების გარეშე ვისაუბრეთ. რაც მთავარია პოლიტიკასთან ახლოს არ მივსულვართ. საერთოდ, საქართველოში აპოლიტიკური აქციები, როგორც წესი, არ ეწყობა, ან ეწყობა, მაგრამ მცირე მასშტაბით. არადა, მსგავსი აქციები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც ჩანს, დემოკრატიამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ, იქამდე კი, როგორც ლიკა იტყოდა, ხშირად მოგვიწევს რუსთაველზე გასვლა და ძახილი: შენ წადი! შენ მოდი!



ლინკები ჩვენი აქციის შესახებ:

http://24saati.ge/index.php/news/2010-03-15/4317

http://www.netgazeti.ge/GE/2/News/1109/

http://itv.ge/?p=54156

http://www.expressnews.ge/?p=3466


http://www.media.ge/ka/node/36644

პ.ს. ახლახან გამომიგზავნეს, სავარაუდოდ, გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის სატელეფონო ჩანაწერი , სადაც საუბარია რა ფორმით უნდა გასულიყო იმიტირებული „ქრონიკა“. თუ ჯერ არ მოგისმენიათ, ალბათ, დაგაინტერესებთ...


Sunday, 14 March 2010

სტუდენტებო, 15 მარტს, 12:00 საათზე დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვხატავთ პროტესტს 13 მარტს ტელეკომპანია 'იმედის' ეთერში გასულ იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით.
ჩვენ არ გვსურს, რომ მგავსი შემთხვევა კვლავ განმეორდეს და ამ მიზნით, ჩვენს თანატოლებს, სტუდენტ ჟურნალისტებს მოვუწოდებთ კარგად გაიაზრონ მომხდარი. გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ 14 მარტს ვარდების მოედანზე გამართულ აქციაზე პროტესტის გამოსახატად ჟურნალისტების მცირე ნაწილი მივიდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სტუდენტები გამოიჩენენ გონიერებას და 15 მარტს, 12 საათზე, თსუ-ს მე-6 კორპუსის წინ, ნახევარი საათით მოვლენ და დააფიქსირებენ თავიანთ პროტესტს არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ. აქცია აპოლიტიკურია და ემიჯნება პოლიტიკურ პარტიებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 899 757907

Thursday, 11 February 2010

12 რჩევა ჟურნალისტებს

რამდენიმე თვის წინ თსუ-ში ლექციების ჩასატარებლად ჩამოსული იყო ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი გიუნტერ ფონ ლოევსკი. კურსი რომ საინტერესო იქნებოდა, ამას თქვენითაც მიხვდებით...
დღეს ძველ ბლოკნოტში შემხვდა ამ ლექციების ჩანაწერები და გადავწყვიტე ბლოგზე დამედო ლოევსკის 12 რჩევა ჟურნალისტებს.
ბევრ საინტერესო და სასარგებლო რამეს აღმოაჩენთ :)
1. იყავი ყოველთვის ყურადღებით და კარგად დააკვირდი;
2. ბევრი ცოდნა შეიძინე;
3. იკითხე მუდმივად და კრიტიკულად. შეადარე შენი ნამუშევრები სხვისას;
4. ყოველდღე გაიცანი მინიმუმ 3 ადამიანი;
5. გამოიჩინე ინიციატივა და იყავი კრეატიული;
6. იყავი ბეჯითი, მომთმენი და საფუძვლიანი;
7. არ იყო პარტიული, იყავი მიუკერძოებელი და ყოველთვის მოუსმინე მეორე მხარეს;
8. როგორც ჟურნალისტს, გეჭიროს დისტანცია ყველასა და ყველაფრისადმი;
9. გაიზიარე ყველას ინფორმაცია და აზრი არ აურიო ერთმანეთში;
10. ილაპარაკე გასაგებად, მოერიდე რთულ ენას და მცდარ სათაურებს;
11. თავი აარიდე ვრცელ შესავლებს;
12. ისწავლე წერტილის დასმა. შეწყვიტე, როცა მორჩები.

Thursday, 4 February 2010

ერთი ბრუნვა ხომ არ დავამატოთ ქართულ ენას?

თქვენი არ ვიცი და მე კი საშინლად მაღიზიანებს ეს `შუაქალაქიზაცია` მთელ საქართველოში. უნივერსიტეტში, ქუჩაში ყველგან `შუა ქალაქის` ტერმინებით ლაპარაკობს ხალხი, რა უბედურებააა, ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ხალხიც კი `მაგარ`, `მშვენიერ` გაიძახის. ეს სერიალი მომწონდა აქამდე და უკვე ვეღარ ვუყურებ ამდენი `შუაქალაქიზაციის` მერე.
თუ პროცესი კიდევ გაგრძელდა და კიდევ არ დაივიწყა ხალხმა სიტყვის ბოლოხმოვანის ჩამოკვეცა, სავარაუდოდ, ქართული ენის გრამატიკაში ცვილებები უნდა შევიტანოთ. ეს სიტყვები ფორმით ზოგჯერ შედგენილი შემასმენლია, ზოგჯერ წოდებით ბრუნვას ჰგავს, ამიტომ შემოვიტანოთ ახალი ბრუნვა და დავარქვათ დათური ან შუალობითი ან რამე ისეთი სიტყვა, რაც ბრუნვის წარმოშობას უკავშირდება.

