ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მიკრობლოგინგის (ტვიტერი, ფეისბუქი და სხვა) აქტიური გამოყენება ბლოგინგის ხარჯზე ხდება. მიზეზი მარტივია - მიკრობლოგინგი შეტყობინების მოკლედ და მარტივად გადაცემის შესაძლებლობას იძლევა.
ერთ-ერთი პირველი აქტიური ქართველი ბლოგერი, დოდი ხარხელი, დღეს იშვიათად ანახლებს ბლოგს,თუმცა Facebook-ში დღის განმავლობაში არაერთ სტატუსს ცვლის. მიიჩნევს, რომ ეს საკმაოდ ბევრი ბლოგერის პრობლემაა: „როდესაც რამეს წააწყდები, მოგაფიქრდება, ფეისბუქზე/ტვიტერზე უცებ აშეარებ, ჯამში „იცლები“ და ემოციები, ფიქრები და ლინკები, ბლოგისთვის აღარ რჩება. ყველაფერი უკვე „დაიხარჯა“ ანუ ფეისბუქი რომ არ იყოს, ბლოგზე ყველა გაცილებით უფრო აქტიური იქნებოდა. ბლოგი იქნებოდა დასაცლელი ადგილი.“
თუმცა მსგავსი ტენდენციას უმეტესად ძველ ბლოგერები ამჟღავნებენ, რაც შესაძლოა, იმითაა გამოწვეული, რომ მათ ბლოგინგი უბრალოდ მობეზრდათ ან უკვე მიაღწიეს იმას, რისი მიღწევაც ამ ბლოგით სურდათ.
„ბლოგს წერ იმისთვის, რომ გარკვეული სახის CV-ია და იდეაში გულისხმობ იმასაც, რომ პოტენციური დამქირავებელი წაიკითხავს და ამით ფულსაც იშოვი. სხვაგვარად გიჟი უნდა იყო ან ძალიან მეოცნებე, რომ დრო და ენერგია ტყუილად ხარჯო. როდესაც უკვე ამ ანაზღაურებად სამსახურს ნახულობ, ნაკლები მოტივაცია გაქვს და მზად ხარ ფეისბუქზეც დაიცალო,“ - ამბობს ბლოგერი გოჩა გაბოძე. ის წელიწადია ბლოგს აწარმოებს და ამავე დროს მიკრობლოგინგის აქტიური მომხმარებელია, - „ვცდილობ, რომ ის თემა, რომელზეც ბლოგზე ვაპირებ დაწერას მხოლოდ მას შემდეგ დავაშეარო, რაც პოსტს დავწერ. პირიქითაც ხდება, როდესაც ტვიტერი და ფეისბუქი ბლოგზე დასაწერ იდეას მაწვდის. ორმხრივი პროცესია, მიკრობლოგინგი ბლოგინგს თან კლავს, თან აცოცხლებს.“
ბლოგერი თამუნა კარელიძე ფეისბუქს აქტიურად იყენებს, თუმცა მისთვის ბლოგი შეუცვლელია: „ფეისბუქზეც ვარ, ტვიტერზეც, მაგრამ ბლოგი ჩემთვის სხვაა. თუ რამე სტატიის დაწერა მომინდება, ფეისბუქის ჩანაწერებში წერას ბლოგზე დაწერა მირჩევნია და მერე იმის ფეისბუქზე, ტვიტერზე, ფორუმზე დადება...“
ერთ-ერთი გამოცდილი ქართველი ბლოგერი თათა მორჩილაძე ინფორმაციის გადაცემის წყაროს იმის მიხედვით არჩევს, თუ რა ოდენობის ინფორმაცია აქვს გასავრცელებელი: „თუ ბევრი გაქვს მოსაყოლი, ბლოგი ჯობს, თუ ცოტა შეიძლება არც კი დაწერო ბლოგზე და ეგრევე „მიასტატუსო“ ფეისბუქზე.“
ქართული ბლოგების აგრეგატორ blogroll.ge-ზე ამ დროისთვის 811 ქართველი ბლოგერია რეგისტრირებული, რომელთა საშუალო აქტივობა დღის განმავლობაში, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში 19-დან 305-მდე პოსტით განისაზღვრება.
მიკლობლოგინგი არა მარტო ადამიანს, არამედ სხვა ბევრ რამესაც "კლავს"–ამ ბოლოს იმდენ დროს უაზროდ ვატარებ ფეისბუქზეეეე...:(((
ReplyDeleteსად მიწერია მიკრობლოგინგი ადამიანს კლავს-მეთქი? :)))
ReplyDeleteგამარჯობათ! საინტერესო ბლოგი გაქვთ. მომეწონა.
ReplyDeleteმე დამწყები ბლოგერი ვარ და თუკი დაგაინტერესებთ იხილეთ ჩემი ბლოგიც http://jurnalistebi.blogspot.com/
გმადლობთ, ტარიელ. თქვენს ბლოგს დავიმატებ და გავეცნობი ხოლმე :) წარმატებებს გისურვებთ!
ReplyDelete