
მომავალი წლიდან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სასწავლო გრანტის პირველი 20% ჰუმანიტართა ყველაზე ნიჭიერი ნაწილის დაფინანსებაზე დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი 80%-ით საბუნებისმეტყველო სპეციალობების სტუდენტები დაფინანსდება.
ამის შესახებ თვითონ პრეზიდენტმა ისაუბრა გუშინ მასწავლებლებთან შეხვედრაზე. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის პირად შეხედულებას ეფუძნება:
"პრეზიდენტმა განმარტა, რომ მთელ მსოფლიოში მომრავლდა უმუშევარი იურისტები და ეკონომისტები, მაგრამ გაზრდილია მოთხოვნილება ტექნიკური მიმართულების სპეციალისტებზე: ”ჩვენ გვჭირდება ოფიცრები, მშენებლები, ინჟინრები, არქიტექტორები” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. იგეგმება ქალაქგარეთ საინფორმაციო-ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრის მშენებლობა, შეიქმნება ძლიერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს."
ფაქტია, გრანტის ასეთი განაწილება საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებაა და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა ჩატარდა თუ არა დასაქმების ბაზრის კვლევა საქართველოში და ვინ წყვეტს, რომელ პროფესიებზეა დღეს მოთხოვნა.
ვინმეს გჯერათ, რომ დღეს მშენებელი და ინჟინერი უფრო ადვილად დასაქმდება ვიდრე ეკონომისტი ან იურისტი? ძალიან მარტივად რომ ავიღოთ დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი, რომელიც ვაკანსიების სორტირების საშუალებას გვაძლევს და დავაკვირდეთ სტატისტიკას ამ წუთისთვის "მშენებლობა/ინჟინერია/ არქიტექტურა" ამ კატეგორიით 1 განცხადება მოიძებნება, ხოლო "საკანონმდებლო/იურიდიული მომსახურება" ამ კატეგორიით 12 განცხადება.
ბუნებრივია, ტექნიკური სპეციალობების პრიორიტეტულობის წინააღმდეგი არ ვარ, იქნებ მართლაც ფიზიკა-მათემატიკაშია ჩვენი შველა, უბრალოდ იქნებ როდისმე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ფაქტებს და სერიოზულ კვლევებს დაეფუძნოს და არა ემოციებს და პირად გადაწყვეტილებებს, თუნდაც ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი იყოს, როგორადაც მე სააკაშვილს მივიჩნევ.