Friday 18 December 2009

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა დავრეგისტრირებულიყავი Facebook-ზე...

ეს ამბავი დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო, როცა მე მე-8 კლასში ვიყავი, წნორში ვსწავლობდი და ფეისბუქზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ face სახეს, ხოლო book წიგნს ნიშნავდა. სამაგიეროდ, ქართულის მასწავლებლისგან ვიცოდი გაზეთი `ჩვენი მწერლობა` და აქტიურად ვკითხულობდი. ერთხელ კი აბსოლუტურად დამოუკიდებლად გადავწყვიტე `ჰარი პოტერის` შესახებ წერილს გამოვხმაურებოდი. დავწერე წერილი და მელიქიშვილზე რედაქციაში ჩავაბარე. 90% დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს წერილს არათუ გამოაქვეყნებდნენ, არც კი წაიკითხავდნენ. ამიტომ არ გამკვირვებია, როცა ერთი თვის განმავლობაში გაზეთში ჩემს წერილს ვერ ვხედავდი, მე ის გამიკვირდა, როცა ერთი თვის მერე, გაზეთში ჩემი სახელი და გვარი რომ წავიკითხე. სიხარულისგან ვიკივლე, მახსოვს... მაგრამ მთავარი კიდევ წინ მელოდა... სიხარულმა რომ გადამიარა და გაზეთის კითხვა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ჩემს წერილს რედაქცია თავის გამოხმაურებასთან ერთად ბეჭდავდა...

ავტორი ირაკლი ლომოური საკმაოდ კარგად მიხსენიებდა... (`ჩვენს რედაქციაში რომ არ მოსულიყო მერვეკლასელი გოგონას ნინო გელაშვილის წერილი, და მთავარ რედაქტორს რომ არ დაევალებინა ჩემთვის, საგანგებოდ გამოეხმაურეო, არც ამ წიგნს წავიკითხავდი და არც ეს წერილი დაიწერებოდა.

ჯერ ორიოდე სიტყვას ვიტყვი ნინო გელაშვილის წერილზე. აშკარად ჩანს, რომ წერილის ავტორი იმ მოზარდთა კატეგორიას ეკუთვნის, ვინც ბრმად არაფერს იღებს, ვინც აზროვნებს, ვინც ცდილობს თვითონ გაერკვეს სამყაროსა და ცხოვრებაში, და ვისაც უკვე აქვს საკუთარი ფასეულობათა სისტემა და სწორი მსოფლმხედველობრივი ორიენტირები. ერთი სიტყვით, ასეთი ადამიანის, ასეთი პიროვნების მიმართ შენდაუნებურად სიმპათიით განეწყობი.Dდა სწორედ ამან გადაძლია ის ჩემი შინაგანი პროტესტი, რომელიც წინასწარ მქონდა `ჰარი პოტერის~ მიმართ, როცა ჩემს თავს ვეუბნებოდი _ პრინციპულად არ წავიკითხავ-მეთქი. და რედაქტორს უხმოდ დავემორჩილე...`) რა თავმდაბალი ვარ?! :)))

მას მერე ბევრი დრო გავიდა `ჩვენი მწერლობისაგან` მიღებული სიხარული განელდა, თუმცა სულ მახსოვდა. რამდენიმე დღის წინ facebook-ზე ირაკლი ლომოურმა დამამატა მეგობრებში, ვკითხე ის იყო თუ არა `ჩვენი მწერლობის` ავტორი და მართლაც ის ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ბევრი წლის წინ ძალიან, ძალიან, ძალიან გამახარა :) მერე 7 წლის წინანდელი დღე გამახსენდა, მაშინდელი სიხარული, როცა სახლში დამზადებულ კედლის გაზეთებსა და საბავშვო გაზეთებს გავცდი :) მართალია, იმ წერილს არაფერი ჰქონდა საერთო სტატიასთან და ძალიან მეცინება, მას რომ ვკითხულობ, მარა კარგი იყო, იცით რაა? მიზანსწრაფულობა! მინდოდა და გავაკეთე... გავაკეთე და დამიფასეს! :)

p.s. საღამოს ირაკლი ლომოურის მოთხრობების წაკითხვას ვაპირებ, საინტერესო სტატიები ჰქონდა ხოლმე და ალბათ მოთხრობებიც საინტერესო ექნება... ნაწილი აქაც არის

http://www.lib.ge/authors.php?1256

No comments:

Post a Comment