Friday 12 February 2010

ჟურნალისტიკის სტუდენტების საყურადღებოდ! :)

ეს ინფორმაცია ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს გეხებათ.
შეგიძლიათ გადმოწეროთ ცხრილი ამ ლინკიდან .
აკადემიური რეგისტრაცია, ანუ საგნების არჩევა დაიწყება, სავარაუდოდ, ორშაბათიდან.
ალბათ, იცით, რომ საბაკალავრო ნაშრომი გახდა არჩევითი და მხოლოდ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ...
წარმატებები ყველას :)

Thursday 11 February 2010

12 რჩევა ჟურნალისტებს

რამდენიმე თვის წინ თსუ-ში ლექციების ჩასატარებლად ჩამოსული იყო ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი გიუნტერ ფონ ლოევსკი. კურსი რომ საინტერესო იქნებოდა, ამას თქვენითაც მიხვდებით...
დღეს ძველ ბლოკნოტში შემხვდა ამ ლექციების ჩანაწერები და გადავწყვიტე ბლოგზე დამედო ლოევსკის 12 რჩევა ჟურნალისტებს.
ბევრ საინტერესო და სასარგებლო რამეს აღმოაჩენთ :)
1. იყავი ყოველთვის ყურადღებით და კარგად დააკვირდი;
2. ბევრი ცოდნა შეიძინე;
3. იკითხე მუდმივად და კრიტიკულად. შეადარე შენი ნამუშევრები სხვისას;
4. ყოველდღე გაიცანი მინიმუმ 3 ადამიანი;
5. გამოიჩინე ინიციატივა და იყავი კრეატიული;
6. იყავი ბეჯითი, მომთმენი და საფუძვლიანი;
7. არ იყო პარტიული, იყავი მიუკერძოებელი და ყოველთვის მოუსმინე მეორე მხარეს;
8. როგორც ჟურნალისტს, გეჭიროს დისტანცია ყველასა და ყველაფრისადმი;
9. გაიზიარე ყველას ინფორმაცია და აზრი არ აურიო ერთმანეთში;
10. ილაპარაკე გასაგებად, მოერიდე რთულ ენას და მცდარ სათაურებს;
11. თავი აარიდე ვრცელ შესავლებს;
12. ისწავლე წერტილის დასმა. შეწყვიტე, როცა მორჩები.

Thursday 4 February 2010

ერთი ბრუნვა ხომ არ დავამატოთ ქართულ ენას?

თქვენი არ ვიცი და მე კი საშინლად მაღიზიანებს ეს `შუაქალაქიზაცია` მთელ საქართველოში. უნივერსიტეტში, ქუჩაში ყველგან `შუა ქალაქის` ტერმინებით ლაპარაკობს ხალხი, რა უბედურებააა, ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ხალხიც კი `მაგარ`, `მშვენიერ` გაიძახის. ეს სერიალი მომწონდა აქამდე და უკვე ვეღარ ვუყურებ ამდენი `შუაქალაქიზაციის` მერე.
თუ პროცესი კიდევ გაგრძელდა და კიდევ არ დაივიწყა ხალხმა სიტყვის ბოლოხმოვანის ჩამოკვეცა, სავარაუდოდ, ქართული ენის გრამატიკაში ცვილებები უნდა შევიტანოთ. ეს სიტყვები ფორმით ზოგჯერ შედგენილი შემასმენლია, ზოგჯერ წოდებით ბრუნვას ჰგავს, ამიტომ შემოვიტანოთ ახალი ბრუნვა და დავარქვათ დათური ან შუალობითი ან რამე ისეთი სიტყვა, რაც ბრუნვის წარმოშობას უკავშირდება.

რა წესით დებენ კომპანიები ვაკანსიებს jobs.ge-ზე და რას ნიშნავს ობიექტური PR მენეჯერი

სტატიას ვაკეთებ დასაქმებაზე და jobs.ge-ს კარგად შესწავლა მომიწია. აღმოვაჩინე, რომ ყველა ვაკანსია, რომელიც გამოცხადებულია PR სპეციალისტის პოზიციაზე, აბსოლუტურად იდენტურ ძირითად მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, პასუხისმგებლობის სფერო/კომპეტენციას და ძირითად ფუნქციებს მოიცავს.
გასაგებია, რომ სავარაუდოდ, განცხადებებს საიტის ადმინისტრაცია წერს, მაგრამ საინტერესოა, რატომ არ აქვს დამსაქმებელს პრეტენზია, რომ თავად განსაზღვროს რა სჭირდება მის ორგანიზაციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ორგანიზაციები განსხვავებული პროფილისაა.

ცოტა ეჭვიც კი მიჩნდება, ეს განცხადებები ფორმალობას ხომ არ წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, სულერთი ხომ არ ხდება კომპანიისთვის რა მოთხოვნები იქნება მის ვაკანსიაზე.

და კიდევ, ყველგან პირველ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში პირველ ადგილზე წერია ობიექტურობა, ვერაფრით მივხვედრივარ რას ნიშნავს PR სპეციალისტის ობიექტურობა.

ესეც ზემოხსნებული განცხადებები

http://www.jobs.ge/geo/21871/
http://www.jobs.ge/geo/21767/
http://www.jobs.ge/geo/21719/