Sunday, 17 January 2010

რატომ არ უნდა გაღელვებდეთ ბლოგის არარეიტინგულობა?

ყველა ბლოგერს უხარია თავისი ბლოგის რეიტინგულობა, ბევრი კომენტარი... თუმცა თუ ვერც ერთი მათგანით ვერ დაიკვეხნით, გული არ გაიტეხოთ. მოდი, დავფიქრდეთ, რომელია ყველაზე გაყიდვადი გაზეთი? ჟურნალი? როგორც წესი, საზოგადოების დიდ ნაწილს ღირებული იშვიათად მოსწონს. აბა რაღა ბლოგების შემთხვევა უნდა იყოს გამონაკლისი? პირიქით, ნაკლებად ღირებულისა და უხეშად რომ ვთქვათ, გოიმურად წერის და მორთვის ასპარეზი ბლოგებზე უფრო მეტია, ვიდრე ჟურნალ-გაზეთებში. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ასეთ ბლოგებს არ ვკითხულობ, პირიქით, ყოველთვის მაინტერესებს რა აინტერესებს საზოგადოებას (ისევე, როგორც ჟურნალ-გაზეთების შემთხვევაში). სამწუხაროდ, არ მაქვს ბევრი დრო, რომ კარგად გავეცნო ბლოგებს, მაგრამ ზოგადად რასაც ვუყურებ, ბლოგის ავტორები უამრავ გრამატიკულ შეცდომას უშვებენ, უაზროდ იყენებენ ინგლისურ სიტყვებს სათაურებსა და ტექსტებში და შინაარსობრივადაც დიდად არ გასხვავდებიან ერთამენთისგან. თუმცა ბევრი ბლოგი მომწონს, მათ შორის თაზოს ბლოგი, თაას ბლოგი და არამატო ესენი...
რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ თუ ბლოგს ცოტა ვიზიტორი ჰყავს, მისი ავტორი აუცილებლად ღირებულს წერს, უბრალოდ ამის უფრო მეტი შანსია.
შენ როგორ ფიქრობ, ძვირფასო მკითხველო?

Friday, 25 December 2009

დღეს ბავშვთა სახლში ვიყავი...

ინტერნატების ფორმის შეცვლაზე გაიგებდით, ალბათ... ტელეში სიუჟეტს ვაკეთებთ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაზე და დღეს ერთ ბავშვთა სახლში ვიყავი. მინდოდა გმირი გვყოლოდა და მის ისტორიაზე ამეგო სიუჟეტი, მაგრამ ბავშვების გახსნა ძალიან გამიჭირდა, საერთოდ პირველად მქონდა შეხება ინსტიტუციაში გაზრდილ ბავშვებთან და ძალიან რთული ყოფილა. რომ ვერ ხსნი და ვერ ალაპარაკებ, ეგ ხო ცუდია და რომ ალაპარაკებ, თურმე, მაგაზეც შეიძლება ინერვიულო... :( ერთს ვკითხე თოვლის ბაბუამ რა გინდა მოგიტანოს, ყველაზე მეტად რას ინატრებ-მეთქი და მიპასუხა, ვიცი, მაინც არ შემისრულდებაო, მაინც მითხარი-მეთქი, მრცხვენიაო და ბოლოს, დედიკო და მამიკო მინდა შერიგდნენო, თვალები მოუწყლიანდა, ისეთი საყვარელი იყო, გული დამეწვა :( იქნებ მერე ინანა კიდეც თავისი გულწრფელობა, იქნებ არც ინანა, მარა ვნერვიულობ რამე ტკივილი ხომ არ მივაყენე, მე ხო იმიტომ ვალაპარაკებდი, რომ კარგი სიუჟეტი გამომსვლოდა, დაახლოებით ვიცოდი რა სურვილი ექნებოდა და სწორედ ამიტომ ვკითხე, ამის მოსმენა მინდოდა, თორე მაინც ვერაფერს შევუსრულებდი, ანუ მის ემოციებზე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ეგ არ მომეწონა...

p.s. ხშირად ისე ხდება, რომ ჟურნალისტები კარგი მასალის მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებენ და გულს სტკენენ სხვებს, ძალიან არ მინდა, რომ მათ რიცხვში მეც აღმოვჩნდე. არ ვაპირებდი ბავშვთა საკითხების გაშუქების აღებას, მაგრამ დღეს გადაწყვიტე აუცილებლად გავიარო მომავალ სემესტრში.

