დღეს ambebi.ge-ზე ვკითხულობდი რაღაც სტატიას. მეზობლად საინტერესო შეკითხვები დავინახე, მივყევი და, აი, რა ვნახე :)))) mkurnali.ge-ზე ექიმი პასუხობს ხალხის შეკითხვებს:
შეკითხვა: - გამარჯობათ, ვარ 24 წლის ქალიშვილი, მე მაინტერესებს ამ ასაკში ქალიშვილობა პათოლოგიად ითვლება თუ ნორმაა? წინასწარ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.
პასუხი: - ალბათ ხუმრობთ. პათოლოგიად ითვლება თავაშვებული ცხოვრების წესი და გარყვნილება. ქალიშვილობა, თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე, რატომ უნდა ითვლებოდეს პათოლოგიად? კარგია, როცა ქალი ოჯახს ქმნის, შვილებს აჩენს და ამით ერს ამრავლებს, მაგრამ ტრაგედია არც ის არის, თუ ქალი ოჯახს ვერ შექმნის და სიცოცხლის ბოლომდე ქალიშვილი დარჩება. ქალიშვილობა არანაირ დაავადებას არ იწვევს და არც კარგი საქმეების კეთებას უშლის ხელს. თავშეკავება და საკუთარი ვნებების მართვა პიროვნების სიძლიერეზე და თავისფლებაზე მეტყველებს, თანაც არც მედიცინის თვალსაზრისითაა გაუმართლებელი და მორალურად კი მისასალმებელია. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხშირ და შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს მრავალი დაავადება, მათ შორის შიდსიც, მოჰყვება.
შეკითხვა: - დიდი ბოდიში ასეთი კითხვისთვის, ვარ 23 წლის, მაქვს სექსუალური ლტოლვები, გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ.
პასუხი: - ვერანაირ რჩევას ვერ მოგცემთ გარდა იმისა, რომ თუ თავს ვერ უმკლავდებით, მაშინ უნდა მიმართოთ სექსოლოგს ან ფსიქოლოგს.
შეკითხვა: - ბევრისგან გამიგია, ფეხმძიმობაში ქათმის ღვიძლიანი ხელი სახეზე არ მოისვა, თორემ ბავშვს სახეზე წითელი ლაქა დააჩნდებაო, ნუთუ მართალია? მადლობთ.
პასუხი: - ეს მხოლოდ ხალხში მოარული ცრურწმენა გახლავთ - მსგავსი რამ მეცნიერულად არავის დაუსაბუთებია.
შეკითხვა: - მაინტერესებს, კბილის კარიესს, ან მოუწესრიგებელ კბილებს - პირის ღრუს შეუძლია გამოიწვიოს ფეხმძიმობის ხელის შეშლა?
პასუხი: - არა, კბილის კარიესი არ შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი. უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რათა ჩაგიტარდეთ სრულყოფილი (ექოსკოპია, ჰორმონული ანალიზი, ნაცხის ანალიზი) გამოკვლევა. საჭიროა მეუღლეც იქნას ანდროლოგთან გამოკვლეული.