Tuesday, 8 December 2009

გადავწყვიტე :)


წინა პოსტის გაგრძელება

გადავწყვიტე აღარ დავწერო, უფრო სწორად, რედაქტორმა მითხრა ასე, არ გვინდა ეგ მასალაო. ძალიან გამიხარდა.

ბოდიში ნინოს და ლიკას გუშინ ტყუილად რომ ვატარე აქეთ-იქით :)

Monday, 7 December 2009

როგორ მოვიქცე? მირჩიეთ ყველამ!

გუშინ დილით ლექციაზე ვიყავი ჩვეულებრივ, ჩემს მეგობარს ვემესიჯებოდი, რომელიც ასევე ლექციაზე იყო სხვაგან. სასხვათაშორისოდ მომწერა, რომ მის უნივესიტეტში ლექტორმა ბავშვს სცემა და მერე დიდი ამბები დატრიალებულა. რა მაგარი სკანდალია, ახლავე მოვალ, სტატიას დავწერ-მეთქი. ცოტა ხანში წავედი, უკვე სიმშვიდე იყო, ფაკულტეტის დეკანმა დამიდასტურა, რომ მართლაც მოხდა ასეთი რაღაც და ეს ლექტორი გათავისუფლებულია. საღამოს გავიგე, რომ ამ ლექტორს თავის მოკვლა უცდია, ანუ ძალიან ნევიულობს მომხადარს. ახლა ჩემი სტატია რომ გამოქვეყნდეს და ქვეყანამ წაიკითხოს, მეშინია, ამ ქალმა არაფერი დაუშავოს საკუთარ თავს. ეჭვი მაქვს, ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს. ჰოდა, არ ვიცი როგორ მოვიქცე. თვითონ ამბავი ძალიან სკანდალურია, თან უკვე ნამუშევარი მაქვს, გუშინ ავტოსკოლა გავცდინე მაგის გულისთვის... მერე გვიანობამდე ვცდილობდი დამეთახმებინა კომენტარზე თვითმხილველი ბავშვები, საბოლოოდ ვერ ვითანხმებ მგონი...

არ ვიცი, როგორ მოვიქცე. იქნებ, თქვენც მირჩიოთ, ღირს ამ ამბის გახმაურება? 

p.s. შეგნებულად არ ვასახელებ სად და როდის მოხდა, იდენტიფიკაფია რომ არ მოახერხოთ :)

Friday, 27 November 2009

ტელევიზია VS PR სკოლა


'იმედის' ჟურნალისტების პრესსამსახურებში გადაყვანა გრძელდება. მანანა მანჯგალაძის შემდეგ ვახო სანაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის უფროსად გადაიყვანეს(ხელფასი 1700 ლარი ექნება:)). როგორც გავიგე, ახალი სამსახურის პარალელურად, იმედში მუშაობას გააგრძელებს ...  

სანაია თსუ-ს პრესსამსახურში 18 ნოემბერს დაინიშნა, 20-ში კი თსუ-ს იმედის გენერალური დირექტორი, გიორგი არველაძე ეწვია. როგორც ხედავთ, სანაიამ პიარსამსახურში მუშაობა ნაყოფიერად დაიწყო :)

Thursday, 24 September 2009

მეცნიერება ჟურნალისტიკა

ლექტორობა მინდა... პრაქტიკულ ჟურნალისტიკასთან ერთად, რა თქმა უნდა. რამდენიმე ინსტიტუტს მივაკითხე, იქნებ რამეში გამოგადგეთ და მეც ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილებას მივიღებ-მეთქი (მომავალში ლექტორობის პერსპექტივით). მომავალ კვირას გავიგებ ვინმე თუ დაინტერესდა ჩემით და რამეს თუ დამავალებენ. შარშან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში კონფერენციისთვის მოვამზადე თემა ქართულ მედიაში გენდერულ როლებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე. ძალიან სუსტი და არაფრისმთქმელი კი გამოვიდა, მაგრამ მე გულით ვეცადე, კარგი ყოფილიყო : )) ამ ზაფხულსაც მინდოდა რამე გამეკეთებინა, თუმცა ბოლოს თავი შევიკავე, ცოტა ხანში მედიის კვლევის მეთოდებს გავივლი და უფრო აზრიანად დავწერ, იმედია.
საერთოდ ჟურნალისტიკის მეცნიერება საქართველოში მგონი არ არსებობს. დიდი ხანია ვეძებ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულები არიან მედია-კვლევით და ახდენენ დაკვირვებას როგორ შუქდება ესა თუ ის საკითხი, ზოგადად როგორ ვითარდება მედია, გამოსცემენ რეკომენდაციებს და ა.შ. საერთოდაც რომ არ არსებობდნენ მსგავსი ორგანიზაციები, არც ეგ გამიკვირდება. არ მაქვს ილუზია, რომ სხვა დარგების განვითარების გარეშე მედია შეიძლება ყვაოდეს... მედია ხომ ბიზნესის ერთი სახეობაა და ბიზნესის სხვა სახეობების განვითარების პროპორციულად ვითარდება...